სკოლა "ლოგოსი" - გააზრებული ნაბიჯი წარმატებული მომავლისაკენ - კვირის პალიტრა

სკოლა "ლოგოსი" - გააზრებული ნაბიჯი წარმატებული მომავლისაკენ

ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც არაერთი კერძო და პრესტიჟული საჯარო სკოლა არსებობს, ახალი სკოლა გამოჩნდა - "ლოგოსი". ეს გახლავთ მესამე საფეხურის სკოლა (X, XI და XII კლასელებისათვის) და ამდენად დიდად საპასუხისმგებლოც.

თბილისში დღეს უამრავ შემოთავაზებას ნახავთ უფროსკლასელთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. "ლოგოსი" გაცილებით მეტს გვთავაზობს. ეს არ არის მოკლევადიან წარმატებაზე ორიენტირებული დაწესებულება, არამედ ასწავლის აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღებასა და თავის დამკვიდრებასაც კი, რაც სათანადო განათლებასთან ერთად მომავალი წარმატების სრული გარანტიაა.

"ლოგოსის" დირექტორს გია მურღულიას კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება. მან დაწვრილებით გვიამბო სკოლის შესახებ, რომელიც თავისი შემოთავაზებებით მართლაც უალტერნატივოა:

- ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან საკაცობრიო ღირებულებებზე.

განათლების ხარისხზე როცა ვსაუბრობთ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებელს. ჩვენს სკოლაში შეკრებილია მასწავლებელთა ელიტური გუნდი.

გამოვაცხადეთ კონკურსი და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი მოვიდა. საუკეთესოთა შორის საუკეთესოებზე შევჩერდით. გვყავს ისეთი მასწავლებლებიც, თბილისში რომ კარგად იცნობენ, მაგალითად, მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლის გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ძალიან პოპულარულია ჩვენს საზოგადოებაში.

მისი პროფესიული რეიტინგი მაღალია. ჩვენთან ასწავლიან უცხოელი პედაგოგებიც და ასწავლიან არა მარტო იმ საგნებს, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნული გეგმით. ბავშვმა რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გამოცდები უნდა ჩააბაროს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა ძირითად საგანში, ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრება. ამის გარანტიას სკოლაში არსებული სწავლის დონე მოგცემთ, მაგრამ "ლოგოსი" კიდევ უფრო მეტს იღებს თავის თავზე, ვიდრე მხოლოდ განათლების მიცემაა.

ჩვენ ბავშვს დავეხმარებით უმაღლესი სასწავლებლის შერჩევაში, იქნება ეს საქართველოში თუ უცხოეთში, დავეხმარებით საზღვარგარეთ არსებული სასწავლებლების კარგად შესწავლაში, რომ გაიგონ, რომელი სასწავლებელია მათთვის ყველაზე მეტად მისაღები და მისაწვდომი როგორც ინტელექტით, ისე მატერიალური შესაძლებლობითაც. მოვამზადებინებთ დოკუმენტაციას უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, რაც მართლაც საკმაოდ რთულია. ვეხმარებით დაფინანსების მოპოვებაშიც, ვუხსნით, რა არის საჭირო, რომ ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვონ.

სკოლა მთელი დღის განმავლობაში ცოცხალი იქნება. აქ განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. ერთი ჩემი საავტორო პროექტია, ჰქვია "შვიდი დღე". კვირის თითოეულ დღეს ბავშვებს თითო სამყაროში შევიყვანთ. პირველი დღე ლიტერატურისა იქნება, მეორე - მუსიკის, მესამე - ისტორიის, მეოთხე - მხატვრობის, მეხუთე - გერმანისტიკის, მეექვსე - პოლიტიკის, მეშვიდე - იუმორის დღე. თითოეულ დღეს ბავშვები შეხვდებიან ადამიანს, რომელსაც დიდი აღიარება აქვს ამ სფეროში.

ჩვენ ეს პროექტი უკვე გამოვცადეთ და უდიდესი დაინტერესება ჰქონდა არა მარტო ბავშვების მხრიდან. ბაკურიანში იმ სასტუმროს ყველა ბინადარი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ყველაფერს. ლიტერატურის დღეს მოვიწვიეთ რატი ამაღლობელი, ჟურნალისტიკის დღეს - დაჩი გრძელიშვილი, მხატვრობის დღეს - გიორგი გეგეჭკორი...

ამ პროექტის მიზანია, ბავშვებმა უკეთ გაიცნონ მათთვის საინტერესო სფეროები.

მეორე პროექტი ბავშვებს პროფესიის შერჩევაში დაეხმარება. დღეს რა პროფესიებს ირჩევენ? - ეკონომიკურ მეცნიერებასთან დაკავშირებულ პროფესიებს, ძალიან პრაგმატულად მოაზროვნე თაობა მოდის... ჩვენ ბავშვებს მოვუმზადეთ პროექტი "გაცნობიერებული არჩევანი", რომლის ფარგლებშიც იქნება შეხვედრები ამა თუ იმ პროფესიის ყველაზე წარმატებულ ადამიანთან და ბავშვებს საშუალება მიეცემათ, ნახონ, სად და როგორ მუშაობენ მათთვის საინტერესო პროფესიის ადამიანები. ზოგჯერ ადამიანი შეცდომას უშვებს პროფესიის არჩევისას და ეს მისი ცხოვრების ტრაგედიად იქცევა ხოლმე. ამას თავიდან ავიცილებთ.

ჩვენ ვასწავლით როგორ უნდა იმუშაოს ბავშვმა თავის თავზე, როგორ უნდა სრულყოს მუდმივად თავისი თავი. ჩვენ არა მარტო იმისთვის მოვამზადებთ ბავშვებს, რომ კარგად ისწავლონ და კარგად ჩააბარონ გამოცდები, არამედ მოვამზადებთ რეალური ცხოვრებისათვის.

არსებობს პიროვნება ნებისყოფის გარეშე? - არ არსებობს. იცნობთ სკოლას, რომელიც ზრუნავს ბავშვებში ნებისყოფის გამოწრთობაზე? პირადად მე არ ვიცნობ. ჩვენ სერიოზულად ვიფიქრეთ ამაზე, როგორ გამოვუმუშაოთ ნებისყოფა ბავშვებს.

ბავშვები ისწავლიან, რომ თავად მართონ სურვილები და არა პირიქით, ისწავლიან დამოუკიდებელ აზროვნებასა და გადაწყვეტილების მიღებას, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებასაც. საქართველოში რამდენი იცით, რომ ლამის 40 წლის კაცი და ქალი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და ისევ მშობლებზე არიან მიკედლებული?

კარგად შევისწავლე ქართული ხასიათი. ჩვენ ვართ ემოციურები, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ გვაკლია ობიექტური ხედვის კულტურა. ეს კი დიდ წინააღმდეგობას გვიქმნის. ჩვენ ობიექტურ ხედვას ვასწავლით ბავშვებს.

საქართველოში ფრიად აგდებული დამოკიდებულება გვაქვს დროის მიმართ. ჩვენ ვასწავლით დროის პატივისცემას. აქ არ იარსებებს დაგვიანება.

მიზანსწრაფულობა და მიზნისაკენ მიმავალი გზის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამასაც ვასწავლით.

ამ ყველაფერს, რაც ჩამოგითვალეთ, მსოფლიოს საუკეთესო სკოლებში აპრობირებული მეთოდებით მივაღწევთ.

- რასაც გვიამბობთ მისაღები და კარგია, მაგრამ რამდენად შესრულდება ეს ყველაფერი?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირებები შესრულდება. ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება. განათლების ხარისხი ორი კომპონენტისაგან შედგება - ეს არის სწავლების ხარისხი და სწავლის ხარისხი.

სწავლება რომ მაღალ დონეზე იქნება, ამას პედაგოგები უზრუნველყოფენ, მათივე მიზანია სწავლის მაღალი დონის მიღწევაც. ორიენტაცია იქნება თითოეულ მოსწავლეზე, მიდგომა ძალიან ინდივიდუალური იქნება. კლასში მაქსიმუმ 14 მოსწავლე გვეყოლება. ეს რაოდენობა საჭიროა ჯგუფური მუშაობისათვის. უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მასწავლებელმა უნდა აღმოაჩინოს ნიჭი და სრულყოს ის.

- საჯარო სკოლებიდან მოსულ ბავშვებს, რომლებმაც სწავლების ორი საფეხური გაიარეს და მათი ცოდნა და უნარები ვერ დააკმაყოფილებს ასეთ მაღალ მოთხოვნებს თქვენს სკოლაში რომ არის, არ მიიღებთ?

- მოსწავლეებს გასაუბრების საფუძველზე მივიღებთ, მათ მინიმალური მოთხოვნები მაინც უნდა დააკმაყოფილონ.

სკოლის მისამართია: ჩერქეზიშვილის ქუჩა #4;

ტელეფონი: 47-54-45; 37-70-08

R