ისტორიის "მკაწვრელები"
22-01-2018
ისტორიის "მკაწვრელები"
კიდევ ერთ ძირძველ ქართულ სოფელს გაქრობა ემუქრება

დღეს სოფელ თოკში 10-მდე ოჯახი თუ რჩება, დაწყებით სკოლაში კი ორიოდე ბავშვი სწავლობს. არადა, რამდენიმე ათეული წლის წინ თოკი ერთ-ერთი მრავალკომლიანი და ძლიერი სოფელი იყო. ამ ხნის განმავლობაში სოფელში ორი ეკლესია ჩამოიშალა...


თოვს მესხეთ-ჯავახეთში, თე­თრი­ ნაბადი მოუხურავს ასპინძას ნაომარ, ბებერ ქედ­ზე. იქნებ უხვმა ფანტელმა­ გაზაფხულამდე მიაყუჩოს მუ­რჯახეთელების,­ თმოგველების, ვარგაველების და სხვათა ტკივილი.

- ითოვოს, ცოტა ხნით მაინც თვალს მიეფაროს ნასოფლარ-ნაქალაქრებიო, - ნაღვლიანად ამბობენ
აქაურები, მაგრამ არც იმდენი თოვლია და ალაგ-ალაგ ალისფერი გადაჰკრავს თოვლიან სერ-ველ­ებს, ნაღვერდლებივით ღუიან ქვა-ლოდად დაშლილი ციხე-კოშკები, სპილენძისფერ სტელებს თავი ამოუყვიათ თოვლიანიდან, აბულის ქედიდან ნახანძრალივით ჩანს ფარავნის, ახალციხისა და აწყურის მიდამოები.
ქარები დათარეშობენ დიდებულ მეს­ხურ ოდა-დარბაზებში, არადა, 15-20 წლის წინ აქ კიდევ ცხოვრობდა ხალხი. სოფელ თოკში
ზამთრობით 10-მდე ოჯახი თუ რჩება, დაწყებით სკოლაში კი ორიოდე ბავშვი სწავლობს.

რამდენიმე ათეული წლის წინ თოკი ერთ-ერთი მრავალკომლიანი და ძლიერი­ სოფელი იყო. ამ ხნის განმავლობაში სოფელში ორი ეკლესია ჩამოიშალა, ნაეკლესიარებზე ნაშალისგან საცხოვრებელი მიწურები ააშენეს(?!) დღეს ისინიც მიტოვებულია. კიდევ ერთ ძირძველ ქართულ სოფელს გაქრობის საფრთხე ემუქრება.

მალე თმოგვის ციხეც ციხე-ქალაქ აწყურის ბედს გაიზიარებს, სავალალო მდგომარეობაშია თოკის, კუმურდოს, გოგაშენის, აფნიის, დამკალის, ზემონაილის, შოლის, კვარშის და კიდევ მრავალი სახელოვანი ალაგის კოშკ-ეკლესია-მონასტრები. ფეხის გადადგმა აღარ მოგინდება, რომელიმე ნატაძრალს რომ არ დავაბიჯო.

ვანის გულმაგარი გამოქვაბულები­ თითქოს გულდაგულ შეუმუსრავს შინაურ-გარეულს. ქვაბულის ეკლესიათა­ კედლები, რომელსაც დღემდე ამშვ­ენებს "ვეფხისტყაოსნის" XVI საუკუნეში მხედრულით ნაწერი უნიკალური ფრაგმენტები და ილუსტრაციები, მომხდურ-დამხვდურს თავ-თავიანთი გვარ-სახელებითა და დაბადების თარიღებით აუჭრელებია, ნაკაწრებში ქართული სახელ-სიტყვები ჭარბობს. თუმცა, უცხოთაც უმარჯვიათ... ზაზა, დიმა, ბიძინა... ეს სახელები აუცილებლად დარჩება ისტორიას, ალბათ მათი, "მკაწვრელების" სურვილიც ასეთი იყო.

- განა გასახარი არ არის ახალი ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, მაგრამ როცა შენი მამა-პაპის სისხლით დაწერილი ისტორია, გაუგონარი სიმამაცით შენარჩუნებული აურაცხელი კულტურული საგანძური თვალსა და ხელს შუა ქრება, აგურ-აგურ გეცლება ხელიდან და ვერაფერს ახერხებ, ვერ შველი საკუთარ სამშობლოს, თავს ვეღარ ერევი, სიხარულსაც ნაკლებად გამოხატავ. მადლობა ღმერთს, ზოგიერთი კულტურული ძეგლის აღდგენა ჯერაც შესაძლებელია და მიმდინარეობს კიდეც. ამის მაგალითია აწყურის ტაძარი, - მეუბნება, სოფელ საროს მკვიდრი გიორგი მაღრაძე, თავისი ქვეყნის უზომოდ მოყვარული ახალგაზრდა, რომელსაც მთელი მესხეთ-ჯავახეთი შემოვლილი და ფოტოებზე აღბეჭდილი აქვს.
გულის მომკვლელია მესხურ-ჯავახურ ქვათა ღაღადი. მშობლიური მიწის ქვითინიც ყველაზე მეტად მის მკვიდრთ ადარდებთ და უწინარესად სწორედ ისინი არ კარგავენ ჭრილობების მოშუშების რწმენას.

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები