"რამდენჯერ სიზმარში ვნახე, რომ სტუდიაში შევდივარ..." - "მოამბის" ყოფილი დიქტორი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს - კვირის პალიტრა

"რამდენჯერ სიზმარში ვნახე, რომ სტუდიაში შევდივარ..." - "მოამბის" ყოფილი დიქტორი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს

"პირველი არხის" დიქტორი დავით სოკოლოვი ალბათ ბევრს ახსოვს. დღეს, "მოამბის" ყოფილი წამყვანი ხანდაზმულთა ჰოსპიტალში ცხოვრობს. მან თავის ისტორია "პოსტ ტვ"-ს უამბო.

"ჟურნალისტიკა მენატრება, რამდენჯერ სიზმარში ვნახე, რომ სტუდიაში შევდივარ და გადაცემა უნდა წავიყვანო, მაჩქარებენ, რომ სინათლეა დასაყენებლი, დროზე. ეჰ...

ჰოსპიტალში უკვე წელიწადია ვართ, ჯერ სხვაგან ვიყავით და მერე გადმოვედით აქ. აქ კარგია, ჯერ ერთი ყურადღებაა, სამედიცინო მომსახურება, ყველაფერია.

5 წელია მეუღლეს ვუვლი, ინსულტი ჰქონდა, მეტყველება წაერთვა, მოძრაობა არ შეუძლია. მე წელიწადია ასე ვარ, ზურგის ტვინში მქონდა ინსულტი. ბინა დაგვეწვა, ვცხოვრობდით შევჩენკოს ქუჩაზე, პირველი სკოლის უკან, 1998 წელს ფული გვეკუთვნოდა, როგორც დაზარალებულებს, მოვითხოვე, რომ იმ ფულით ამიშენეთ ბინა-მეთქი, დამპირდნენ. დადგენილებაც მომცეს, შენახული მაქვს, მაგრამ სახლი არ შენდება...

იმაზე დიდი დაფასება არაფერია, როცა ქუჩაში მიდიხარ, ვიღაც გაგაჩერებს, მოგესალმება და გაიხსენებს შენს ყოფნას საზოგადოებაში. ამაზე დიდი დაფასება არაფერია, ჭირს წაუღია ფულის და ის ყველაფერიც".

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართული ტელევიზიის პირველი დიქტორები