გამოფენა "ნატო ვაჩნაძე" "ბილაინის" თანადგომით შედგა - კვირის პალიტრა

გამოფენა "ნატო ვაჩნაძე" "ბილაინის" თანადგომით შედგა

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ორი კვირის განმავლობაში ნატო ვაჩნაძისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენა - სახელწოდებით "ნატო ვაჩნაძე", სადაც წარმოდგენილია პასტერნაკის ხელნაწერები, ქართული კინოს დედოფლის ექსკლუზიური ფოტოები და დღემდე უცნობი საარქივო მასალა, კომპანია "ბილაინის" თანადგომით გაიმართა. გამოფენა "ნატო ვაჩნაძე" ხელოვნების სასახლეში 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის გარდაცვალების დღეს გაიხსნა. გამოფენის გახსნას ლეგენდარული ვარსკვლავის შვილებთან, შთამომავლებთან ერთად, ნატო ვაჩნაძის შემოქმედების ყველა თაობის თაყვანისმცემელი ესწრებოდა.

გამოფენა წარმოდგენილია ისეთი ძვირფასი სამუზეუმო მასალით, როგორიც არის ნატო ვაჩნაძის დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები ვენეციასა და პარიზში მოგზაურობის დროს, ქართველი დიზაინერების მიერ ნატოსთვის ექსკლუზიურად შეკერილი კოსტიუმების ესკიზები, ნატოს დღემდე დახურული ხელნაწერები, 1920-1940-იანი წლების აფიშები, რომლებიც მხოლოდ ხელოვნების სასახლეში ინახება.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ხელნაწერი წერილი, რომელიც მუზეუმში პირველად გამოიფინა და ცნობილ რუს მოღვაწეს ბორის პასტერნაკს ეკუთვნის. ამ ხელნაწერში პასტერნაკი ვაჩნაძის სილამაზითა და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით არის მოხიბლული.

მუზეუმში დაცულია სახალხო არტისტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სრულყოფილი მასალა. ელდარ შენგელაიამ აღნიშნა კიდეც, მუზეუმში დაცული მასალა უნიკალურია, მათ შორის ფოტოები, რომელთა შესახებ თავადაც არაფერი იცოდაო. ხალხის საყვარელი და მისაბაძი ქალბატონის შესახებ ყველა ინფორმაციამ ერთად, ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ხელოვნების სასახლე გამოფენას უძღვნის ქალს, რომლის გამოც არაერთ მამაკაცს გაუსვრია, რომლის სილამაზეზეც წერდნენ და სიტყვები არასდროს იყო საკმარისი, რომელიც XX საუკუნის ყველაზე მოდურ ქალბატონად აღიარეს და რომლის სახელიც ყოველთვის, ყველა დროში საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

გიორგი კალანდია, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი: "გამოფენის მოწყობა ბატონი ელდარ შენგელაიას იდეა იყო და ბატონი გიორგი შენგელაიას აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი ამ იდეის ხორცშესხმა. სხვათა შორის, ჩვენს მუზეუმშია დაცული ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი არქივი, რომელიც ქალბატონი ნატოს ცხოვრებასა და შემოქმედებას აღწერს.

KvirisPalitra.Geამ გენიალური მსახიობის მთელი პირადი არქივი, მისი შვილების, ბატონი გიორგის და ბატონი ელდარის თანხმობით, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადმოგვცა და ჩვენთან ინახება. აქ არის დაცული მისი სცენარები, პირადი ჩანაწერები, პირადი ფოტოები. გამოფენაზე მოსული სტუმრების რაოდენობაც მეტყველებს, რომ ნატო ვაჩნაძე მარად უკვდავი სახელია.

ეს გამოფენა ვერ შედგებოდა, რომ არა კომპანია "ბილაინის" და მისი წარმომადგენლების თანადგომა. ჩვენი მუზეუმი ამ თანადგომით "ბილაინისგან" განებივრებულიც კი არის. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ შევძელით გვემოგზაურა სამყაროში, რომელსაც ნატო ვაჩნაძის შემოქმედება ჰქვია, გარდა ამისა, "ბილაინის" ხელშეწყობით მოხდა გალაკტიონის უცნობი ფოტოების გადაცემა მუზეუმისათვის.

გამოფენით დაინტერესება ძალიან დიდია. რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონი ფაქტობრივად შეუჩერებლად რეკავს. რეკავენ სკოლებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან და ექსპოზიციის დათვალიერების სურვილს გამოხატავენ. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი უკვე დასრულდა. ამ გამოფენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ყველა დროს ამარცხებენ და სწორედ ასეთი იყო ნატო ვაჩნაძე."

ელდარ შენგელაია, კინორეჟისორი, ნატო ვაჩნაძის შვილი: "პირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა ამ წამოწყებისთვის. ეს არის ნატო ვაჩნაძის ფოტოების პირველი გამოფენა. პირველად გურჯაანში მოეწყო მისი მუზეუმი, იქ, სადაც ცხოვრობდნენ ანდრონიკაშვილები. ამიტომ მუზეუმი პატრონობდა დედას პირად ნივთებს, მუზეუმი იყო მასპინძელი იმ ადამიანებისა, ვინც ინტერესდებოდა ნატო ვაჩნაძის ცხოვრებით.

ჩვენ გადავწყვიტეთ, დედას ყველა ფოტოს ერთად მოვუყაროთ თავი. კიდევ უფრო მეტი ფოტომასალა არსებობს, ვიდრე გამოფენილია. არსებობს ძალიან საინტერესო ფოტოები, რომელთაგან ზოგი კინოში მის მოღვაწეობას, ზოგიც ცხოვრებას ასახავს. იმედი მაქვს, რომ ოდესღაც ყველა ის ფოტო ამ მუზეუმში დაიდებს ბინას.

მომავალში კი ყველა იმ ქველმოქმედი ადამიანის თანადგომით კიდევ უფრო მასშტაბური გამოფენის მოწყობას შევძლებთ. ის, რაც დღეს ნატო ვაჩნაძის შესახებ ხელოვნების სასახლეშია წარმოდგენილი, დიდი შრომის შედეგია, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა გამოფენის მოწყობაში."

გიორგი შენგელაია, კინორეჟისორი, ნატო ვაჩნაძის შვილი: "ძალიან მიხარია, რომ ამ გამოფენას ესწრებიან ის ადამიანები, ვინც დედას პირადად იცნობდა, მათ შორის ქალბატონი მარიკა და გიგა ლორთქიფანიძეები. გავა დრო, სხვა თაობები მოვლენ და მათ ნატო ვაჩნაძის შესახებ მისი ფილმებიდან და მუზეუმში დაცული საარქივო მასალებიდან უნდა შეიტყონ. ნატო ვაჩნაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა ძალიან ბევრია.

წლების განმავლობაში ფოტოარქივის ნაწილი ჩემთან სახლში ინახებოდა, ზოგი ელდართან, ზოგიც - თენგიზთან, ნაწილიც გურჯაანის მუზეუმში დავაბინავეთ. ახლა კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდა თითქმის ყველა ფოტო იქნას აღდგენილი და მიყვანილი გარკვეულ კონდიციამდე, რომ საექსპოზიციო ნიმუშად იქცეს. ყველას მინდა ვუთხრა მადლობა, ყველას, ვინც ამ გამოფენის მოწყობაზე იმუშავა."

მარიამ ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი, პროფესორი: "დიდი მადლობა ამ შესანიშნავი საქმის გაკეთებისთვის. ძალიან საინტერესო გამოფენაა. მქონდა ბედნიერება, ჩემი ოჯახის მეშვეობით პირადი ურთიერთობა მქონოდა ნატო ვაჩნაძესთან. დეიდაჩემი თამარ მიქელაძე და ბიძა ლევან ხოტივარი ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას უახლოესი მეგობრები იყვნენ. ეკრანზე მე მას ვუყურებდი როგორც ღმერთქალს, სახლში კი როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, რაც ჩემში გაოცებას იწვევდა.

ის იყო ერთგული მეგობარი, რაც ხშირად მსმენია დეიდაჩემისგან და დედისგან. ვუყურებდი და ვფიქრობდი ხოლმე, ნუთუ ეს ის ქალია, რომელსაც მე კინოში, ეკრანზე ვხედავ-მეთქი. ნატო ვაჩნაძე ის პიროვნებაა, რომელიც არ მოკვდება მანამ, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავისი ხელოვნება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა."

თეონა ბაღდავაძე, კომპანია "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: "დიდი მადლობა მინდა გითხრათ კომპანია "ბილაინის" და პირადად ჩემი სახელით, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების მონაწილე გავმხდარიყავით.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს გამოფენა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებელს, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ახალგაზრდებისთვის, რადგან ქართული კინოს ისტორია იწყება და წარმოუდგენელია ნატო ვაჩნაძის გარეშე. ის ფოტოები და ხელნაწერი დოკუმენტები, რომლების ხილვის საშუალება მოგვეცა, არის მართლაც უნიკალური და დიდი მნიშვნელობის მქონე ქართული კინოს ისტორიისთვის."

R