"ადამიანი მოკვდებოდა, თუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავუკეთებდით, უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით ერთი თვე" - კვირის პალიტრა

"ადამიანი მოკვდებოდა, თუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავუკეთებდით, უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით ერთი თვე"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის უვარგისობაზეც ინფორმაცია გავრცელდა, ადამიანებში არანაირი უკუჩვენება არ გამოუვლენია,როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ვაქცინა ქვეყანაში ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით იყო შემოტანილი, აქედან გამომდინარე, ვაქცინაზე ყოველგვარ ინსინუაციებს მიუღებლად მიიჩნევს.

"ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით ერთი თვე იმიტომ, რომ ადამიანი მოკვდებოდა, თუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავუკეთებდით. აქედან გამომდინარე, სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ვადაში ახალი შემოვიტანეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვაქცინა არ ვარგოდა. უბრალოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქარხანას მოუხსნა პრეკვალიფიკაცია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ასევე, პაატა იმნაძეს არ განუმარტავს, რის საფუძველზე მოეხსნა პრეკვალიფიკაცია თავის დროზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც შემდეგში ახალი ვაქცინით ჩანაცვლდა.

იყო თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინა, რომელიც საქართველოში გაიხარჯა?

"ინტერპრესნიუსი"