როდის ეღირსება ერეკლეს მუზეუმს გახსნა
22-01-2018
როდის ეღირსება ერეკლეს მუზეუმს გახსნა
თელავის ღირსშესანიშნაობა - მეფე ერეკლე II-ის მუზეუმი ხუთი წელია რეაბილიტაციის დასრულებას ელოდება. ამისთვის 4 მილიონ ლარზე­ მეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2012 წელს გამოიყო. მას შემდეგ რამდენჯერმე დასახელდა მუზეუმის საზეიმოდ გახსნის თარიღიც, თუმცა სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე ჯერ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მერე კი კულტურის სამინისტრომ გადადო. ხუთი წელია, შენობა დაკეტილია და ტურისტები მხოლოდ გარე ფასადის დათვალიერებას სჯერდებიან.

2012 წელს თელავში ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების პროექტით დაიწყო, თუმცა იმავე წელს ითქვა, რომ კომპლექსის,
როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კონსერვაციის სამოქმედო გეგმა შემუშავებული არ იყო, ამიტომ პროექტი შეფერხდა. 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიმუშავა ერეკლე II-ის მუზეუმის­ კონსერვაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც იმავე წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმაც დაამტკიცა. გამოცხადდა, რომ ბატონის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები
2014 წლის გაზაფხულიდან ინტენსიურად განახლდებოდა, თუმცა 2015 წელს პროექტის დასრულების ნაცვლად, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ერეკლე II-ის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყეს. მართალია, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და სარეაბილიტაციო სამუშაო 2015 წელსვე განახლდა დაპირებით, რომ მუზეუმი 2016 წელს ოფიციალურად გაიხსნებოდა, თუმცა 2016 წლის დამდეგს შევიტყვეთ, რომ რეაბილიტაციის დასრულების ვადა 2016 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. შემდეგ მთელი კახეთი განახლებული ბატონის ციხის დასათვალიერებლად მოემზადა. თელავის მაშინდელმა მერმა, პლატონ კალმახელიძემ, მუზეუმის გახსნის დღედ 2016 წლის 7 ნოემბერი გამოაცხადა და პირობაც დადო, რომ ერეკლე II-ის დაბადების დღე, იგივე თელავქალაქობა, აღდგენილ კომპლექსში აღინიშნებოდა, მაგრამ პირობა ვერც ამჯერად შესრულდა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების დროდ უკვე 2017 წლის გაზაფხული დასახელდა.

"კვირის პალიტრა" შეეცადა გაერკვია, რა უშლის­ ხელს კომპლექსის გახსნას და თელავის ახალარჩეულ მერს, შოთა ნარეკლიშვილს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, ორი თვის წინ შეუდგა­ მერის უფლებამოსილების შესრულებას და არ იცის, რატომ გაჭიანურდა სამუშაოები, თუმცა დასძინა, რომ მუზეუმი 18 იანვარს გაიხსნება (ინტერვიუ ჩაწერილია 11 იანვარს. ამიტომ გაზეთის გამოსვლის წინ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ და 18 იანვარს მუზეუმი არ გახსნილა. ავტ.)

ახალარჩეულმა მერმა საუბრის დასასრულს გვირჩია, ფინანსურ თუ სამშენებლო წვრილმანებზე მეტი ინფორმაცია მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილისგან მიგვეღო... გურამ ურჩუხიშვილმა­ კი გვითხრა, რომ მუზეუმი 18 მაისს გაიხსნება:

- მუზეუმი, ალბათ, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გაიხსნება. ვფიქრობ, ამჯერად არაფერი შეიცვლება.

- ასეთი პირობა რამდენჯერმე დადეთ,­ თუმცა ხუთი წელია, მუზეუმი დაკეტილია. რა არის სარეაბილიტაციო სამუშაოს გაჭიანურების მთავარი მიზეზი?
- ობიექტური მიზეზები არსებობდა, კონკრეტულად რა მიზეზებია, ამაზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ.

- ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4 მილიონი ლარი არ აღმოჩნდა საკმარისი, თუ ეს თანხა თავიდანვე არასწორად დაიხარჯა და პრობლემებიც ამის გამო შეგექმნათ?

- პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა - სამშენებლო სამუშაოების სწორად განსაზღვრა იყო საჭირო. რაც შეეხება თანხას, რაციონალურად განაწილდა. რაც მთავარია, 18 მაისს მუზეუმს აუცილებლად გავხსნით.

- გაჭიანურებული სამუშაოების გამო მუზეუმი ფინანსურად არ ზარალდება?

- რა თქმა უნდა, ხუთი წელი რომ მუზეუმი დაკეტილია, მატერიალურთან ერთად, მორალურადაც ვზარალდებით.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით