"დიდი ხანია ყურადღებას არ ვაქცევთ საქართველოს მხრიდან განცხადებებს" - ბიბილოვის ვიზიტი სერბეთში და ქართული მხარის პროტესტი - კვირის პალიტრა

"დიდი ხანია ყურადღებას არ ვაქცევთ საქართველოს მხრიდან განცხადებებს" - ბიბილოვის ვიზიტი სერბეთში და ქართული მხარის პროტესტი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. "ვიზიტის" ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

ბიბილოვმა დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი სერბთა რესპუბლიკასთან კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ითანამშრომლებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ "სერბთა რესპუბლიკასთან ხელმოწერილი შეთანხმება უახლოეს პერიოდში რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადაეგზავნება".

დე ფაქტო პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბთა რესპუბლიკაში "სამხრეთ ოსეთთან" მიმართებაში მეგობრული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მზაობაა სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობა შედგეს.

"ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხრეთ ოსეთის ცნობადობა, დავამყაროთ კონტაქტები", - აღნიშნა მან.

ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა მისი ბალკანეთში "ვიზიტის" გამო.

"საქართველოს ელჩმა ოფიციალური პროტესტი გამოხატა. თბილისი სხვა სახელმწიფოებში ჩვენს ვიზიტებზე ნერვიულობით რეაგირებს, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია ყურადღებას არ ვაქცევთ საქართველოს მხრიდან განცხადებებს. თუ მათი მხრიდან უარყოფითი რეაქციაა, ესე იგი, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ", - განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი"