ღია წერილი ჭეშმარიტ ქართველებს და ნამდვილ ოპოზიციას - კვირის პალიტრა

ღია წერილი ჭეშმარიტ ქართველებს და ნამდვილ ოპოზიციას

ანუ საფრანგეთიდან დანახული ქართული პოლიტიკა

"იფიქრეთ ცივი გონებით და ცხელი გულით და თუ ცოტას მოინდომებთ, ქართულ იდეასაც გადაარჩენთ"

"ყოველი დღე კი არა, ყოველი საათი ძვირფასია დღეს საქართველოსთვის"

"თუ მომავალ თაობას აღარ ექნება ქართული სული, გვექნება კი ქართული სახელმწიფო?"

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვიდრე ამ წერილის გამოგზავნას გადავწყვეტდი. ჯერ ერთი,  თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ჩემი სახელი და გვარი არავის არაფერს ეუბნება, გარდა ჩემი ახლობლებისა, ანუ როგორც დღეს საქართველოში იტყვიან, არა ვარ ე.წ. "ნაცნობი სახე". მეორეც იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას, ვინ არის, ვის დაჰკარგვია, რა ჭკუას გვარიგებს უცხოეთიდანო. მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, მთლად ასეც არ არის საქმე.

ვინ როგორ, არ ვიცი, მაგრამ ემიგრანტი ქართველი ათმაგად განიცდის საქართველოს ტკივილს, ვიდრე მანდ მცხოვრები, თანაც ამას ემატება სინდისის ქენჯნა, უშუალოდ რომ ვერ მონაწილეობ სამშობლოში მიმდინარე პროცესებში.

ვერანაირი კეთილდღეობა ვერ ამსუბუქებს ამ სიმძიმეს. წერილის გამოგზავნაც ამ მძიმე გრძნობის შესამსუბუქებლად გადავწყვიტე. მინდა იცოდეთ ისიც, რომ ყველაფერს უანგაროდ მოგახსენებთ, რადგან საქართველოში მიმდინარე პროცესები გასაგებ მიზეზთა გამო,  ვერანაირად შემეხება და ვერც ჩემს სოციალურ სტატუსზე იმოქმედებს. ამიტომ არის ეს ნააზრევი წმინდა სულიერი ხედვა, მხოლოდ და მხოლოდ დედასამშობლოს სიყვარულით განპირობებული.

საქართველოსთან სულიერი კავშირი, ამ ხნის მანძილზე, ერთი წუთით არ გამიწყვეტია. ეს იმიტომ, რომ აქ მოქმედებს   საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი ქართული ეკლესია. ის ძალიან მეხმარება თავი ყოველ წუთს საქართველოს ნაწილად ვიგრძნო და მისით ვისუნთქო.

არ მინდა შეგაწყინოთ და  სათქმელს მოკლედ გეტყვით.

ჩემს წერილში მინდა ქართული სულიერების მქონე იმ რამდენიმე ადამიანსა და პოლიტიკურ პარტიას მივმართო, რომელთაც  ამ გადმოსახედიდან თუ ამოსახედიდან (ეს კიდევ ცალკე განხილვის თემაა, ჩემი აზრით, საქართველოს ზემოდან გადმოსახედი არაფერი სჭირს) ვთვლი, შესწევთ საქართველოს გადასარჩენად გაერთიანების ძალა. ვგონებ, არსებობის მანძილზე ასეთი მძიმე დღეები საქართველოს არ ჰქონია.

ჩვენი ისტორიული მტრები, რომლებიც ვაზსა და ტყეს გვიჩეხდნენ, წყაროებს გვიშრობდნენ, უცხო ტომისანი იყვნენ, დღევანდელი მტერი კი ჩვენი წიაღიდანაა და "სატანასავით" ადამიანების სულებზე ნადირობს - ძალზე შეფარვითა და მიზანდასახულად. ეს თამაში განსაკუთრებული  ეფექტით ახალგაზრდობაზე მოქმედებს და თუ მომავალ თაობას აღარ ექნება ქართული სული, გვექნება კი ქართული სახელმწიფო?

ეს პროცესი ბევრმა სახელმწიფომ გაიარა. მათ ჰქვიათ თავიანთი სახელები, სახელის შესაბამისი სული კი არ შერჩათ. აი, ეს ემუქრება საქართველოსაც... ქართველი ხომ ეროვნება არ არის მხოლოდ...

ქართველ პოლიტიკოსთაგან პირადად  არავის ვიცნობ. ეროვნული მოძრაობიდან - მხოლოდ გოგა ხაინდრავას. მინახავს ქუჩაში თავისი აპარატით, ბრძოლაში, სუფრასთან და ა.შ. იყო სულით (ანუ იდეით) ქართველი და ასეთადვე დარჩა. გოგამ კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო ქართველი. რამდენს უწერია პასპორტში ეროვნება, მაგრამ რა, განა ქართველია? არა და არა.

სწორედ ამ იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ისეთი ხალხი, როგორიცაა: ლევან გაჩეჩილაძე, (რომელიც "კაცი კი არა, მთლიანად გულიაო"), მისი ძმა "უცნობი", რომლის არც ერთი გადაცემა არ გამომიტოვებია (საკან #5-ს ვგულისხმობ). ამ უდავოდ ნიჭიერი კაცის დამსახურებაა 2009 წლის 26 მაისის აღტყინება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება იყო. რატომღაც არავინ აღნიშნავს, რომ ზუსტად იმ დროს "გადმოსხეს პოლიტიკური დესანტი". ბატონი ალასანიას ეგრეთ წოდებულმა მოლაპარაკებების იდეამ გაანელა არსებული მუხტი და გათიშა ავად თუ კარგად გაერთიანებული ოპოზიცია.

ამ ქმედებამ მთავარი "გამთიშველები" - ხიდაშელ-ბერძენიშვილიც კი გაანაწყენა. მაშინვე უნდა მიგეჩინათ ალასანიასთვის კუთვნილი ადგილი და 30 მაისის მოვლენები აღარ მოხდებოდა. მარტო რესპუბლიკელებს ვინ გაჰყვებოდა? დაიმახსოვრეთ ჩემი პროგნოზი: თუ მას დროზე არ ამხელთ, შეიკვრებიან ალასანია და ქრისტიან-დემოკრატები, კოდექსის შეცვლის გარეშე მოითხოვენ ვადამდე არჩევნებს და სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებსაც "გაუპრავებენ".

მინდა მივმართო კოკა გუნცაძეს, კაცს, რომელსაც საერთოდ არაფერი რომ არ გაეკეთებინა, მარტო ის რად ღირს, კაცურად რომ შემოჰკრა "უსახურ ჭინკას". მან ამით მთელ "საჭინკეთს" შემოულაწუნა. ღრმა პატივისცემით მინდა მივმართო "ეროვნულ ფორუმსაც", ჭეშმარიტად ქართული იდეის მატარებელ ხალხს, მაგრამ მცირე საყვედური მათაც უნდა ვუთხრა: შორიდან ძნელია პარტიის საქმიანობის შეფასება, მაგრამ, ალბათ, მეტი აქტივობაა საჭირო და თუ ვცდები, გთხოვთ, დიდსულოვნად მაპატიოთ.

დიდ პატივისცემას გამოვხატავ ქ-ნი ნინო ბურჯანაძისადმი, რომელმაც ისეთი გაბედული ნაბიჯები გადადგა, ბევრი ვაჟკაცი ვერ შეძლებდა. აფერუმ, თქვენს ქალობას!  პატივი მინდა მივაგო ბატონ სოზარ სუბარსაც. მისმა ბოლო პერიოდის ქმედებებმა აღმაფრთოვანა. ასე რომ, ჩემო საყვარელო ხალხო, თქვენ ის ძალა ხართ, ერთი იდეით გაერთიანება რომ შეგიძლიათ. გაერთიანდით და დაასახელეთ ლიდერი.

ჩემო თანამემამულენო, იფიქრეთ ცივი გონებით და ცხელი გულით თუ ცოტას მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ და ქართულ იდეასაც გადაარჩენთ. ყოველი დღე კი არა, ყოველი საათი ძვირფასია დღეს საქართველოსთვის. იქნებ, ცოტა იჩქაროთ, ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი!

უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით, თემო საყვარელიძე ანუ "კირილე" 2010წ. საფრანგეთი