"6 წლის ვიყავი, როცა დედინაცვალმა შინიდან გამომაგდო" - ცნობილი პოეტის ვაჟის გაუსაძლისი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"6 წლის ვიყავი, როცა დედინაცვალმა შინიდან გამომაგდო" - ცნობილი პოეტის ვაჟის გაუსაძლისი ცხოვრება

"იქნებ დამეხმაროთ, რომ დარჩენილი სიცოცხლე გარეთ ძაღლივით გდებაში არ გავატარო!"

არავინ იცის, ცხოვრება რას უმზადებს! კაცის ბედი წუთისოფლის სათამაშო რომ ხდება, ამაზე ჩვენამდეც ბევრს უთქვამს, ჩვენ კი რედაქციაში მოსული ზაზა ჯანგულაშვილის ბედმა შეგვძრა. ამ კაცის გვარი ალბათ გეცნოთ, იქნებ დიდუბის პანთეონშიც ხშირად გინახავთ მამამისის, პოეტ თეიმურაზ ჯანგულაშვილის საფლავი. ყველასაგან დაფასებული პოეტის გარდაცვალებამ მისი სახელი და დიდებაც დაასრულა და მისი შვილებისაც. თეიმურაზს სამი შვილი დარჩა, მათგან სწორედ უფროსი, ზაზა მოვიდა ჩვენთან დახმარების სათხოვნელად:

ზაზა ჯანგულაშვილი: - ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, გული მიტირის. ბავშვობის შემდეგ არ გამიხარია. არადა, სახელოვანი პოეტის ოჯახში დავიბადე, მშვიდი ცხოვრებაც უნდა მქონოდა, მაგრამ, საუბედუროდ, ჩემი მშობლები გაიყარნენ. მამამ - ჩემი ცოლი მარტოხელაა, შვილს ვერ გაზრდის და მე მომაკუთვნეთო. ცნობილ ადამიანს ვინ არ დაუჯერებდა, მზრდიდა კიდეც სათუთად, სანამ დედინაცვალი არ გამოჩნდა.

დედინაცვლის ამბავი კი მოგეხსენებათ, - 6 წლის ვიყავი, როცა რაღაც გავუტეხე და შინიდან გამომაგდო. საგარეჯოში ვცხოვრობდით. იქ იმხანად მანქანა ალბათ, არ დადიოდა, რადგან მახსოვს, ეზოს გარეთ ვიდექი და ვნატრობდი, ნეტავ მანქანა გამოივლიდეს, ბორბლებში ჩავუვარდები-მეთქი! უფალი არსებობს და ამის შემდეგ საქმე კარგად არც ჩემს დედინაცვალსა და მის შვილებს წასვლიათ - თვითონ ახალგაზრდა გარდაიცვალა და ჩემი უფროსი დაც თან მიიყოლა. არც უმცროს დას ულხინს... ჩემი ცხოვრებაც ძაღლურად წავიდა, მამასთან ურთიერთობაც გავწყვიტე. ვიფიქრე, ოჯახი მიშველიდა, მაგრამ ნერვებდაწყვეტილი შინიდან წამოვედი, თუმცა, შვილებისთვის არ მიღალატია - სულ ვეხმარებოდი. ასე ვიცხოვრე ხან სად და ხან - სად. ბოლო 30 წელიწადია, ერთ დანგრეულ საწარმოში დავიდე ბინა. ახლა მითხრეს, უნდა წახვიდეო. სად წავიდე? შვილებს ოჯახები აქვთ და ჩემთან ყოფნა არ უნდათ. უკვე 70 წელს გადაცილებული ვარ და ვიღას ვჭირდები?! იურისტებმა მითხრეს, - საწარმომ ამდენ ხანს თუ გაცხოვრა, ახლა ასე ვერ ამოგკრავს პანღურს, კანონით უნდა დაგეხმაროსო, მაგრამ არ მჯერა, თუ სამართალი კიდევ არსებობს! ამიტომაც მოვედი თქვენთან, - იქნებ მათ მიაწვდინოთ ხმა, ვინც შეძლებს, რომ დარჩენილი სიცოცხლე გარეთ ძაღლივით გდებაში არ გამატარებინოს! - გვითხრა საბრალო მოხუცმა და დაგვემშვიდობა...

რედაქციისაგან: უმორჩილესად ვთხოვთ ქალაქის მერიას და ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალურ სამსახურს, შეგვეხმიანონ, რათა ამ გაჭირვებულ ადამიანს როგორმე ერთად ვუპატრონოთ.

მოამზადა ეთერ ერაძემ