"ვერ წარმომედგინა, რომ თამარს ჩემი ხმით გაახმოვანებდნენ" - გოგონა, რომლის ხმითაც ცნობილ ვიდეოთამაშში თამარ მეფე ისაუბრებს - კვირის პალიტრა

"ვერ წარმომედგინა, რომ თამარს ჩემი ხმით გაახმოვანებდნენ" - გოგონა, რომლის ხმითაც ცნობილ ვიდეოთამაშში თამარ მეფე ისაუბრებს

თამარ მეფის ხმა ცნობილ კომპიუტერულ თამაშ Civilization-ში 21 წლის ანანო მახარაძე გახდა, შესაბამისად, Civilization VI: Rise and Fall-ის 9-ში თამარ მეფე ჯარს სწორედ მისი ხმით შემოუძახებს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპიუტერული თამაშის Civilization-ის ახალ ვერსიაში საქართველო და ქართული ცივილიზაცია გამოჩნდება. კომპიუტერული თამაშის მოყვარულები თამარ მეფისა და იმ ეპოქის საქართველოს ისტორიასთან გაცნობასა და საკუთარი სამეფოს სწორედ თამარ მეფის ხელით მართვას შეძლებენ.

ანანო მახარაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტია. ამბობს, რომ არასდროს არაფერი გაუხმოვანებია და კანადური Signal Space-ის მიერ მისი ხმის შერჩევა მისთვის მოულოდნელი იყო.

"ხმის შესარჩევი ტურის შესახებ მეგობრისგან შევიტყე, რამდენიმე წინადადება ჩავწერე და გავგზავნე. არ ველოდი, რომ დამიკავშირდებოდნენ, ვფიქრობდი, ჩემზე უფროსის ხმას შეარჩევდნენ. ზაფხული იყო და გაგზავნის მერე თბილისიდან წავედი, 1 კვირაში კი მეგობარი დამიკავშირდა და მითხრა, რომ კანადურმა კომპანიამ მე შემარჩია და დამატებით დეტალებზე გასაუბრება სურდათ" - იხსენებს ანანო.

თავად Civilization-ი არასდროს უთამაშია, არც მისი გახმოვანებული პერსონაჟის საბოლოო ვერსია უნახავს, თუმცა ამბობს, რომ გამოსვლის შემდეგ აუცილებლად ითამაშებს და გაუხარდება, თუ ტურს წარმატებით დახურავს.

"არ ვიცი, ჩემი ხმა პერსონაჟს როგორ მოერგო, ჯერ არ მინახავს. ხმის ჩაწერის დროს, რომელიც ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, ქართულ კომპანიასთან ერთად კანადელებიც მეხმარებოდნენ, ისინი "სკაიპით" გვერთვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მაგალითად, "ახლა ჯარს შემოუძახე", რამდენჯერმე მაყვირეს, ბევრი რამ მოეწონათ, ბევრი თავიდან ჩავწერე, საბოლოო ჯამში კი მგონი კარგი გამოვიდა", - აღნიშნავს ანანო. გაგრძელება