"ორჯერ გადავიტანე კლინიკური სიკვდილი" - ყველაზე სკანდალური საქმის ადვოკატი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს - კვირის პალიტრა

"ორჯერ გადავიტანე კლინიკური სიკვდილი" - ყველაზე სკანდალური საქმის ადვოკატი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს

"მოსამართლისთვის, ისიც კი შემითავაზებია, თუ გინდათ, ჩემს სიტყვას სიმღერით ვიტყვი-მეთქი"

ბოლო წლების ყველაზე სკანდალური - ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, მამაზე ოთარ რამიშვილსა და საკუთარი ცხოვრების დეტალებზე გვესაუბრება:

- ჩემში ორივე პროფესია თანაბრად არის: მუსიკოსიც და ადვოკატიც. მთელი დღე, რაც გინდა ურთულეს საქმეზე ვმუშაობდე არ არსებობს, რომ არ დავუკრა. გიტარა ოფისშიც თან მაქვს.

ადვოკატურაც თავის მხრივ ხელოვნებაა. ხომ გინახავთ სასამართლო პროცესზე ადვოკატი მონოტონურად, რომ საუბრობს. არადა, ადვოკატს სიტყვის წარმოთქმისას, მოსამართლესთან წარმოდგენის შესაქმნელად, საპაექრო სიტყვაში ძალიან ადგება ორატორული თვისება - დაბალი და მაღალი ინტონაცია, რაც არსებობს მუსიკაში და მე ხშირად ვიყენებ. მოსამართლისთვის, ისიც კი შემითავაზებია, თუ გინდათ, ჩემს სიტყვას სიმღერით ვიტყვი-მეთქი...

ლექსებს და სიმღერებს მუდმივად ვწერ, მაგრამ მგონია, რომ მამაჩემის, ოთარ რამიშვილის შემოქმედებას ვერ უდრის და ამიტომ, არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ კრებულად შემეკრა ჩემი ნაწერ-ნამღერი.

- ყველაზე ადრეული მახსოვრობა მამასთან ურთიერთობის...

- ძალიან პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმები, რომ შემოდიოდა ჩვენს ოთახში და ზღაპრებს გვიკითხავდა... "თინეიჯერობისას" ვცელქობდი და ხშირად ვმალავდი, რომ ოთარის შვილი ვიყავი. ისე გარდაიცვალა ოთარი, რომ შვილებს მამის მიმართ ხათრი უფრო გვქონდა, ვიდრე შიში, თუმც ის მკაცრი არ იყო.

- მუსიკისა და ადვოკატობის გარდა, სხვა პროფესიაზე გიფიქრიათ?

- არ ვიცი, პროფესია რამდენად შეიძლება ეწოდოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ ჩემი მომავალი პოლიტიკას დავუკავშირო. პოლიტიკოსობისკენ ნაბიჯის გადადგმის სურვილი ერთადერთია, შეიცვალოს სიტუაცია ქვეყანაში.

დღეს, პოლიტიკოსებს როგორც კი აირჩევს ხალხი, მათ ავიწყდებათ ვინ აირჩია ისინი. საკუთარ, ასე ვთქვათ "ბუნაგში" იკეტებიან და საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობენ. მე გამდიდრებისთვის არ ვფიქრობ პოლიტიკაში წასვლას. მინდა ხალხს გავაგებინო, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ცხოვრებაც დროებითია და ერთად უნდა ავაშენოთ ნორმალური ქვეყანა.

ისე, შემოთავაზება ბევრჯერ მქონდა. ერთ-ერთი ბოლო შემოთავაზება შემოდგომაზე, დედაქალაქის მერის არჩევნებზე მქონდა და გარკვეული მიზეზების გამო თავი შევიკავე.

- რას შეცვლიდით დედაქალაქის მერი, რომ იყოთ?

- ღმერთო ჩემო ყველაფერს შევცვლიდი. ჩვენს დედაქალაქს სხვაგვარი გაფრთხილება სჭირდება. ან ქუჩები რას ჰგავს, ან კორპუსები... კარგი მმართველი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა შენს სიტყვას ასრულებ და ქალაქს ქალაქს ამსგავსებ. მხოლოდ ლოზუნგებით კი, ეს შეუძლებელია.

გული მწყდება, რომ თბილისური ურთიერთობები აღარ არსებობს. საერთოდ ყველაფერი გაქარწყლებულია. ადამიანები ცივები გახდნენ. დღეს სიყვარულიც ანგარებაზეა აწყობილი. არარაობა ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც რაობა.

წესიერი და ქვეყანაზე მოფიქრალი კაცი დღეს უმცირესობაშია.

ქართულ მენტალიტეტად ვაქციეთ ის, რომ ეს ჩემი ბიძაშვილია, ის "ჩემიანია" და ვაპატიოთ. 21-ე საუკუნეში უზენაესი უნდა იყოს კანონი, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

- თქვენ დაგირღვევიათ კანონი?

- დამირღვევია, ოღონდ ახალგაზრდობაში და პასუხიც მიგია.

- ქუჩა იყო თქვენს ცხოვრებაში?

- ოთარს ჰქონდა ესეთი სტროფი: "ყველა თავის საფიქრალით, მიუყვება ნაცნობ ქუჩებს, ეს ქუჩაა ჩვენი ბედი. ზოგს კაცს ხდის და ზოგს აფუჭებს..." ეს ყველაფერი პირობითია. ყველაფერი მაინც ოჯახიდან მოდის. ადამიანმა თუ არ ისწავლა სად არის ზღვარი თავის-უფლების და სად იწყება სხვისი უფლება, არაფერი გამოვა.

ორჯერ გადავიტანე კლინიკური სიკვდილი და შეიძლება გითხრათ, რომ "იქაური ცხოვრება" საკუთარი თვალით ვნახე. სულიერად ჩემს განმტკიცებაში დიდი როლი ითამაშა პირველმა კონტაქტმა სასულიერო პირთან. 1991 წელს, სიკვდილს ძლივს გადარჩენილი მოსკოვიდან რომ ჩამომიყვანეს, მაშინ შევხვდი საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ეს შეხვედრა და მისი სიტყვა სულ მახსოვს.

ყველას გეტყვით, როცა გინდათ ვინმეს რამე მოსთხოვოთ, ჯერ საკუთარ თავს მოსთხოვე მკაცრად, ჩაიხედე სარკეში და ჰკითხე შენ თავს: შენ ვინ ხარ, რა გიკეთებია?

- ოთარ რამიშვილის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით...

- მამასავით მეც სიყვარულით შევქმენი ოჯახი და დღეს მეამაყება ჩემი სიყვარულის გვირგვინი - ჩემი შვილები. უფროსმა ლიზიმ ჩვენი გზა გააგრძელა, 20 წლის არის და ჟენევაში მუსიკალურ აკადემიაში სწავლობს ჩელოს განხრით. კონცერტებში მონაწილეობს და ხშირად დადის გასტროლებზე. ლიზიზე 8 წლით უმცროსი ბიჭიც მყავს.

- ახალი წლის სურვილები...

- ვისურვებდი სიტყვას ჰქონდეს თავისი ფასი. მომღიმარი თბილისი მენატრება. შური და ანგარება მინდა გაქრეს ამ ქვეყნიდან, გადაიკარგოს სადმე..

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)