როგორ მოგვილოცა მაკოლეი კალკინმა ახალი წელი - ქართველი ბიჭი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბავშვის კვალადაკვალ - კვირის პალიტრა

როგორ მოგვილოცა მაკოლეი კალკინმა ახალი წელი - ქართველი ბიჭი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბავშვის კვალადაკვალ

"ჩემი ყველა ახალი წელი სწორედ ამ ფილმით იწყებოდა"

"მინდა გაზეთ "კვირის პალიტრასა" და მის მკითხველს ახალი წელი მივულოცო. მოხარული ვარ, რომ ფილმი "მარტო სახლში" თქვენთან პოპულარულია. გისურვებთ ბედნიერებას და სასიამოვნო საშობაო არდადეგებს", -

- ასე ასე მოგვილოცა ჰოლივუდის ვარსკვლავმა მაკოლეი კალკინი "კვირისპალიტრელებს" ახალი წელი. (იხილეთ)

ამას წინათ კი ჩემი ახლობლის - პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, გრიგოლ კალანდაძის სტატუსსა და, ერთი შეხედვით, ნაცნობ სახლთან გადაღებულ ფოტოებს გადავაწყდი "ფეისბუკში" - წერდა, სწორედ ამ სახლში გადაიღეს მხატვრული ფილმის - "მარტო სახლშის" პირველი ნაწილიო. იმ წამს შევეხმიანე და ვთხოვე მოეთხრო, როგორ მოხვდა ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ჩიკაგოში და, თანაც, იმ სახლთან, სადაც მთელი მსოფლიოს უსაყვარლესი გმირის თავს გადახდენილი გასაოცარი ამბებით წლების განმავლობაში ხალისობენ კინომოყვარულები, ასაკისდა მიუხედავად. მით უფრო, რომ საახალწლო დღეებია და ამ ფილმის სხვადასხვა ნაწილს, ფაქტობრივად, ყველა სატელევიზიო არხი უჩვენებს.

გრიგოლ კალანდაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი:

- ამერიკას პირველად ორი წლის წინ ვესტუმრე - GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაში სწავლისას ალაბამას შტატის ქალაქ ტროის უნივერსიტეტში ჩემმა დეკანმა და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ორკვირიან პროფესიულ ტრენინგზე გამაგზავნეს. ცოტა ხნის წინ კი, 2017 წლის 16 სექტემბერს დედაჩემი, მუსიკოსი თამარ სარაჯიშვილი ჩიკაგოში მცხოვრებ ამერიკელ ბიზნესმენს დევიდ დომინგესს გაჰყვა ცოლად. მათ ილინოისის შტატის მართლაც ზღაპრულ ქალაქში საშობაო არდადეგებზე მომიწვიეს. ამ დიად ქვეყანაში მეორედ სტუმრობისას შესაძლებლობა მომეცა, დამეთვალიერებინა ის ადგილები, სადაც ჩემთვის ყოველ ახალ წელთან ასოცირებული ფილმის - "მარტო სახლშის" პირველი და მესამე ნაწილებია გადაღებული.

პირველი ნაწილის სახლი ჩიკაგოს გარეუბანშია, კერძოდ - უინეტკაში. მისი მფლობელი არსად შემინიშნავს, მაგრამ ვიცი, რომ იგი კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

ეს ფოტოსურათი ასახავს "მარტო სახლშის" პირველ ნაწილს - ფილმში მშობლებთან წაჩხუბებული მაკოლეი კალკინის გმირი - კევინ მაკკალისტერი დილით აღმოაჩენს, რომ სახლში მარტოა.

ეს თავდაპირველად ძალიან გაახალისებს, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, რადგან ჯო პეშისა და დენიელ შტერნის გმირები - მძარცველები ჰარი და მარვი მისი სახლის დაყაჩაღებას განიზრახავენ. სწორედ ამ სახლში, სხვადასხვა ხრიკის გამოყენებით, კევინი მძარცველებს ათასგვარ საშინელებას მოუწყობს და, საბოლოოდ, პოლიციასაც ჩააბარებს. როგორც ამბობენ, 10-ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს...

მთელი ბავშვობის განმავლობაში ჩემი ყველა ახალი წელი სწორედ ამ ფილმით იწყებოდა და, აი, 24 წლის ასაკში, ერთი ხელის გაწვდენაზე, საკუთარი თვალით ვნახე ეს საოცარი სახლი...

მომდევნო ფოტოზე ასახულია ფილმის პირველი ნაწილის ის ეკლესია, სადაც კევინი რამდენჯერმე ხვდება. ისიც ჩიკაგოს გარეუბანშია, ოღომდ - უილმეტში. ალბათ, გახსოვთ ეპიზოდი, ჩასაფრებული ჰარი და მარვი მანქანით, ჩუმად, ფეხდაფეხ რომ მიჰყვებიან ბიჭს, რომელიც შეამჩნევს მათ თვალთვალს და მოულოდნელად გაიქცევა... მძარცველები მას მაშინვე აედევნებიან, თუმცა ეკლესიასთან მიახლოებისას მის კვალს დაკარგავენ. მძარცველები ამაოდ ცდილობენ კევინის მოძებნას, რომელიც მოსასხამში გამოწყობილი იესოს ბაგაში დაბადების გამომხატველ დეკორაციასთან იმალება (ფოტოზე ნაჩვენები ამჟამინდელი დეკორაცია გადაკეთებულია).

მნიშვნელოვანია, ასევე, გავიხსენოთ ის ეპიზოდიც, სადაც უმცროსი მაკკალისტერი ეკლესიაში უსმენს გალობას და მას გვერდით ის ხანდაზმული მეზობელი მიუჯდება, რომლისაც მას თავდაპირველად ეშინია, თუმცა შემდგომ დაუახლოვდება. ეს მამაკაცი მას ფილმის ფინალში იხსნის მძარცველებისაგან, რომლებიც კევინს მოულოდნელად შეიპყრობენ... სხვათა შორის, იმ მამაკაცის შვილიშვილი დღეს ამ ეკლესიის მგალობელი ერთ-ერთი გოგონაა...

"მარტო სახლის" მესამე ნაწილი სხვა სახლშია გადაღებული, პატარა ქალაქ ევანსტონში, ჩიკაგოს მახლობლად.

ამ სამ სურათზე სწორედ ევანსტონის სახლი გადავიღე. გახსოვთ, ალბათ, რომ მესამე ნაწილი მოგვითხრობს მცირეწლოვანი ალექსის ამბავს - ბიჭს მეზობელი ქალი, მისის ჰესი აჩუქებს დისტანციური მართვის პულტის მქონე სათამაშო მანქანას, სადაც მიკროჩიპია მოთავსებული... სიუჟეტიც სწორედ ამ სათამაშო მანქანასა და მასში არსებული ჩიპის ძებნაზეა აგებული. მის ხელში ჩასაგდებად ოთხკაციანი კრიმინალური დაჯგუფება ალექსის სახლის გაძარცვას გადაწყვეტს. ალექსის მიერ დაგებული ხაფანგები და ჩანაფიქრები კევინისას არ ჩამოუვარდება, რისი დასტურიცაა მძარცველების შავად შეღებილი თვალები თუ დენის ძაბვისგან გაწეწილი თმა, წებოვან მასაში მოთავსებული ფეხები თუ კიდევ უამრავი სახალისო მდგომარეობა...

მოკლედ, ჩემმა ამერიკულმა არდადეგებმა, თითქოს, კიდევ ერთხელ გადამისროლა ბავშვობაში და, იმავე განცდებით, კიდევ ერთხელ ამადევნა გმირებს, რომელთა გონიერება დღესაც ისევე აღმაფრთოვანებს, როგორც მაშინ, კევინისა და ალექსის თანატოლი რომ ვიყავი!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)