ივანიშვილი, თოფაძე, "ზარალა" - კიდევ ვის და რატომ გადაეცა "დავით სარაჯიშვილის პრემია"?! - კვირის პალიტრა

ივანიშვილი, თოფაძე, "ზარალა" - კიდევ ვის და რატომ გადაეცა "დავით სარაჯიშვილის პრემია"?!

ქართული თეატრის დღეს - 14 იანვარს თეატრალურმა საზოგადოებამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მათ შორის, რამდენიმე სხვა ბიზნესმენთან ერთად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. "დავით სარაჯიშვილის პრემიის" მფლობელები გახდნენ: ბიძინა ივანიშვილი, გოგი თოფაძე, "თელავის ღვინოს მარანი", ლაშა პაპაშვილი, ელგუჯა ბუბუტეიშვილი და გიორგი რამიშვილი, იგივე"ზარალა". სოციალურ ქსელში განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა პრემიის სწორედ ამ უკანასკნელისთვის გადაცემას.

ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს დავით სარაჯიშვილის ჯილდოს აგდება და მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული თუ ვის რა დამსახურებისთვის გადაეცემა, ისევე, როგორც დღემდე სწორად ხდება კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის გაცემაო...

თუ რატომ გადაწყდა სწორედ ამ ბიზნესმენებისთვის დავით სარაჯიშვილის სახელობის პრემიის გადაცემა, ამ საკითხზე სასაუბროდ საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეს, გიორგი გეგეჭკორს დავუკავშირდით...

- არ მესმის რა არის კრიტიკის და ცინიზმის საგანი?! ბიძინა ივანიშვილმა რომ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა მრავალი თეატრი და მსახიობი, ეს მგონია, რომ ყველამ ისედაც იცის... გოგი თოფაძეზე ნაკლებად არის ცნობილი და ამიტომაც უნდა მოიკითხონ და იცოდნენ, რომ იგი სახალხო არტისტებს ხელფასს უხდიდა იმ პერიოდში, როდესაც მათ ძალიან უჭირდათ... აქ არ არის საუბარი კაპიტალის რაოდენობაზე. დამოკიდებულებაა უმთავრესი! "თელავის ღვინის მარანს" გადაეცა ჯილდო, რადგან თელავის თეატრს ძალიან ეხმარება... ჩვენ არ გვინდა ვინმეს დავუკარგოთ ღვაწლი, რათა ეს იყოს მაგალითის მიმცემი, თუ ვინმე რამეს გაიღებს და კეთილ საქმეს გააკეთებს, მას ეს არ დაეკარგება!... დავით სარაჯიშვილის სახელობის ჯილდო არ არის ფულადი პრემია, ეს არის ჯილდო მადლიერების ნიშნად... მოქანდაკე გოგი ჟღენტმა პრაქტიკულად უანგაროდ დაგვიმზადა ეს ჯილდოები. ესეც მეცენატობაა, როდესაც ასეთ ძვირადღირებულ ექვს ჯილდოს უსასყიდლოდ დაამზადებ...

- სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად ისმოდა კითხვა, რა დამსახურებისთვის ერგო ჯილდო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს?

- გიორგი რამიშვილის დამსახურებაა დღეს რომ ასე კარგად არის წინანდლის მუზეუმი მოვლილი, იქ შესანიშნავი საკონცერტო დარბაზიც გააკეთეს... ყოველ წელიწადს, ოქტომბრის თვეში, თელავში კლასიკური მუსიკის საერთაშორსო ფეტივალი იმართება ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით და ყველა გენიალური მუსიკოსის და ფესტივალის მასპინძელი გიორგი რამიშვილია. სტუმრები წინანდალში ბინავდებიან და მგონი, მსოფლიოს არცერთი მუსიკოსი უარს არ იტყვის ასეთ პირობებში ჩამოსვლაზე... ლაშა პაპაშვილმა დაარსა "დურუჯი", რომელიც ყოველ წელს წარმატებულად ტარდება და ამ ადამიანისთვის უნდა დაგვეკარგა ამხელა სიკეთე?! ელგუჯა ბუბუტეიშვილს თუ გადავეცით ჯილდო, მას წარმოუდგენლად ბევრი აქვს გაკეთებული: სოხუმის თეატრი რომ ჩამოვიდა ლტოლვილად, შენობა დაუთმო თეატრს და ათი წელი იმ შენობაში იყვნენ. საშინელი გაჭირვების წლებში მე პირადად რამდენჯერმე წამიყვანია იმჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი მასთან და პოლიეთილენის პარკით წამოგვიღია მანეთები.

ელგუჯა ბუბუტეიშვილი მაშინ თამბაქოს ქარხნის დირექტორი იყო. თეატრალური საზოგადოების კუთვნილი ბობოყვათის რვა კოტეჯი სწორედ ბატონი ელგუჯას აშენებულია...

ჩვენ ყველა ჯილდოზე გადაწყვეტილება დიდი ფიქრის, განსჯის და გამოკითხვის შედეგად მივიღეთ! მგონია, რომ წელს ძალიან სწორად გაიცა პრემიები და ჯილდოები და ყველას დავუსაბუთებთ, ვინც ირონიულად ეხმიანება!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)