იყო თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინა, რომელიც საქართველოში გაიხარჯა? - კვირის პალიტრა

იყო თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინა, რომელიც საქართველოში გაიხარჯა?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა, რომ "შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით".

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუდიტის სამსახურის პუბლიკაციაში არ იყო განმარტებული, რომ საუბარი იყო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და არა სხვა აცრებზე, რომლებიც კეთდება კალენდრის მიხედვით.

"გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც ეხებოდა იმუნიზაციის პროცესს. ის, რაც პუბლიკაციაში წერია, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის, გუშინწინ გაიმართა სხდომა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს აუდიტის სამსახურს ჩვენი პოზიცია. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და იყო დაპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია საზოგადოებას ჯერ არ მოუგონია, რამაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაზე, რომელზეც აუდიტის სამსახური აქცენტს აკეთებს, 2016 წელს ქვეყანაში კანონმდებლობის სრული დაცვით იყო შემოტანილი.

"საქმე ეხება ცოფის ვაქცინას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატია. უფრო კონკრეტულად, თუ არ გაიკეთე ეს ვაქცინა, სიკვდილის რისკია. ვაქცინა შემოტანილი იყო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ადამიანებში, ცოფის არცერთი შემთხვევა ბოლო სამი წელია არ გამოვლენილა. ასევე გეტყვით, რომ ეს არის 1989 წლის მერე პირველი შემთხვევა, როცა ბოლო სამი წელია ცოფი არ ყოფილა ადამიანებში. ამ ვაქცინის გამოყენებას არც ერთი გართულება არ მოჰყოლია. ხოლო, ამ საკითხზე აუდიტის სამსახურის მიერ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა", - განაცხადა იმნაძემ.

მისი განმარტებით, "ეს ვაქცინა თუ არ გაიკეთა ადამიანმა, მოკვდება, ვინაიდან ცოფი არის 100%-იანი სასიკვდილო დაავადება. ამ ვაქცინით ვინც აიცრა, არც ცოფი დამართნია და არც რეაქცია ჰქონია".

"ინტერპრესნიუსი"