როვნო გურიაში - კვირის პალიტრა

როვნო გურიაში

როგორ დააძმობილა უკრაინელები და გურულები სოციალისტურმა შეჯიბრებამ

ოზურგეთში, სოფელ მიქელ-გაბრიელში, ოდესღაც ამ ორი მთავარანგელოზის სახელზე ეკლესია იდგა. ბოლშევიკებმა ეკლესია გადაწვეს, სოფელს სახელი შეუცვალეს და შრომა დაარქვეს. დღესაც შრომა ჰქვია, თუმცა ბევრი მაინც მიქელ-გაბრიელს ეძახის. ჰოდა, ამ მიქელ-გაბრიელში, როგორც მთელ გურიაში, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, მეორე - ქართველებისა და უკრაინელების ძმობისა. ძვირფასო რედაქცია, დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჩვენი მეგობრობა მაინც არ გახუნებულა, დღესაც ისევე სიყვარულით ვიხსენებთ უკრაინელებს, როგორ ათეული წლების წინ..."

გრიშა კეჭაყმაძე, სოფელი შრომა

როცა გრიშა კეჭაყმაძეს ვკითხეთ, ასეთი რა დამსახურება აქვთ უკრაინელებს, რომ მათ სადღეგრძელოს განსაკუთრებულად სვამთ-მეთქი, მითხრა:

- ეს ხალხი ჩვენი სოფლისთვის სისხლად და ხორცად ითვლება აგერ უკვე 80 წელიწადიაო. მერე კი დაიწყო:

- 1938 წელს ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ნამეტანი ყოჩაღი ახალგაზრდა, მიხაკო ორაგველიძე დანიშნეს. ერთ დღეს კრებაზე გამოაცხადა, - პარტიამ დამავალა, ჩვენმა სოფელმა უკრაინული სოფელი როვნო გამოიწვიოს სოციალისტურ შეჯიბრებაში. წერილი უკვე დავწერეო და წაგვიკითხა. მიხაკოს ჩამოთვლილი ჰქონდა - ჩვენმა კოლმეურნეობამ ამდენი და ამდენი ტონა ჩაი და ციტრუსი მოკრიფა, ამდენი და ამდენი რძე მოწველა, ამდენი და ამდენი ღარიბი გლეხი უმაღლესში სწავლობს, თქვენთან რაფერაა საქმე, მოგვწერეთ, სოციალისტურ შრომაში უნდა შეგვეჯიბროთო. კრებამ წერილი მოიწონა და როვნოში გაგზავნა. ცოტა ხანში იქიდან წერილი მოვიდა - აგერ ვართ და შეგეჯიბრებითო.

მერე ჩვენი სოფლისკენ მთელი როვნო დეიძრა. მახსოვს, დიდი ამბით შევხვდით. თავმჯდომარემ თქვა, ყველას ერთად უნდა ვუმასპინძლოთ ჩაის საწონ პუნქტშიო. ქალებმა ციტრუსის აკიდოები პუნქტში ისე დაკიდეს, რომ მზესავით ბრწყინავდა იქოურობა. სტუმრებს ჯანის ღვინო მიართვენ ყანწებით, მართალია, სტუმრებმა ყანწის დაჭერა არ იცოდნენ, მაგრამ სმაი არ გასჭირვებიათ.

- ჯანის ღვინო ხომ უძველესი სამკურნალო სასმელია, რომელიც გურიიდან უცხოეთში გაჰქონდათ. ალბათ სტუმრებს ადვილად მოაჯადოებდით.

- თუ სიმართლე გინდა, მაგენი უფრო ხალხმა მოაჯადოვა. ღამე თავმჯდომარემ სტუმრები დასაძინებლად მოსახლეობაში დაარიგა. მეორე დღეს ჩხუბობდა, - რომ გითხარით, სტუმარი დილაადრიან მოგეყვანათ ჩაის პუნქტში, შუადღისას რატომ მოგყავთო! დილაადრიან სტუმარს შინიდან ცხელი ხაჭაპურის და ჭაჭის არაყის გარეშე რომელი ოჯახი გამოუშვებდა! ჭაჭის არაყს დედლები მოჰყვა და სოფელმა უკრაინელები ერთი კვირა არ გოუშვა შინ.

ეს ხალხი შინ რომ დაბრუნდა, სოფელს ძვირფასი საჩუქარი გამოუგზავნა - ერთი ვაგონი უკრაინული საჯიშე ძროხები. გვითხრეს, - ყველაფერი კარგი გაქვთ, მაგრამ ჩვენმა მწველავებმა ძროხები დაგიწუნეს, თხებივით პატარები არიანო. ის სტუმარი მწველავები წელიწადში 8000 ლიტრ რძეს წველიდნენ. ამის მერე მთელი ჩვენი სოფელი წავიდა სტუმრად უკრაინაში. იქ ბარაქა კი დახვდათ, მაგრამ მიხაკომ დასაწუნი მაინც გამოუნახა, - ხილი არ გქონიათო. მერე სპეციალურად უკრაინელებისათვის მოაწყო სანერგე.

მერე ომი დაიწყო და როვნო გერმანელებმა გადაწვეს, ხალხი ამოხოცეს. გადარჩენილები ჩვენ შევიფარეთ. მართალია, ბავშვები არ გაგვიჩერეს შინ, ინტერნატში გადაიყვანეს, მაგრამ დაჭრილი უკრაინელები ომში შვილებდაღუპულმა დედებმა გამოაჯანმრთელეს და ისევ ფრონტზე გააცილეს. მერე მათაც ისე ელოდებოდნენ, როგორც ღვიძლ შვილებს; რომ აღარ დაბრუნდნენ, მათი სურათებიც თავიანთი შვილების სურათების გვერდით ჩამოკიდეს.

ომით გაძვალტყავებულმა ჩვენმა სოფელმა მილიონი მანეთი მოაგროვა და სატანკო კოლონა გააკეთა. ხალხმა მაგ ტანკებისთვის, რაც გააჩნდა, ყველაფერი გამოიტანა სახლიდან. მახსოვს, აბრამ ხომერიკმა, რომელსაც ნიკოლოზის ომში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, უკანასკნელი გროში გაიღო. ეს ამბავი მაშინ ყველამ იცოდა, რადგან თავად სტალინმა გადაწყვიტა ჩვენი სოფლის ფულით ტანკების კოლონა გაეკეთებინა და ზედ ქართული ასოებით "ქართველი კოლმეურნე" დაეწერა. ეს ტანკები ქართველმა მეთაურმა, გვარად კელენჯერიძემ, შეიყვანა უკრაინაში როვნოს ასაღებად.

გამოხდა ხანი და გურულებისა და უკრაინელების ძმობის ძეგლი წამოჭიმეს გურიაში. მთელი საუკუნე ისე გავიდა, დედმამიშვილებივით მივდი-მოვდიოდით ერთმანეთთან. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ როვნოში და იმფერი მასპინძლობა გამიწიეს, ჩვენებურ კაცსაც რომ გაუკვირდება. ცოტათი ბოლო წლებმა შეაჩერა სტუმრიანობა. არც უკრაინელებს ავიწყდებათ, ჩვენ ვინ ვართ და ჩვენც ვიცით, რომ მაგ ხალხის დაკარგვა არ შეგვერგება, - მითხრა გრიშა ბიძიამ.

ამ ამბის დამადასტურებელი ფოტოები კი ოზურგეთის მუზეუმში მოვიძიე, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი.

ეთერ ერაძე