მომხიბვლელი პიონერთა ხელმძღვანელი ფილმიდან "მანანა" - კვირის პალიტრა

მომხიბვლელი პიონერთა ხელმძღვანელი ფილმიდან "მანანა"

ძნელად წარმოსადგენია მისი გმირი ფილმიდან "მანანა" ჩვენში ვინმეს არ ახსოვდეს - ახალგაზრდა, მომხიბვლელი წითელყელსახვევიანი პიონერთა ხელმძღვანელი, რომელსაც ცელქი გოგო ათას თავსატეხს უჩენდა.

სწორედ, ამ ფილმით გაიცნო ფართო მაყურებელმა მსახიობი ლამზირა ჩხეიძე. ის დღეს საქართველოს დამსახურებული არტისტი და ქართული ხელოვნების ამაგდარია. მან რუსთაველის თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო როლი შექმნა.

მუყაოს ძველ ყუთში უამრავი ფოტოა. ქალბატონი, ლამზირა ჩხეიძე თითოეულს თვალს გადაავლებს და მოგონებებიც ცოცხლდება. როცა ფოტოზე მის მიერ განსახიერებული რომელიმე გმირია გამოსახული, იგი თითქოს კიდევ ერთხელ "თამაშობს" ამა თუ იმ როლს. მსახიობმა საკუთარ საინტერესო ცხოვრების გზაზე ჟურნალ "გზას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"დედაჩემს არ უყვარდა თავისი გარდაცვლილი დედისა და მეუღლის სურათების ყურება, მე კი პირიქით დამემართა. დედა რომ გარდაიცვალა, უამრავი ფოტო კედელზე გალერეასავით გამოვფინე. განსაკუთრებით ერთ სურათზე მეჩხუბებოდნენ, - რად გინდა, კედელზე რომ გიკიდიაო? იმ ფოტოზე დედა კუბოში წევს. არადა, ფოტოების გადაღების დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა. ვხედავდი, რომ მძიმე შესახედი იყო, მაგრამ რა მექნა, თავს ვერ ვძლიე..."

"ბაბუა ალექსანდრე კრემენსკი სამხედრო იყო. თელავში პოლონელების პოლკი იდგა, სადაც ბაბუა მსახურობდა. ახლა მეჩვენება, რომ ეს კაცი ძალიან უბედური იყო და ამიტომ, ყველაზე მეტად მიყვარს. თუმცა, მას არ ვიცნობდი და არც მისი ფოტო გვქონდა ოჯახში. ბაბუის ერთადერთი სურათი 90 წლის მერე აღმოვაჩინე თელავში, გასტროლების დროს... ბაბუა არასოდეს მინახავს, არც დედას ენახა, რადგან დედაჩემის დაბადებამდე ოთხი თვით ადრე ყაჩაღებმა მოკლეს. ერთ სურათზე ვთქვი, ეს იქნება ალექსანდრე კრემენსკი-მეთქი და ასეც იყო..."

"იმ პერიოდში ბათუმში ჩამოვიდა ვასო გოძიაშვილი თავის კონცერტმაისტერთან ერთად და ისინიც ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ. თურმე ბატონ ვასოს, თავის ნომერში გრაფინი გასტეხია და ისე წასულა სასტუმროდან, რომ არავინ გააფრთხილა. ერთ დღესაც ქალბატონი სესილია ნომერში უზომოდ გაბრაზებული შემოვარდა. ადმინისტრაციიდან უთქვამთ, რომ გრაფინის თანხა თქვენ უნდა გადაიხადოთო. არადა, სესილია და ვასო ცოლ-ქმარი უკვე აღარ იყვნენ..."

ქალბატონი ლამზირა ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 18 იანვრის ნომერში.

ნანული ზოტიკიშვილი