"ერს, სადაც ოკუპაციის წინააღმდეგ აქციაზე 100 კაცი გროვდება, მარიხუანას დეკრიმინალზიციის მოთხოვნით კი 10 000-ზე მეტი, ვფიქრობ, მომავალი არ აქვს" - კვირის პალიტრა

"ერს, სადაც ოკუპაციის წინააღმდეგ აქციაზე 100 კაცი გროვდება, მარიხუანას დეკრიმინალზიციის მოთხოვნით კი 10 000-ზე მეტი, ვფიქრობ, მომავალი არ აქვს"

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის შეფასებამ საქართველოსა და ქართველი ერის შესახებ.

ფრანგი ფოტოგრაფი წლებია საქართველოში მოღვაწეობს. მან ქართველი საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიიქცია, როდესაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ფრანსის პრიმერსკი მთავრობას და ქართველებს მოუწოდებს გადაარჩინონ სვანური სოფელი ადიში.

ფრანსის პრიმერკსის ტელეკომპანია "იბერია" ესაუბრა.

"საქართველოსთან უკვე ათწლიანი რომანი ამქვს. პირველად აქ ანსამბლ "ერისიონთან" ერთად ჩამოვედი ცნობილი კლიპის, "ქართული ლეგენდის" გადამღები ჯგუფის წევრი ვიყავი. როდესაც "ერისიონის" გუნდს შევხვდი, შოუ-ბიზნესში უკვე აქტიურად ვიყავი ჩართული, მიმუშავია ჯეიმს ბრაუნთან, ჯო კოკერთან, "სკორპიონთან" სანტანასთან, "ერისიონი" რომ არა, საქართველოში ალბათ არასოდეს მოვხვდებოდი, ახლა კი წელიწადის ნახევარს თქვენთან ვატარებ, მარტივად რომ გითხრათ, ერთი გადარეული ფრანგი ვარ, რომელიც თქვენმა სიმღერებმა, ცეკვებმა და სუფრამ გააგიჟა".

კითხვაზე რა არის მისთვის საქართველო, ფოტოგრაფი ასე პასუხობს:

"საქართველოს ბოლო 10-15 წელია აშკარა პროგრესი აქვს, ოღონდ ამ პროგრესს აქვს როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარე. ჯერ ცუდი მხარით დავიწყოთ. ცოტა ხნის წინ ქუთაისში ვიყავი და შევღონდი ისეა დანაგვიანებული - პაკეტები, ბოთლები ყველგან, ხის ტოტებშიც კი, ამ ქვეყანას დიდ პატივს ვცემ და გული მატკინა ამ ყველაფერის ნახვამ. საკუთარ ქვეყანას და ბუნებას რომ პატივი უნდა სცე და მოუარო, ამას მგონი სკოლაშივე გასწავლიან, მაგრამ როგორც ჩანს, ვიზრდებით და გვავიწყდება, ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება. მაგალითად ევროპაში ცელოფნის პაკეტები აკრძალეს. იგივე სიტუაციაა თბილისშიც. ქალაქი სავსეა მანქანებით, ჰაერი კი ისეა დაბინძურებული, უკვე სუნთქვა ჭირს. რადგან აქ ვცხვორობ თავს მეც ქართველად მივიჩნევ და მაწუხებს ეს ამბავი.

... საერთოდ არ მინდოდა პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვახსენო, ერს, სადაც ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 100 კაცი გროვდება, მარიხუანას დეკრიმინალზიციის მოთხოვნით კი 10 000-ზე მეტი, ვფიქრობ ამ ერს მომავალი არ აქვს. არაფერი მაქვს მარიხუანას საწინააღმდეგო, მაგრამ ვფიქრობ პრიორიტეტების სწორად განაწილება უნდა ისწავლოთ".

კითხვაზე, ვის ან რას აბრალებს ფოტოგრაფი ამ პრობლემების არსებობას, ფრანსის პრიმერსკი ამბობს:

"ამ ქვეყანაში მე სტუმარი ვარ, რასაც ვხედავ იმას ვამბობ, ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა განათლებაში, აღზრდაში და შეგნებაშია, ვფიქრობ გამოსავალი განათლებაში და არსებული მენტალიტეტის შეცვლაში უნდა ვეძებოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება. უამრავი რესურსი გაქვთ წარმატების მისაღწევად, მაგრამ რატომღაც არ იყენებთ, ძალიან საწყენია".