გამოუსწორებელი ოპონენტები - კვირის პალიტრა

გამოუსწორებელი ოპონენტები

ხშირად შევსწრებივარ კამათს, - კარგია თუ არა, როცა ცოლ-ქმარი ერთ სფეროში მუშაობს, ერთი პროფესიისანი არიან და სამსახურიც საერთო აქვთო. ზოგი ამბობს, ცოლ-ქმარს ოჯახში ისედაც უამრავი საზრუნავი აქვს და სამსახურის პრობლემები აღარ ესაჭიროებათო, ზოგს კი მიაჩნია, რომ საერთო ინტერესები და ერთი სფერო უფრო დააახლოებს მეუღლეებს.

"დაშორებამ და მანძილმა მანამდე უთქმელს და დამალულს დაარქვა სახელი"

რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს პარტიის ოფისში, გრიბოედოვის #13-ში ვესტუმრე. თავიდანვე გავაფრთხილე, პოლიტიკაზე ნაკლებად ვისაუბრებთ, მთავარი თემა პირადი ცხოვრება უნდა იყოს-მეთქი. მაშინვე დამეთანხმა - პირადულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ "კვირის პალიტრას" უარს ნამდვილად ვერ ვეტყვიო...

- ხშირად მეკითხებიან, სადაური ხარო. ვხუმრობ ხოლმე, ხოხობი ვარ-მეთქი. ჩემი გვარი რაჭიდანაა, თუმცა ორივე ბაბუა თბილისში დაიბადა, ამიტომაც სოფელი არ მაქვს. ისე, სულ ვნატრობდი, სოფელში მქონოდა სახლი, სადაც ნებისმიერ დროს ჩავიდოდი.

- ბავშვობიდან რა გახსენდებათ ყველაზე კარგად?

- მთელი ჩემი ბავშვობა ლამაზად მახსენდება. ერთადერთი, დღემდე უსიამოვნო შეგრძნებას აღმიძრავს მუსიკის გაკვეთილები. ამის გამო მთელი 7 წელი დედასთან ომი მქონდა. არ მესმოდა, რატომ უნდა მეკეთებინა ის, რაც არ მინდოდა.

დავამთავრე 99-ე საშუალო სკოლა. კარგად ვსწავლობდი. მახსოვს, როცა კლასელები სადმე წავიდოდით ან რომელიმესთან ვიკრიბებოდით და გვიანობამდე ვმხიარულობდით, მშობლები რეკავდნენ და გვამოწმებდნენ. დედაჩემს არასოდეს შევუმოწმებივარ. მენდობოდა და მეც ყოველთვის ვცდილობდი მისი ნდობა გამემართლებინა.

- მომავალი მეუღლე როდის გაიცანით?

- უნივერსიტეტში. მეორე კურსზე ვიყავი, როცა დათო საერთაშორისო სამართლის განყოფილების სტუდენტებთან სემინარის ჩასატარებლად შემოვიდა. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა; სიყვარული არ აუხსნია და არც რაიმე განსაკუთრებული ქცევით გამოუხატავს ჩემდამი სიმპათია. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ერთი წლით ბუდაპეშტში წავედი სწავლის გასაგრძელებლად. იმ ერთმა წელმა ბევრი რამ გადაწყვიტა. თბილისში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ არაფერი მოხდებოდა ჩვენ შორის, მაგრამ დაშორებამ და მანძილმა მანამდე უთქმელს და დამალულს დაარქვა სახელი. 1995 წელს დავბრუნდი საქართველოში და ერთ წელიწადში ვიქორწინეთ. "კონკასთან" მოვაწერეთ ხელი და ანჩისხატის ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი. დათო ჩემზე 5 წლით უფროსია.

- დათო უსუფაშვილი გაწონასწორებულ პოლიტიკოსად მიგვაჩნია ყველას. როგორია იგი ოჯახში?

- ოჯახშიც ზუსტად ისეთია, როგორიც საზოგადოებაში ჩანს. ეგ არის, - გარეთ თავისი პრინციპების მკაცრი დამცველია, შინ კი "სისუსტეებს" ამჟღავნებს. შვილებთან საოცრად რბილია. რაც შეეხება საქმეს და ქვეყნის მოწყობის საკითხებს, ჩვენი შეხედულებები ხშირად იყოფა. ამ დროს მართლა მაგრად ვეჯახებით ხოლმე ერთმანეთს. დათო გამყრელიძე იცინის ხოლმე, - ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ასეთი ოპონენტები იქნებოდითო.

- ოჯახში ხშირად გაქვთ პოლიტიკური დებატები?

- არა, ისედაც ვერ ვიცლით შვილებისთვის, შინ გვიან შევდივართ და ოჯახში არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, პოლიტიკაზე ვისაუბროთ. როგორც კი სახლის ზღურბლს გადავაბიჯებ, იმ წუთშივე მთავრდება საზოგადო პრობლემები და მთლიანად ბავშვებს ვეკუთვნი.

- აჩქარებულ ნაბიჯზე ან რაიმე საქციელზე თუ გინანიათ?

- არასოდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომა არ მომსვლია, ან ნაჩქარევად არ გადამიდგამს ნაბიჯი. სინანულს და თავში ხელის ცემას რა აზრი აქვს, როცა შეცდომა უკვე დაშვებულია? ერთადერთი, რასაც მართლა ვნანობ და არ ვმალავ ამ სინანულს,  ისაა, რომ დაოჯახებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ შვილების გაჩენა. მანამდე სწავლასა და კარიერაზე ვფიქრობდით. ამის გაგონებაზე დედაჩემს ეცინება: - ისე გენანება ის წლები, თითქოს შვილების გაზრდაზე შენ ზრუნავდეო.

- დასვენებას ვერ ახერხებთ?

- ჩვენი 13-წლიანი თანაცხოვრებიდან მხოლოდ ერთხელ ვიყავით დასასვენებლად, 2003 წლის ზაფხულში. იმდენად გადაღლილები ვიყავით, რომ უცებ გადავწყვიტეთ და ორი კვირით იტალიაში გავემგზავრეთ. მობილურებიც გამოვრთეთ, რომ არავის შევეწუხებინეთ. თუმცა კურიოზებს და ნაცნობ თვალს ვერც იქ ავცდით. ერთხელ, ფლორენციაში ვართ, დათოს ვთხოვე, ერთ ლამაზ ადგილას ფოტო გადაეღო ჩემთვის, მივიღე კიდეც, როგორც იტყვიან, "საფოტოე პოზა" და უცებ ქართულად ვიღაც მეძახის: - ქალბატონო თინა, თუ შეიძლება, თქვენთან გადავიღებ სურათსო. სიცილი აგვიტყდა...

- შვილებზე რას მეტყვით?

- სანდრო 9 წლისაა და ხასიათით ძალიან ჰგავს მამას. გიგა 3 წლის გახლავთ და ჩვენი ოჯახის ყველაზე ხმაურიანი წევრია. მისი დაბადებით დამთავრდა ჩვენი მშვიდი, იდილიური ცხოვრება და დაიწყო ექსცესებით აღსავსე ყოველდღიურობა. ხუმრობით "კატასტროფა" დავარქვით. გიგას, რაც კი ხელთ მოხვდება, ყველაფერს აივნიდან ყრის ან ღვრის. დედაჩემი ამბობს, შენ გგავს, მასავით ცელქი ბავშვი იყავი, მაგრამ მავნე ნამდვილად არაო. გიგას კი აშკარად სიამოვნებს, როცა რამეს აფუჭებს. ერთი ეპიზოდი გამახსენდა, რომელიც ჩემს ბობოქარ ხასიათს უსვამს ხაზს (გიგაც ამიტომ მგავს მე). რომში, კოლიზეუმში შესასვლელად მე და დათო უზარმაზარ რიგში ჩავდექით. ერთი საათის შემდეგ, როცა ბილეთის სალაროს მივუახლოვდით, დავინახეთ ასეთი წარწერა: "ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ პატარას (6 წლამდე) უფლება აქვს, უფასოდ შევიდეს და დაათვალიეროს კოლიზეუმი". კინაღამ გავგიჟდი. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ხმამაღლა გავაპროტესტე ეს არაჰუმანური წესი და ყველას გასაგონად ვთქვი, რომ ბავშვი, მით უმეტეს, 6 წლამდე ასაკისა, ყველა ქვეყანაში ბავშვია და მისთვის ყველგან შეღავათები უნდა არსებობდეს-მეთქი.

- თქვენ ხომ ბავშვის გარეშე იყავით?

- კი, მაგრამ განცხადების შინაარსმა გამაღიზიანა და რა იურისტი ვიქნებოდი, აზრი საქვეყნოდ რომ არ გამომეთქვა? მე და დათო პროტესტის ნიშნად შესასვლელიდან გამოვტრიალდით.

- რა არ მოგეწონათ იტალიაში, მაინც რა მოხვდა თქვენს თვალს ცუდად?

- უწესრიგობა და ქუჩებში დაყრილი ნაგავი. ფლორენციაში რომ ჩავედით, ისეთი ნაგავი დაგვხვდა ავტოსადგურში, როგორიც დიდუბისა და სადგურის ბაზრობებზეა ხოლმე. იქიდან რომში რომ ჩავედით, გვითხრეს, რომელი ნომერი ავტობუსი გაივლიდა ჩვენს სასტუმროსთან. გამოჩნდა სხვა ნომერი ავტობუსი, რომლის მძღოლმაც კარი გაგვიღო და გვითხრა, - ამოდითო. ცოტა დავიბენით, ავუხსენით, სხვას ველოდებითო. ის კი: - ნუ დარდობთ, იმ სასტუმროსთან მიგიყვანთო და მართლაც, ცოტაოდენი თანხის დამატებით ზედ სასტუმროს კართან ჩამოგვსვა. ამაზე ძალიან ვიხალისეთ. ამერიკაშიც ნამყოფი ვარ და ევროპაშიც. დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ არსად მოხდებოდა.

- პოლიტიკოსი ხართ და მინდა, ინტერვიუს დასასრულს ყბადაღებული კითხვა დაგისვათ: გვეშველება რამე?

- ღმერთმა ნუ მოგვიშალოს იმედი. რა თქმა უნდა, გვეშველება. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების მერე ერთხანს ხელი ჩავიქნიე, მაგრამ დათოს წუთითაც არ დაუკაგავს იმედი, არც ფარ-ხმალი დაუყრია. მჯერა, რომ ჩვენი შვილები ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრებენ.