"საქართველოში კაცს გამარჯობას ვერ ეტყვი, უმალ ღრმა პოლიტიკურ დებატში აღმოჩნდები" - კვირის პალიტრა

"საქართველოში კაცს გამარჯობას ვერ ეტყვი, უმალ ღრმა პოლიტიკურ დებატში აღმოჩნდები"

"მივხვდი, რომ XXI საუკუნეში ადამიანები მონობას ნებით თანხმდებოდნენ იმიტომ, რომ უარესის ეშინოდათ"

ბულგაკოვისა არ იყოს, რა უცნაურად იჭრება ეს გენეტიკა - ნინო კირთაძემ ყველასგან  გამორჩეული, საუკეთესო წამოიღო და თავის თავში გააერთიანა. უფრო სწორად, ეს გენის პრეროგატივა უფრო იყო, ვიდრე საკუთრივ მისი.

ყოველი ჩამოსვლა საქართველოში იმ პერიოდში აბრუნებს - 70-იანი წლების თბილ თბილისში.

ასოციაცია? პირველი, რაც იმ პერიოდის მოგონებისას გონებას სიგნალს აძლევს, ოჯახური გარემოა - ბიოლოგი მამა და ღვინის სპეციალისტი დედა, თან როგორი სპეციალისტი! მაგრამ შვილების გაჩენის შემდეგ აღარც უმუშავია, მათ უძღვნა მთელი ქალური თუ ინტელექტუალური რესურსი. დასთან დღემდე მეგობრული, ახლო ურთიერთობა აქვს - მყარი ჯაჭვია მათ შორის. ბევრი სიყვარული მისცეს ოჯახის წევრებმა.

ბებიასა და ბაბუას დიდი წვლილი მიუძღვით ნინოს ჩამოყალიბებაში - ბევრი მისცეს, ბევრი ასწავლეს, ბევრი დაანახეს...

თბილისის სუნი... მაშინდელი თბილისი, მისი სუნით, ფერითა და ხიბლით თითქოს ახსოვს და არც - სიზმრისეულ ზმანებასავით შემორჩა გონებას, მაგრამ მძაფრად და ცხადად. ზოგჯერ ისე მოეძალება ხოლმე მოგონებები, რომ ამ სიზმარში იძირება და ნოსტალგია იპყრობს - შეგრძნებებს ის ეპოქა მოაქვს და ახლიდან განაცდევინებს ბავშვურად ათვისებულ სამყაროს...

ჰო, იმას ვამბობდი, რომ ყველაფერი ჰქონდა ბევრი - განსაკუთრებით კი ილუზია, რომელიც დღემდე მრავლად შემორჩა - ახლაც ჰგონია, რომ სასწაულები ცხოვრებაში ნამდვილად ხდება.

ჩემი სასწაული

ექიმებმა დიაგნოზი მარტივად დამისვეს. ვერდიქტიც გამომიტანეს - სიცოცხლისთვის მხოლოდ ექვსი თვე მქონდა დარჩენილი. პირველი რეაქცია თავში უროს ჩარტყმას ჰგავდა, თუმცა ვფიქრობდი, რომ დარჩენილი დრო საინტერესოდ გამეტარებინა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და ტრავმას წარბშეუხრელად შევხვდი. ჩემი შვილი მაშინ მხოლოდ ოთხი წლის იყო, თბილისში სამოქალაქო ომი და არეულობა სუფევდა.

ამიტომ ვდარდობდი, რა ეშველებოდა მას. თუმცა, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი, მოვლენებს სხვაგვარად ვაფასებდი - ყოველი დღე მეძვირფასებოდა. ვცდილობდი, ნაკლებად დრამატიზებულად წარმომედგინა ჩემი მდგომარეობა. ასე გაგრძელდა ექვსი თვე. მერე მძიმე ოპერაციის გაკეთება შემომთავაზეს. უარი ვთქვი, დავიღალე სიკვდილის ლოდინით.

გადავწყვიტე, სიცოცხლე ჩვეულებრივად გამეგრძელებინა - მუშაობა დავიწყე ფრანგულ სააგენტოში და ჩეჩნეთში წავედი, როგორც ჟურნალისტი... და სენი დავძლიე. კიდევ კარგი, ოპერაციას არ დავთანხმდი. ამიტომ ვამბობ, რომ სასწაულები ხდება - მე სიცოცხლე მინდოდა, ვერ გავითავისე ავადმყოფობა, ამიტომ ყველა მეცნიერულ დასკვნასა და ლოგიკას შევეწინააღმდეგე. ეს, ალბათ, ინტუიცია იყო, სიცოცხლის სიყვარული და კიდევ - სასწაული!

არჩევანი

ფილოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. მერე ლიტერატურის ინსტიტუტში ვმუშაობდი. ვრეპეტიტორობდი, ბევრი მოსწავლე მყავდა, ჟურნალისტების კოლეჯში ლექციებსაც ვკითხულობდი. მხატვრულ თარგმანებს ვაკეთებდი. ვწერდი სტატიებს, ლექსებს და ვაქვეყნებდი... ვფიქრობ, ის განათლება, მრავალფეროვანი გზა, რაც გავიარე, საჭიროა ადამიანისთვის, მით უფრო, რეჟისორისთვის. ბევრი რაღაცის ერთდროულად გაკეთება გასწავლის, რა არის ცხოვრება, სინამდვილე, ადამიანი. უტვინო და ზედაპირული აღარა ხარ - ცხოვრებას სხვადასხვა რაკურსში აღიქვამ და ეს ბევრს გაძლევს, მათ შორის შემოქმედებითი თვალსაზრისით.

პოლიტიკურ თემებზე მუშაობა  ჩემთვის ყოველთვის გაცილებით მარტივი იყო. იცით, რატომ? 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო დარგში ვმუშაობდი, საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ქუჩებში დემონსტრაციები იმართებოდა და ადამიანები დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

აბსურდად მომეჩვენა ამ დროს ინსტიტუტში შუა საუკუნეების ისტორიულ ტექსტებზე მუშაობა. ამიტომ მივატოვე ის საქმე და წერა დავიწყე - ჯერ სტატიების, შემდეგ კი ჩეჩნეთში გავემგზავრე. რომ არ წავსულიყავი და გამეგრძელებინა ის, რასაც ვაკეთებდი, ახლა სხვა ბიოგრაფია მექნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს, უკეთესი თუ უარესი. მთავარია, ეს, რაც ახლა მაქვს, აღარ იქნებოდა.

კინოს პირველად მსახიობის ამპლუაში ვეზიარე - ნანა ჯორჯაძემ გადამიღო ფილმში "შეყვარებული კულინარის რეცეპტები". მას შემდეგ ათამდე ფილმში მიმიწვიეს. ეს პროცესი ძალიან საინტერესოა - მსახიობის რანგში კამერის უკან კი არა, წინ ვდგავარ და ვაკეთებ იმას, რაც ვიღაცის თავშია და ვაკეთებ ისე, როგორც ის ხედავს...

არჩევანის გაკეთება მომიხდა მაშინაც, როცა პატარა საქართველოდან საფრანგეთის გზას გავუყევი - მხოლოდ ენის სასწავლებლად წავედი. წავედი და... საფრანგეთში ვეზიარე ცხოვრებას, იქ გავიგე, სად ვარ მე და რა არის სამყარო.

"ედუარდ შევარდნაძის სამი ცხოვრება"

უკვე პარიზში ვცხოვრობდი, როცა დამწყებ რეჟისორს იქაურმა ცნობილმა კინოკომპანიებმა "არტემ" და "კანაპლიუსმა" დამიკვეთეს ეს ფილმი. მაშინ შევარდნაძე ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი იყო. მასზე ბევრი ცნობილი რეჟისორი იღებდა ფილმს.

მე კი: - გამარჯობა! ნინო კირთაძე ვარ. ვცხოვრობ საფრანგეთში. ჯერ არაფერი გადამიღია, მაგრამ თქვენი პორტრეტის გაკეთება მინდა... - და დამთანხმდა!

ფილმში წარმოდგენილია ერთი ადამიანის სამი ცხოვრება - სამი სხვადასხვა პერიოდი, რეჟიმი და ერთი მმართველი. ეს არის პორტრეტი, სადაც წინა პლანზე ადამიანია. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, ფილმი არქივისა და პირადი ინტერვიუს მიხედვით გაკეთდა. მოიცავდა ყველაფერს:

ბავშვობას, მენშევიკების პერიოდსა და ცეკას პირველ მდივნობას, ასევე ურთიერთობას მიხაილ გორბაჩოვთან - რატომ გაჩნდა ბზარი და რა გამოიწვია ამან; შემდეგ იგივე პიროვნება ხდება დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი - როგორ შეიძლება ადამიანის ამგვარი ტრანსფორმაცია, სად მთავრდება ადამიანური შესაძლებლობები და სად იღებს მმართველის ფუნქცია სადავეებს, როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან ის, რაც სურს ადამიანს და ის, რასაც მოითხოვს რეჟიმი...

ლაქა? მაგალითად, თვითმფრინავის ბიჭებზე ვრცლად ვისაუბრეთ. ლევან ბერძენიშვილი იმ პერიოდში სწორედ დისიდენტობის გამო დააპატიმრეს. აღმოჩნდა, რომ ის და გეგა კობახიძე საკანში ერთად ისხდნენ. ლევანსაც ვესაუბრე - დამიდასტურა იგივე, რაც ბატონმა ედუარდმა მითხრა, საბოლოო გადაწყვეტილება შევარდნაძეს არ ეკუთვნოდა. გადავწყვიტე, ეს პასაჟი ფილმში არ ჩამესვა. არ მინდოდა, ეს ტრაგედია ყოფილიყო კინოში სათამაშო თემა, მიმეწებებინა შევარდნაძის პორტრეტზე.

ქართველებს ძალიან უყვართ ერთი "გმირის" აკვიატება, რომელსაც ყველა ცუდსა თუ კარგს მიაწერენ. თვითმფრინავის ბიჭების ტრაგედია არ არის მარტივი თემა, არც ფილმია ისეთი, საბჭოთა პერიოდში რომ იღებდნენ - რადიკალურად კარგ ან ცუდ ბიჭებზე. ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე მარტივად დაყოფა - ვინ არის კარგი და ვინ ცუდი.

"ჩეჩნური იავნანა"

ჩეჩნეთი ჩემთვის მტკივნეული თემაა. მართალია, გროზნოში არ დავბადებულვარ, მაგრამ ჩეჩნეთში დავინახე, როგორ მოდიოდა შორიდან ომის ტალღა - ეს თითქოს გარდაუვალობის განცდა იყო. მაგრამ იქ ჯერ კიდევ ჟურნალისტური მისიით მყოფი ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ტალღა მსგავსი ტრაგედიით დასრულდებოდა. ის, რაც ჩეჩენ ხალხს დამართეს, შემზარავია. ჩეჩნეთის ომმა ბევრი რამ დამანახა - შემაგრძნობინა ბედნიერებაც და უბედურებაც.

არ შემეძლო, არ გამეკეთებინა ეს ფილმი. აქ არ არის განხილული, საიდან დაიწყო ომი და რატომ, ვინ არის დამნაშავე? ობიექტურად წარმოვაჩინე ის სურათი, რაც რეალურად ხდებოდა.

ფილმის ჩვენება რუსეთში აკრძალეს. სახაროვის ცენტრმა მალულად მაინც აჩვენა სარდაფში. შევეცადეთ, გაგვევრცელებინა დისკებიც... ზემდგომთა რეაქცია იყო მძაფრი, თუმცა მოსალოდნელი.

"უთხარით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ"

ფილმი დასავლეთ საქართველოში გადავიღე - სიკვდილთან დამოკიდებულება იქ განსაკუთრებულია. გადაღებები ზღაპარივით იყო - წარმოუდგენლად დიდი სიყვარული, ემოცია და ზრუნვა ეთმობა გარდაცვლილ ადამიანს. სიტუაციამ "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" მომაგონა, როცა ულამაზესი ფიფქია კვდება, კაცუნები დასამარხად ვერ იმეტებენ და შუშის სასახლეში ჩაასვენებენ.

დაახლოებით მსგავსი რამ ხდებოდა იქ. ეს სიკვდილთან თამაშია თითქოს - ვერ გაიგებ ქორწილია, დაბადება, ლხინი, ჭირი თუ დღესასწაული. იშვიათად ეთმობა ცივილიზებულ ქვეყნებში დრო მკვდარს. იქ დრო ძალიან ფასობს, ამიტომ სწრაფად ატარებენ აუცილებელ რიტუალს და ასევე სწრაფად ივიწყებენ გარდაცვლილსაც. აქ კი... თითქოს ხელოვნურად შექმნილი ილუზიების სამყაროა, სტერილური ურთიერთობაა სიკვდილთან. ჩემთვის ეს განსაკუთრებულად ძვირფასი ფილმია - ყველა თვალსაზრისით.

"დურაკოვო"

მიხაილ ფიოდოროვიჩ მოროზოვი (საბჭოთა კავშირის გმირი, პავლიკ მოროზოვი მომაგონდა! - ავტ.) - რუსეთის მოქალაქე, მცხოვრები დურაკოვოში - ამ კაცზე რაღაცები იწერებოდა პრესაში. გადავწყვიტე, წავსულიყავი და გამეგო, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა მეტაფორის გაკეთება, რა ხდება თანამედროვე რუსეთში.

როცა ჩავედი სოფელში, ვიფიქრე, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი არ გამოვიდოდა, ერთი შეხედვით ვერაფერი დავინახე იქ განსაკუთრებული. ერთი თვე დავრჩი, ამ კაცის კოშკში ვცხოვრობდი. მოვიძიე ინფორმაცია და გავიგე ბევრი უცნაური რამ... მთავარი პერსონაჟის ახლო მეგობრებს შევხვდი და აღმოვაჩინე, რომ აქ მთელი ქსელია, რომ მარტო მე ვერაფერს გავაკეთებ, რომ რთული იქნება რეალობის კადრში ასახვა.

როდესაც შევხვდი, მთხოვა, ჩემი გადაღებული ფილმები მეჩვენებინა. იცოდა, რომ ქართველი ვარ და ვცხოვრობ საფრანგეთში. ავუხსენი, რა მინდოდა, მოვისმინე მისი ულტიმატუმები და დავპირდი, რომ გავითვალისწინებდი. ბევრი იყოყმანა, დიდხანს ველოდე პასუხს. საბოლოოდ ერთმანეთს მოსკოვის ფილმის ფესტივალზე შევხვდით და დამთანხმდა. ახლაც არ ვიცი, რამ გადააწყვეტინა ეს. გადაღების წინ გამაფრთხილა, ნერვებს თუ მომიშლი, ყველაფერს ჩაგიშლიო. ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვიყავი, მაგრამ გადაღება არ შეფერხებულა.

ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო რესპონდენტებთან ურთიერთობა. საუბრისას მივხვდი, რომ XXI საუკუნეში ადამიანები მონობას ნებით თანხმდებოდნენ იმიტომ, რომ უარესის ეშინოდათ. ვერც წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს უარესი...

მას შემდეგ, რაც ფილმი გამოვიდა, განუწყვეტლივ მემუქრებოდნენ - მთავარი გმირი, მიხაილ ფიოდოროვიჩ მოროზოვი მემუქრებოდა, ფარშად გაქცევ, შენი ხორცისგან კატლეტს გავაკეთებ და მივირთმევო. მადლობა ღმერთს, ჯერ მუქარა არ შეუსრულებია, მაგრამ დიდხანს მქონდა შეგრძნება, რომ ნებისმიერ მომენტში გამომეცხადებოდნენ.

რუსეთშიც ბევრი დაიწერა ამ ფილმის შესახებ. სხვათა შორის, "კომერსანტმა" შესანიშნავი სტატია დაწერა. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ არც მიცდია რუსეთში წასვლა. არ ვიცი, შემიშვებენ თუ არა, მაგრამ, ალბათ, არც ღირს ამაზე ფიქრი - მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პასპორტი მაქვს, გვარი და დაბადების ადგილი ქართულია. ქართველობის გამო მანამდეც მიჭირდა რუსეთის ვიზის მიღება.

"რამდენიმე რამ საქართველოზე"

თუ შენს ქვეყანაში არ გაფასებენ, საწყენია. რაც შეეხება ქართულ "ჩინ-მედლებს", ეს პატივი არ მხვდა წილად, სიმართლე გითხრათ, არც დავეძებ. რაც მაქვს, ესეც საკმარისია. მგონი, ღირსებისა და ბრწყინვალების მედლები კინოს სფეროში არ გაიცემა, ესეც არ ვიცი ზუსტად... ევროპული კინოაკადემიის "ოსკარზე" დიდი ჯილდო რა უნდა მერგოს? ჰოდა, მაქვს. საფრანგეთში თუკი რამ არსებობს, ყველაფერი მომიპოვებია, თუმცა ამაზე ფილმის შექმნის მომენტში არასდროს მიფიქრია.

მაფიქრებს მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი - ვინმეს მოეწონება თუ არა, პრიზი ნაკლებად მნიშვნელოვანია. არ მიფიქრია, რატომ არ დამაფასეს საქართველოში სათანადოდ. ისიც კი მიკვირს, როცა ქართველი ჟურნალისტები ჩემით ინტერესდებიან.

საქართველოში ყველაფერი ზედმეტად პოლიტიზებულია. კაცს გამარჯობას ვერ ეტყვი, უმალ ღრმა პოლიტიკურ დებატებს გიმართავს. ძალიან მძიმეა, როცა პოლიტიკა ასე მწვავედ მონაწილეობს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოფაში ასე მძაფრად შემოჭრილმა პოლიტიკამ შეიძლება ბევრი რამ გადაიყოლოს. პოლიტიკის მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში კი უკვე კონტრპროდუქტიული ხდება. არც ისტორიულად ყოფილა საქართველოს სიტუაცია მარტივი და არც ახლაა.

სამწუხაროდ, საქართველო არ არის ეკონომიკურად და ბევრი სხვა თვალსაზრისით ძლიერი ქვეყანა, ამიტომ დამოკიდებულია საერთაშორისო პოლიტიკურ კურსზე. ის ვერასდროს იქნება მთავარი მოთამაშე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. არც მაქვს უფლება, ჩემი ქვეყნიდან შორს წასულმა გავაკეთო ღრმა პოლიტიკური ანალიზი. თუმცა, ის, რასაც ვფიქრობ და განვიცდი, ამ ფილმშია ასახული. "რამდენიმე რამ საქართველოზე" - აგვისტოს მოვლენებს ეხება... საზოგადოებას დავანახე არა მხოლოდ ის, რა მოხდა, არამედ რას ნიშნავს ეს ევროპისთვის, რუსეთისთვის, ჩვენთვის....

რამდენიმე რამ პირადზეც...

ჩემი ყველაზე მთავარი შემოქმედება ჩემი შვილია. რვა წლის იყო, როცა საფრანგეთში ჩამოვიყვანე - ყველა გაჭირვება, ემიგრაცია და სირთულე ერთად გამოვიარეთ. ბოლო დროს გადაწყვიტა, მეტი დრო გაეტარებინა საქართველოში. გამექცა და ერთი წლით წავიდა. ორი წელი საფრანგეთში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მერე სწავლა და პარალელურად მუშაობა მოისურვა - ლონდონში გაემგზავრა. ახლა სიმშვიდის ერთი წელი აიღო, სურს, დაფიქრდეს, ვიდრე საბოლოო არჩევანს გააკეთებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. არ უნდა, შეცდეს და წაჰყვეს იმ ახალგაზრდულ ტალღას, რომელიც აზვირთებულია.

ჩემი შვილის მამა... იცით, როცა ქალს შვილი ჰყავს, ის უკვე ბედნიერია. არ ვამბობ, რომ მამაკაცი არ არის ამისთვის მთავარი, მაგრამ... ის ურთიერთობა განწირული იყო თავიდანვე, ჩვენ სხვადასხვა სამყარო ვიყავით. კარგია, რომ ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ განშორება მტკივნეული იყო ჩემთვის, მისთვის და ბავშვისთვის. როცა რაღაც არ გამოდის, უნდა დაასრულო. სჯობს, ერთხელ გეტკინოს, ვიდრე მთელი ცხოვრება გტკიოდეს....

KvirisPalitra.Geჩემი მეორე ქმარი, რობერტ პარსონსი ჟურნალისტია - წლების განმავლობაში მუშაობდა ბი-ბი-სისთვის, მერე კი  მოსკოვში, ლონდონში, პრაღაში.... ამიტომ გაცნობისა და დაახლოების შემდეგ ვერც ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. საბოლოოდ, როგორც იქნა, საფრანგეთში დაიწყო მუშაობა - ახლა ინგლისური სატელევიზიო არხის საერთაშორისო ამბების მთავარი რედაქტორია.

წარმოიდგინეთ, როგორი კომფორტია, როცა შოტლანდიელ ქმარს ქართულად ელაპარაკები. მას ჩემს გაცნობამდე ჰქონდა საქართველოსთან კავშირი, ამიტომ ენაც კარგად იცოდა. ეს თითქოს გვაახლოებს ერთმანეთთან. ჰო, ზუსტად ასე იყო - "დედაენამ რა ჰქმნა?!" როცა პირველად ვნუკოვოს აეროპორტში გავიცანი, გამაოგნა ბი-ბი-სის კორესპონდენტისა და შოტლანდიელი მამაკაცის დახვეწილმა ქართულმა.

რწმენა დახურული თემაა - ეს ჩემს სულში ხდება. ამის აფიშირება ჩემთვის "წაიდურაკოვებს".

დაბოლოს...

- აქ დაბრუნდებით?

- მე ვიცი, რომ მანდ დავიმარხები!