პოლიციის კურიოზები, ანუ "იქ არ ჩავარდი, ახპერ"
15-01-2018
პოლიციის კურიოზები, ანუ "იქ არ ჩავარდი, ახპერ"
პოლიციის კაპიტანი დავით ლომაური წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ყოფილი ძალოვანი პროფესიული საქმიანობიდან სახალისო თავგადასავლებზე გვიამბობს:

  • ვაკის პოლიციის სამმართველოში პოლიციის უფროსთან მორიგე შემოვიდა და მოახსენა, თქვენთან სტუმარია ლენინაკანიდანო. გაგვიკვირდა, საიდან-სადაო. მორიგეს უთხრეს, შემოიყვანეო, იღება კარი და, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ჩვენი კოლეგა ლერი ნაკანი შემოჰყავთ.

  • დიდხანს ვიმუშავე ისნის რაიონში, სადაც ეთნიკური სომხები ცხოვრობენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ქართულად ესაუბრათ. ქალაქის ტელეფონიდან ერთ სომხურ ოჯახში ვრეკავ, ვამოწმებ, სახლში არიან
    თუ არა. ვიკითხე ვიღაც გამოგონილი სახელი და იქიდან პასუხი: იქ არ ჩავარდი, ახპერ.

 

  • სტაჟიანი ნარკომანი შემხვდა აღშფოთებული - კაცო, იმდენჯერ ვარ დაჭერილი, მეგონა, მეჩნიკოვზე (სადაც ნარკოლოგიური იყო) ვარსკვლავს გამიხსნიდნენ და მეტადონის უფასო პროგრამაშიც კი არ მსვამენო.

  • ღამით მორიგეობის დროს, ლესელიძის ქუჩაზე, კაფეში ვისადილეთ (იმხანად ქუჩაზე ის
    ერთადერთი კაფე იყო). მოკლედ, იქ გავიცანით დაახლოებით 50 წლის იტალიელი მამაკაცი და 30 წლის ამერიკელი გოგონა. მათ თარჯიმნად ახლდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც გვერდით მაგიდასთან ისხდნენ. ცხონებულმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც უძლიერესი ხმა ჰქონდა, რაღაც წაიმღერა, ჩვენი სტუმრები გაოგნდნენ და მათი სრული მასპინძლობა ჩვენ ავიღეთ თავზე. დილით, როდესაც სტუმრებს იმდროინდელი თბილისის ულამაზესი ადგილები დავათვალიერებინეთ, ავლაბრელი კოლორიტი მუსიკოსებით ვასიამოვნეთ, თუმცაღა, თარჯიმნები ალკოჰოლმა ჩამოგვაშორა. ხაშიც მივართვით და დილით, დაახლოებით 7 საათისათვის აეროპორტში ავტომანქანით მივაცილეთ. იტალიელი სტუმარი, სახელად ჯოვანი ტრაპზე თითით პიჯაკს აბზრიალებს ჰაერში და გაჰყვირის - VIVA GEOGIAN POLIC! ტრაპთან ჩემი თანამშრომელი ამერიკელ გოგონას ფურცელზე დაწერილ სამსახურის ტელეფონის ნომერს აწვდის სიტყვებით: "დამირეკე სტეფანი, დედას გაფიცებ" - ენობრივი ბარიერი არასდროს იყო პრობლემა.
  • ყაზბეგში ვატარებთ ღონისძიებას, რა დროსაც დარიალის ხეობაში რამდენიმე ძლიერი ნარკოტიკით გაბრუებული ნარკომანი დავაკავეთ. ერთი მათგანი მეორეს მიუთითებს: ნიკა, მტკვარი რა ამღვრეული და რა ჩქარია, არა? დალოცვილი სილამაზისაა თერგის კალაპოტი.

 

  • 90-იან წლებში, ავლაბარში, ელიის დასახლებაში ახალგაზრდების 80%-ს არჩევნების წინა პერიოდში ერთნაირი მაისურები ეცვათ გულზე წარწერით - სმკ. სერიოზული პროპაგანდა მიდიოდა... ეთნიკურად სომხები აბრევიატურას ამაყად მიხსნიდნენ - სმკ"სომეხ მამულიშვილთა კავშირია", დათოჯან, აი.

  • ახალმოსულ თანამშრომლებს ძველები ხშირად ლეგენდა (ყალბად შექმნილ) შეტყობინებებს აწერდნენ შესასრულებლად. ერთ დღესაც, ერთი ახალი თანამშრომელი მომადგა: ბატონო დათო, დიდი ხანია აქ მუშაობთ და ეგებ იცოდეთ, აწყურის ქუჩაზე დაზარალებულს, ხოსე იგნასიოს ვეძებ, მთელი კვირაა დავდივარ, მაგ ქუჩაზე ხორენა ვნახე, ხოსე კი ვერაო.
ყალბ შეტყობინებაში ეწერა, რომ დღეს, 12 სთ-ზე ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში მოიყვანეს ხელის არეში ბასრი საგნით დაჭრილი, აწყურის ქუჩის 5 ნომერში მცხოვრები, 1977 წელს დაბადებული ხოსე იგნასიო, რომელსაც აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გაუშვეს სახლში. პოლიცია ვალდებული იყო ფაქტი მოეკვლია და პირველ რიგში დაზარალებული გამოეკითხა.
ნანა ფიცხელაური

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით