"ნინო რამიშვილმა პირდაპირ მკითხა, შეყვარებული თუ გყავსო?" - გოგონა LIFE -ის ყდიდან - კვირის პალიტრა

"ნინო რამიშვილმა პირდაპირ მკითხა, შეყვარებული თუ გყავსო?" - გოგონა LIFE -ის ყდიდან

"ვაზისუბანში მევენახეები მუშაობდნენ, მე ვითომ კონცერტს ვუტარებდი და ვიცეკვე, თან ფოტოგრაფი იღებდა. ამიტომ აწერია გარეკანს "გოგონა ვაზისუბნიდან"

"ნინო სუხიშვილი გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდა. გოგო ლამაზი უნდა ყოფილიყო. თვალები, ცხვირი, ოვალი, თავზე ჩიხტი უნდა მოგხდომოდა"

ამერიკულ ჟურნალ LIFE-ის კორესპონდენტები 1963 წელს საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩამოვიდნენ და საქართველოსაც ესტუმრნენ. 14 წლის ნათელა გუგულაშვილი მაშინ გურჯაანის სკოლაში სწავლობდა. ერთადერთი ქართველი, რომლის ფოტოც LIFE-ის რედაქციამ ჟურნალის ყდაზე დაბეჭდა, მოგვიანებით საქართველოში ყველაზე პოპულარული ქალი გახდა. ის "სუხიშვილების" წევრი და ანსამბლ "ორერას" სოლისტის, ზურაბ იაშვილის მეუღლეა. ნათელა გუგულაშვილი თავის ცხოვრებაზე გვიამბობს.

- ამერიკული ჟურნალის რეპორტიორები გურჯაანში რომ ჩამოვიდნენ, მე სკოლაში ვსწავლობდი, თან ვცეკვავდი. უცხოელები სტატიას ამზადებდნენ საქართველოზე და ჟურნალის გარეკანზე დასაბეჭდად გოგონას ეძებდნენ. ვაზისუბანში მევენახეები მუშაობდნენ, მე ვითომ კონცერტს ვუტარებდი და ვიცეკვე, თან ფოტოგრაფი იღებდა. ამიტომ აწერია გარეკანს "გოგონა ვაზისუბნიდან". გვიანი შემოდგომა იყო, ძალიან ციოდა, მე კი ქართული კაბა მეცვა...

ჟურნალ LIFE-ში ფოტოს დაბეჭდვის შესახებ მხოლოდ ორი წლის მერე შევიტყვე, მას შემდეგ, რაც გაზეთმა "კომუნისტმა" გამოაქვეყნა, რომ ამერიკულმა გამოცემამ დაბეჭდა სტატია საბჭოთა კავშირის ქვეყნების შესახებ სათაურით: "საბჭოთა ხალხი ღმერთის დაუხმარებლად", სადაც საქართველოზე ვრცლად ეწერა და ჩემი ფოტოც ჰქონდათ დართული.

"სუხიშვილებში"

სკოლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, თან უნივერსიტეტის ანსამბლში ვცეკვავდი. იმ პერიოდში იმართებოდა ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსი, სადაც ილიკო სუხიშვილი იყო ჟიურის თავმჯდომარე. კონკურსის დასრულების შემდეგ შემომთავაზა,"არ გინდა, ჩვენს ანსამბლში იცეკვოო. ნინო რამიშვილმა პირდაპირ მკითხა, შეყვარებული თუ გყავსო? არ მიყვარს, ანსამბლში ვინმეს რომ მივიღებ და მალე თხოვდებაო. პირობა შევუსრულე, ანსამბლში მისვლიდან გვიან გავთხოვდი.

უცხოელები კონცერტიდან კონცერტზე დაგვყვებოდნენ, კონცერტის შემდეგ კულისებში შემოდიოდნენ, ავტოგრაფებს ითხოვდნენ, სურათებს იღებდნენ. ნინო გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდა - გოგო ლამაზი უნდა ყოფილიყო. თვალები, ცხვირი, ოვალი, თავზე ჩიხტი უნდა მოგხდომოდა.

"სუხიშვილების" დღევანდელი ახალი პროგრამა არაჩვეულებრივია, ისინი ჩვენი საქმის ღირსეული გამგრძელებლები არიან, თანამედროვეობას კარგად აუღეს ალღო და ქართული ცეკვა კიდევ უფრო დახვეწეს.

"ორერა" და შეხვედრა ზურაბ იაშვილთან

თუ მსოფლიოში "ბითლზები" იყვნენ, ქართველებს "ორერა" გვყავდა. ხალხის ზღვა მოდიოდა კონცერტებზე. ერთხელ ბაქოში ვართ, კონცერტის შემდეგ ლიფტში ზურიკო იაშვილსა და ნანი ბრეგვაძეს შევხვდი. ნანი ეუბნება, "ზურიკო, ნახე, რა გოგოაო..." დაქორწინების შემდეგ მე ცეკვა გავაგრძელე, ზურიკომ - სიმღერა. ზურიკოს მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან. ბევრი ახალი სიმღერა, რომელმაც მომავალში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ჩვენს სახლში იბადებოდა.

ზურიკო არაორდინარული პიროვნება იყო. მახსოვს, გერმანიაში საბჭოთა კავშირის კულტურის დღეებს აღნიშნავდნენ. კონცერტს უნდა დასწრებოდა ბრეჟნევი, უნდა გამოსულიყო "ორერა" და "სუხიშვილების" პატარა ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელი ზურიკო იყო. მოსკოვში ჩავსხედით თვითმფრინავში და ზურიკო არ არის. სტიუარდესას ვეკითხები, სად არის ჩვენი ხელმძღვანელი-მეთქი. თურმე პასპორტის გამოცვლა დავიწყებია. ჩავფრინდით გერმანიაში ხელმძღვანელის გარეშე. საბედნიეროდ, კონცერტს ჩამოუსწრო.

ნინო წიფურია