ბაჩო ქაჯაია: "სრულიად აპოლიტიკური ვარ!" - კვირის პალიტრა

ბაჩო ქაჯაია: "სრულიად აპოლიტიკური ვარ!"

"შუა ქალაქის" ქეთევანი: "რაც ქეთევანი ვარ, პოლიტიკაზე აღარ ვლაპარაკობ..."

"შუა ქალაქის" დედას ბუშტი ლაშიკო, მსახიობი ბაჩო ქაჯაია ზაფხულს საინტერესოდ ატარებს. ტახზე სანადიროდ წასული შინ იხვით დაბრუნდა და იხუმრა, ალბათ, ტახი შვებულებაში გავიდაო.

- გიყვარს ნადირობა?

- სოფელ კარწახში, ახალქალაქის რაიონში სათევზაოდ და სანადიროდ ვიყავით მეგობრები წასული. რა ვიცი, ტახზე ვინადიროთო და რომ ვერ მივაგენით, იხვებს დავერიეთ. ასე რომ, შინ ხელცარიელი მაინც არ დავბრუნდით. ზღვაზე ყოფნა უკვე მოვასწარი "შუა ქალაქის" ლელასთან, ეკასა და სალომესთან ერთად. მშვენივრად დავისვენეთ ოჯახებთან ერთად.

- დალევასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან მიყვარს სადღეგრძელოები და ამის გამო ხშირადაც ვარ თამადა. ჩემი სურვილია, მშვიდობა იყოს საქართველოში და მალე გაერთიანებული, ბედნიერი სამშობლო გვეხილოს! მინდა გითხრათ, რომ სრულიად აპოლიტიკური ვარ და ამიტომ დასვენების დროს ტელევიზორსაც არ ვუყურებ.

"შუა ქალაქის" ქეთევანი: "რაც ქეთევანი ვარ, პოლიტიკაზე აღარ ვლაპარაკობ..."

"შუა ქალაქის" ქეთევანს, მსახიობ თამუნა ნიკოლაძეს რომ დავუკავშირდი, აღმოჩნდა, რომ ინტერვიუს მიცემას სექტემბრამდე არავისთვის არ აპირებდა, თუმცა ჩვენ სიამოვნებით დაგვთანხმდა.

- თამუნა, სად ისვენებ?

- ბათუმში ვარ, თუმცა დღე-დღეზე ბოდრუმში მივფრინავ ბავშვობის მეგობართან ერთად. ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ  მთა სულ სხვაა: ბახმაროს, შოვს ვერ გავურბივარ, თუმცა ჩემი ოცნება ფშავ-ხევსურეთის ნახვაა. ზღვა კი უდიდეს ენერგიას და ძალას მაძლევს, მამშვიდებს კიდეც. თეთრი ვარ და მზეზე ადვილად ვიწვები, სამი დღე კი აფეთქებულ ატამს ვგავარ ხოლმე. თუმცა მომწონს გარუჯული კანი, ყველაფერს ადვილად ვიხდენ.

- ზღვაზე რა სტილის სამოსს იცვამ?

- არ მიყვარს ზღვაზე გადატვირთული მაკიაჟი და მდიდრული სამოსი. ყოველთვის ბუნებრივი, ჰაეროვანი ტანსაცმელი მაცვია. მთაში კი უპირატესობას ჯინსის შარვალსა და კედებს ვანიჭებ. რამდენიმე დღის წინ 18 მსახიობი ბახმაროს მთაზე ავძვერით, ღამე იყო და ალიონს ველოდით. თავი სიზმარში მეგონა, ჩემს ფეხებთან მზე რომ ამოიწვერა...

- "თავისუფალი თეატრიდან" გასტროლი არ გქონია?

- წელს არა! ავთო ვარსიმაშვილმა ფილმი "ყველაფერი კარგად იქნება" გადაიღო, სადაც ტერორისტი ქალის ეპიზოდურ როლს ვთამაშობ, ოღონდ,  არაბი ვარ. ისე, პირველ "იდიოკრატიაში" ყრუ-მუნჯ ელენეს ვასახიერებდი. მოკლედ, უცნაური როლები არ მცდება (იცინის)! რაც შეეხება ქეთევანს, ჩემს ტელეგმირს, მიყვარს. გურული ქალია, ემოციური. ერთი სტუდენტობის დროინდელი ნაცნობი მყავს, ზუსტად მისნაირია, თუმცა ბევრ რამეს როლისთვის სხვებისგანაც ვიღებ. ფრაზები: "ვთქვი, თქვა", "რა ვიცი, ვიცი? რა ვიცი", - ჩემი მოგონილია. ხშირად ქუჩაშიც გამიგონია. ისე, ბათუმში ბევრი მეძახის ქეთევანს, მანქანაშიც შემომიყოფენ ხოლმე თავს, ხომ ნამდვილად შენ ხარო და ავტოგრაფებს მთხოვენ. მე კი ასეთ ყურადღებას და სიყვარულს ვაფასებ და უზომოდ მიხარია.

- პოლიტიკაში ჩართულ თბილისს როდის უბრუნდები?

- თბილისის გარეშე არ შემიძლია. მაგრამ პოლიტიკა ჩემგან შორსაა. რაც ქეთევანი ვარ, პოლიტიკაზე შეკითხვა არავის დაუსვამს და არც მილაპარაკია. უბრალოდ, მინდა ჩემს ქვეყანაში ხალხი ჯანმრთელი, დაპურებული და შუბლგახსნილი დადიოდეს, ყველას ჰქონდეს სამუშაო, იყოს ბედნიერი, ასე მეც ძალიან კარგად ვიგრძნობ თავს.