გარემოს დაბინძურებისთვის სულ 3 940 პირი დაჯარიმდა - ყველაზე ხშირად რა სახის ნაგვის დაყრისთვის ჯარიმდებოდნენ მოქალაქეები? - კვირის პალიტრა

გარემოს დაბინძურებისთვის სულ 3 940 პირი დაჯარიმდა - ყველაზე ხშირად რა სახის ნაგვის დაყრისთვის ჯარიმდებოდნენ მოქალაქეები?

მოგეხსენებათ, 2017 წლის 3 აპრილიდან, დედაქალაქში, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეით ინსპექტორებს, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში დაევალათ, ფიზიკური და იურიდიული პირები საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დაეჯარიმებინათ. პირველი-ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. 20 აპრილს კი გამკაცრებული სანქციები ამოქმედდა.

"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, სანქციების ამოქმედების დღიდან დღემდე ქვეითი ინსპექტორების მიერ გარემოს დაბინძურებისთვის 3 940 საჯარიმო ოქმი დაიწერა. 3 940 სამართალდამრღვევი პირიდან 1338 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ჯარიმებით შემოსული თანხის ოდენობა ჯამში 387 840 ლარით განისაზღვრა.

"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციითვე, დედაქალაქში ნაგვის დაყრის ფაქტზე 1 იანვრიდან დღემდე 116 საჯარიმო ოქმია შედგენილი. დაჯარიმებული პირებიდან 30 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამ პერიოდში დაწერილი ჯარიმების თანხის ოდენობამ 11 230 ლარი შეადგინა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში შედგენილია 1 217 საჯარიმო ოქმი. 1 217 სამართალდამრღვევი პირიდან 1084 ქართველი, 133 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჯარიმებისთვის გადახდილი  თანხა 114 000 ლარია. საჯარიმო ოქმები ძირითადად, შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალურ ნარჩენზე (მოქალაქეები ყველაზე ხშირად სიგარეტის ნამწვის, პოლიეთილენის პარკისა და ბოთლის მსგავსი ნარჩენების გადაგდებაზე ჯარიმდებოდნენ).