"საქართველოს ობოლი ცრემლი" - რატი (ტატო) ნინუა - კვირის პალიტრა

"საქართველოს ობოლი ცრემლი" - რატი (ტატო) ნინუა

დადიოდა თბილისის ქუჩებში განუზომლად დიდი თავისი სულით, ნიჭით, ადამიანობით... უყვარდა... ტკიოდა... და, როცა ტკივილს ვეღარ იტევდა, წერდა...

ესმოდა და გრძნობდა სამყაროს სუნთქვას... და შემდეგ რითმებად გადმოღვრიდა ხოლმე გაგონილსა და ნაგრძნობს:

"გარდაიცვალნენ შემოდგომის ცივი ხელები.

მკვდარი ნოემბრის მტვრიან სულში აყვავდა მთვარე.

ფოთლები ქრიან და ტბორავენ ქარს გახელებით.

წევს შემოდგომა და არავინ უხუჭავს თვალებს".

როცა ამ სტრიქონებს წერდა, მხოლოდ 12 წლის იყო. მის მასწავლებელს დაწყებით კლასებში, ქალბატონ დოდო ტატიშვილს, ახლაც შენახული აქვს ზღაპრები, რომლებსაც 6 წლის დიდთვალება ბიჭუნა უწერდა.

რამდენად ძნელია მასზე წარსულ დროში საუბარი... მასზე, რომელმაც ამდენი მოასწრო. მაგრამ რომელსაც კიდევ უამრავი რამ უნდა გაეკეთებინა.

რატი ერქვა, მაგრამ მოფერებით ტატოს ეძახდნენ.... და ბავშვობიდანვე განისაზღვრა მისთვის გზა - ქანცგამწყვეტი, დაუსრულებელი ჭიდილის გზა.

ჩვენი სკოლის შვილი იყო - სულითა და ხორცით პირველსკოლელი: უღალატო, ერთგული, მიზანდასახული, იდეალებისათვის მებრძოლი... თავისი ქვეყნის ტკივილს რომ ატარებდა გულით და მის დამცირებას რომ ვერ ეგუებოდა.

პირველად 9 აპრილს ეტკინა ყველაზე მეტად სამშობლო:

"გამხდარი ქუჩა წყლიან თვალებს ხმაურით ახელს.

ქალაქს სველ მკლავზე ასვენია ზეცის სიმშვიდე...

ჩუმი ტკივილით იმეორებს აპრილის სახელს

და თეთრ სულს უწვდის ასაკენკად პატარა ჩიტებს..."

იყო თავისუფალი და თავისუფლებისათვის მებრძოლი... თხემით ტერფამდე ქართველი... მებრძოლი და რომანტიკოსი... უყვარდა ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვაჟა-ფშაველა... მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია.... უყვარდა დონ-კიხოტი...

ჩვენი სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თარგმანის განხრით. მისი თარგმნილი ბაირონის, პუშკინისა თუ ესენინის სტრიქონები თარგმანის კულტურისა და ხელოვნების ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს. სრულყოფილად იცოდა რუსული, გერმანული, ინგლისური ენები. სწავლობდა იტალიურსა და ბერძნულს.

პირველი კრებული - "ალუბლის იალქნები" - მეთერთმეტე კლასში გამოსცა. ლექსები გაგაოცებთ მხატვრული სახეებით, რითმებით, სინატიფითა და ესთეტიზმით...

უნივერსიტეტში სწავლისას ფრიდრიხ ნიცშეთი დაინტერესდა და მიუძღვნა კიდეც ნაშრომი - "ფრიდრიხ ნიცშეს ტრაგედია", რომელიც რატის სიკვდილის შემდეგ წიგნად გამოიცა.

მისი წასვლის შემდეგ 7 წიგნი გამოვიდა, მისი ულამაზესი სამყაროს ნაწილი.

რასაც აკეთებდა, გულით აკეთებდა. სხვაგვარად, უბრალოდ, არ შეეძლო...

გულითვე ევედრა უფალს:

"აპრილის სუნთქვას და სულიწმინდას, დე, ნუ დაწნეხავს უხსენებელი.

არ მითხრა, არა, რომ გვიანია, რომ ჩემი შრომა არის ამაო...

მე ვინანიებ, მე ვინანიებ, მე ვინანიებ - ტკბილო მამაო!"

მერე თვითონ გადაწყვიტა წასვლა...

2000 წლის 10 მაისს უნივერსიტეტის I კორპუსში "გულითვე გამოჰკრა ჩახმახს" (ზეზვა ქავთარაძე).

და წავიდა. თუმცა, "იგი კვლავაც განაგრძობს წვას იმ ხატის წინაშე, საქართველო რომელსაც ჰქვია" (მუხრან მაჭავარიანი).

რატი ნინუას წელს 40 წელი შეუსრულდა.

თბილისის კლასიკური გიმნაზია