"დედა მეუბნებოდა, ქუდბედიანი ხარო"
"კინაღამ პროფილის გამო შარში გავეხვიე"

კართან სტუმართმოყვარე "ზოროა" ატუზული. ინტერესით მათვალიერებს და კეთილგანწყობის ნიშნად მელაქუცება ფეხებზე... "ზორო" კატაა და მართლა მაგარი იღბალი ჰქონია, რადგან ერთ დღეს, დიმა ერისთავის სახელოსნოში, მეთორმეტე სართულზე, კედელსა და კედელს შორის ჩავარდა... დიმა ერისთავმა კედლიდან რამდენიმე აგური ამოიღო, რომ ცინდალი ამოეყვანა... ნებიერი "ზორო" ახლა მასპინძელივითაა, მთავარ სავარძელში ზის და მისი გადამრჩენის ცხოვრების ამბებს უსმენს.

ჩემი გარიჟრაჟი

მახსოვს ძველი ეზო, სადაც ვიზრდებოდი. ადრე წერეთლის ქუჩა იყო, ახლა
ტაბიძისაა. ადრე მთელი სახლი ჩვენ გვეკუთვნოდა, მერე ჩამოგვართვეს. ეზოს მხარეს ორი ოთახი და სამზარეულო დაგვიტოვეს. მეორე სართულზე ცხოვრობდა ნიკოლაძეების ოჯახი. გიორგი ნიკოლაძე არ მახსოვს, მე რომ დავიბადე, ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ რუსუდან ნიკოლაძე კარგად მახსოვს. ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. დედაჩემმა ფრანგული იცოდა - ცოტა ხანს
ჟენევაშიც სწავლობდა. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ავიდოდი ქალბატონ რუსუდანთან, წამოვიღებდი წიგნებს, მათ შორის ბევრ ფრანგულს. დედა წაიკითხავდა და ვუბრუნებდით ხოლმე.

მამაჩემსაც ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა ჰქონდა. ენები კარგად იცოდა. ინგლისურად თარგმნიდა, ლექსებსაც წერდა, დედაჩემის ძმა ალექსანდრე ქართველიშვილი იყო - ამბობენ, ამდენი თვითმფრინავი არც ერთ კონსტრუქტორს არ აუფრენიაო... ჯერ საფრანგეთში წავიდა სასწავლებლად, მერე ამერიკაში გადაიყვანეს. "ჯენერალ მოტორსის" თანამფლობელი გახდა. ომამდე გვიგზავნიდა დოლარებს და "ტორგსინში" ვყიდულობდით პროდუქტს.

ძველი თბილისური აივანი გვქონდა, მეზობლებს ამ აივანზე უნდა გაევლოთ, ჩვენი ფანჯრების წინ. ყოველი ნაბიჯის ხმაზე დედა ცუდად ხდებოდა... მიკვირდა, ჩვენი ნათესავებიდან არავინ დაუჭერიათ 1937 წელს და რატომ არის ასეთი დაშინებული-მეთქი... როცა წამოვიზარდე, მერეღა მითხრა მამამ: 1923 წელს ბოლშევიკებს დაუჭერიათ. იქიდან ნერვებდაავადებული გამოვიდა.

იყო ომის წლები - დიდი შიმშილობა. ბავშვები დასუსტებული ვიყავით, პატარა ნაკაწრიც კი გვიჩირქდებოდა. პირველად ხორცი ომის დამთავრების მერე ვჭამე. მახსოვს, სადილად კატლეტი გააკეთეს... 14 წლისა ვიყავი მაშინ. მამაჩემმა დაიწყო მოწაფეების მომზადება და ცოტა ამოვისუნთქეთ. მახსოვს, მამა 3 მანეთს იღებდა ერთ გაკვეთილში. მერე მისი ყოფილი მოწაფეები მასწავლებლები გახდნენ, ინგლისურში ბავშვებს ამეცადინებდნენ, საათში 5 მანეთს იღებდნენ, მამა კი ძველებურად...
სოფელი არ გვქონდა. ბაბუაჩემს, დიმიტრი ერისთავს, გოჯი მიწა არ დაუტოვეს.

დედისერთა ვარ, მაგრამ განებივრებული არ ვიყავი. დედა მკაცრი იყო. ინგლისური ენა ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ მერე, კახელისა არ იყოს, არ გამომადგა და მიმავიწყდა კიდეც. როცა ოთარ იოსელიანთან მოვხვდი საფრანგეთში, ბავშვობის მარაგი ისე ამომიტივტივდა, რომ უცებ ავლაპარაკდი ინგლისურად.

KvirisPalitra.Geჩემი დილა
მამაჩემი მხატვარი იყო. მასაც იგივე პედაგოგი ასწავლიდა აკადემიაში, ვინც მერე მე - შარლემანი. ეს იყო წარმოშობით ფრანგი გრაფიკოსი. მამამაც წიგნის ილუსტრაციის ფაკულტეტი დაამთავრა, მეც.

არაჩვეულებრივი იყო აკადემიის წლები. ვმეგობრობდით მე, ზურა ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი და ჯემალ ლოლუა. ზურას დიდი ოთახი ჰქონდა სახელოსნოდ. ყოველდღე იქ ვიკრიბებოდით და ვხატავდით...

კომუნისტები გრაფიკას არ ერჩოდნენ, ფერმწერებს - ძალიან. რატომღაც ფერწერას "ბურჟუაზიული ხელოვნება" დაარქვეს. საშინელება იყო, მაგრამ ჩემთვის ერთი კარგი რამ მოიტანა: მაშინდელმა რექტორმა ელგუჯა ბერძენიშვილი III კურსიდან გააგდო. მერე გამოცდების ჩაბარების უფლება კი მისცა, ოღონდ გრაფიკის ფაკულტეტზე. ასევე ჩვენს ფაკულტეტზე გადმოიყვანეს ლევან ცუცქირიძეც. მათ გვერდით ყოფნა უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის...

ტანვარჯიშზე დავდიოდი, მერე გადავედი აკრობატიკაზე, ქართულად მას მუშაითობა ჰქვია. რომ არა ფოტო, სადაც ბოტანიკური ბაღის ხიდის მოაჯირზე ვდგავარ ხელზე, ვეღარც დავიჯერებდი, რომ ასეთი ტრიუკების შესრულება შემეძლო... ჩვენი ოთხეული აკრობატიკაში სსრკ-ის ხუთგზის ჩემპიონი იყო. დედა მეუბნებოდა, ქუდბედიანი ხარო. მართლაც, ბედნიერი ვიყავი ჩემი ცხოვრებით...

ჩემი შუადღე
ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა სადიპლომო ნამუშევარს ვასრულებდი. მახსოვს, ელგუჯა ბერძენიშვილმა, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე ფანატიკურად შეყვარებულმა კაცმა, წამაკითხა "მთვარის მოტაცება". ძალიან მომეწონა და მოვინდომე ილუსტრირება. ელგუჯას უმცროსი ძმა, მერაბი ძალიან მოხდენილი ბიჭი იყო, გამხდარი, საინტერესო სახისა... მისი გარეგნობა გამოვიყენე ილუსტრირებისთვის. მინდოდა ამ სადიპლომო თემაზე მუშაობა, მაგრამ ცივი უარი მითხრეს.

საოცრება მოხდა: იმ წელს, როცა მე უარით გამომისტუმრეს, მამაჩემმა ინგლისურად თარგმნა "დიდოსტატის მარჯვენა" - მოსკოვმა შეუკვეთა... სად არის ლოგიკა? თუ აკრძალული იყო და არ უნდა დამესურათებინა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი, მაშინ თარგმნა შეიძლებოდა? გაბრაზებულმა  ანატოლ ფრანსის რომანი დავასურათე. ამ სადიპლომო ნამუშევარმა ძალიან პოპულარული გამხადა.

ბედნიერი ვარ, რომ ახლა, ვინც ჩვენს თაობაში კლასიკოსად ითვლება, მათი პირველი მოთხრობების ილუსტრატორი ვიყავი ჟურნალ "ცისკარში".
ოდესმე ცეკაში თუ დავუბარებივარ ვინმეს? მახსოვს ერთი შემთხვევა: კულტურის განყოფილებაში ნოდარ ჯანბერიძე მუშაობდა. დამიძახა. სოხუმელი ჯიხურის გამყიდველი რუსი წერს შენზე, - ეს მხატვარი ადამიანებს სულ პროფილში რატომ ხატავსო. ვუთხარი, - ნოდარ, სირცხვილია, მივიდე და ავუხსნა, რატომ ვხატავ პროფილში-მეთქი. კინაღამ პროფილის გამო შარში გავეხვიე.

ბევრი ფული არასოდეს მინატრია... ბაზრიდან სურსათის მოტანა თუ შემეძლო, უკვე კმაყოფილი ვიყავი. ბევრმა მხატვარმა გააკეთა ფული ე. წ. "ხუდკომბინატში" მუშაობით. ერთხელ საყვედურიც ვუთხარი კომბინატის დირექტორს, - მე რატომ არ მამუშავებთ-მეთქი. მხატვარს აფუჭებს იოლი ფულიო. მართლაც ასეა...
საქართველოდან გასვლა ძალიან მეზარებოდა ყოველთვის, ამიტომ არსად ვყოფილვარ. მხოლოდ პარიზზე ვოცნებობდი - ნეტავ სამი თვე მაინც მაცხოვრა პარიზში-მეთქი. ამიხდა... ბერლინშიც ვიცხოვრე, პარიზშიც, ოთარ იოსელიანთან მუშაობისას.

პარიზში გავიცანი 93 წლის მერი შერვაშიძე. არასოდეს დამავიწყდება მისი არისტოკრატიული იერი... პარიზში სამუშაო დღის დასრულების მერე ოთარის მეგობრები სუფრას გაშლიდნენ, მაგრამ არავინ გთავაზობდა, მიირთვიო. ოთართან დავიჩივლე, - მშიერი ვრჩები, არავინ მთავაზობს საჭმელს-მეთქი. დაგპატიჟეს, ესე იგი, უნდა მიირთვა, ქაჯი ხომ არ ხარო... მერი შერვაშიძესთან რომ მივედით სტუმრად, უნდა გენახათ, როგორ გაგვიმასპინძლდა, ყველა კერძს თავად გვაწოდებდა. მაშინ კი ვუთხარი ოთარს, - შენი მეგობრები არიან ქაჯები, თუ მე-მეთქი...

გვიან დავქორწინდი, 30 წლისა ვიყავი. ჩემი მეუღლე ნათელა პეტროვაა, მაგრამ რუსი არ გეგონოთ, გურული ქალია. გურიაში ბევრი ცხოვრობს ასეთი გვარით, ქართველები არიან... ბათუმში გავიცანი. მაშინ რეზო ჩხეიძე იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმს. პირველად მიმიწვიეს ფილმის მხატვრად. ნათელა ბათუმში იყო. ისიც გადავიღეთ. სანდრო - ჩემი ვაჟი, მხატვარია, ჩემდა გასაკვირად, ძალიან ნიჭიერი გამოდგა ფერწერაში.

ჩემი საღამო
ტელეფონის ნომრებს, წლებს, ტრანსპორტის ნომრებს ვერ ვიმახსოვრებ. ოღონდ ეს მოხუცებულობით კი არ მომდის, ყოველთვის ასე ვიყავი. გაგეცინებათ, ხან შპარგალკით დავდივარ - რა ნომერი ავტობუსი სად მიდის, მიწერია.

ერთხელ მკითხეს, სულ ადამიანებს რომ ხატავთ, ალბათ გიყვართ ადამიანიო. ვუპასუხე: - ადრე მიყვარდა, ახლა მაინტერესებს-მეთქი. ძველი თბილისის სახლებიც მაქვს დახატული. ოღონდ, პორტრეტივით სახლებს ვხატავ...

დახატული მყავს ბევრი ცნობილი ადამიანი. იმდენი არაჩვეულებრივი, ლამაზი მანდილოსნის პორტრეტების გარემოცვაში ვარ, არც მახსოვს, დრო რომ გადის. ვმუშაობ ნელ-ნელა... ძველებურად ენერგია არ მომდევს. ყოველთვის მკვებავდა თბილისი, რუსთაველის გამზირი. ახლაც თბილისი მასაზრდოებს...
nino
26 ივნისი 2010 18:36
იცოცხლეთ ბატონო დიმიტრი.ერთი რამ ვერ გამიგია მარტო თბილისშია ნიჭიერი ადამიანები??????????
klara
23 ივნისი 2010 23:02
იცოცხლეთ, ბატონო დიმიტრი
თქვენ,-ხელოვანები,- ხართ იმ სილამაზის წარმომჩენები, რასაც ყოველდღიურ ქარბორბალაში ჩაბმულები ვერ ვამჩნევთ...........
დღეგრძელობას ვუსურვებ ბატონ დიმიტრის
mananach
23 ივნისი 2010 13:51
ღმერთმა გადღეგრძელოთ ბატონო დიმიტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები