"ვეფხისტყაოსანზე" დაყრდნობით დიდებული თამაშის შექმნა შეიძლება" - კვირის პალიტრა

"ვეფხისტყაოსანზე" დაყრდნობით დიდებული თამაშის შექმნა შეიძლება"

თამარ მეფე მსოფლიოში მეტად პოპულარული თამაშის, "ცივილიზაციის" მეექვსე სერიის პერსონაჟი გახდა. ამიერიდან მილიონობით მოთამაშეს შესაძლებლობა ექნება, თამარის ხელით მართოს საქართველოს სამეფო და მსოფლიოს დომინანტ ცივილიზაციად აქციოს. რას მოუტანს ვირტუალურ სამყაროში თამარის გამოჩენა რეალურ საქართველოს? - ამ კითხვაზე რესპონდენტის მოსაძებნად დიდი დრო არ დაგვიხარჯავს - ჩვენთან ხომ თამაშების ინდუსტრიის ცოცხალი ლეგენდა, მარკ რეინ-ჰაგენი ცხოვრობს, მას ქართველი მეუღლე ჰყავს. სწორედ მან შექმნა საკულტო  World of Darkness-ის სამყარო, რომელიც დღეს უკვე კლასიკად აღიარებულ კომპიუტერულ თამაშებს დაედო საფუძვლად.

- ნიუ-იორკში ქართველ გოგონას, თამარს შევხვდი და დავქორწინდით. მაინცდამაინც არ იწვოდა შინ დაბრუნების სურვილით, მაგრამ დავუჟინე - მოდი, ერთი წელი შენს ქვეყანაში ვიცხოვროთ-მეთქი. ჩამოვედით და ათი წლის შემდეგაც აქ ვართ.

- როგორც ვიცი, "ცივილიზაციაში" მსოფლიო რეკორდები გაქვთ დამყარებული.

- როდესაც თამაშის წინა ვერსია გამოვიდა, ოპერაცია მქონდა გაკეთებული და ადგომა არ შეიძლებოდა, ამიტომ მთელი ორი თვე "ცივილიზაციის" თამაშში გავლიე და გარკვეულ კატეგორიებში მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მქონდა.

"ცივილიზაციას" მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თამაშობს.

საქართველოს დამატება ამ თამაშში ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ისტორიას, კულტურას გაეცნობიან. ეს ბანალური თამაში არ არის, ის მსოფლიო ისტორიას გასწავლის და საქართველოს ისტორიაც მისი ნაწილია.

- როცა ინფორმაცია გავრცელდა თამაშში თამარ მეფის დამატების შესახებ, ამერიკელი და ევროპელი მოთამაშეები გაწყრნენ, რატომ ქართველები და არა ეტრუსკები, ფინიკიელები, ან მაია და ინკებიო. ისიც ითქვა, საქართველოს არაფერი მიუცია მსოფლიო ცივილიზაციისთვისო...

- ისინი არ იცნობენ საქართველოს ისტორიას, არ იციან, როგორ დააზარალა საქართველო მონღოლების შემოსევამ. ამას არც ამერიკაში ასწავლიან და არც ევროპაში, იქ ძველ რომსა და ანტიკურ საბერძნეთზე ქაქანებენ. საქართველო ევროპაზე ძველი ქვეყანაა, ეს არის ღვინის აკვანი და არა საფრანგეთი. იმის მთქმელს, საქართველოს მსოფლიოსთვის არაფერი მიუციაო, არაფერი გაეგება.

- ქართველების ნაწილს გაუკვირდა, რომ თამარის პერსონაჟი თამაშში არც ისეთი თეთრი აღმოჩნდა...

- თამარი მართლაც ცოტა მუქია, ვიდრე ტიპური ქართველი, მაგრამ არა მგონია, ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ღირდეს.

- რა იქნება ქართველების ძლიერი და სუსტი მხარეები თამაშში?

- საინტერესო გამოწვევა იქნება, მაგრამ იმ ვიდეოდან, რომელიც თამაშის ავტორებმა გაავრცელეს, ვერ მივხვდი, როგორი უნდა იყოს ჩემი სტრატეგია. ქართველების ერთ-ერთი კოზირი თამაშში თავდაცვითი ნაგებობაა. მე კი დაცვითი ტაქტიკით არასოდეს ვთამაშობ, სუპერაგრესიული მოთამაშე ვარ და ვცდილობ, შევუტიო მოწინააღმდეგეს. თამარით მსგავსი თამაში ძნელი იქნება, მაგრამ მთელი მუღამიც ესაა.

- საქართველოს ისტორიიდან რა მონაკვეთებზე შეიძლება შეიქმნას წარმატებული ვიდეოთამაში? მაგალითად, "ვეფხისტყაოსანზე" რას იტყოდით?

- მაგარი თამაში გამოვიდოდა. ან კიდევ საქართველო ჯვაროსნულ ლაშქრობებში, როდესაც ქართული ჯვარი ჯვაროსნების სიმბოლოდ იქცა, ან მონღოლთა უზარმაზარ ურდოსთან ბრძოლა...

- ან დიდგორის ომი, მაგრამ ეს ალბათ არ აღაფრთოვანებდათ დღევანდელ თურქეთში.

- ჭკვიანური არ იქნება, თუ ამას ქართული კომპანია გააკეთებს, მაგრამ თუ ამერიკული ან ევროპული კომპანია... არა მგონია, მათ ანაღვლებდეთ, რას იფიქრებენ თურქეთში.

- ძნელი დასაჯერებელია, რომელიმე უცხოურ სტუდიაში "ვეფხისტყაოსანი" გადაშალონ და თქვან, მოდი, ამის მიხედვით თამაში შევქმნათო. ალბათ, ბიძგი ჯერ ჩვენგან უნდა წამოვიდეს.

- თამაშების შექმნას სჭირდება კრეატიული ხალხი და მათემატიკის კარგი ცოდნა - საქართველოს კი ეს არასოდეს კლებია. ათი წლის წინ პოლონეთს არც თამაშები ჰქონდა, არც კომპანიები. ახლა აქვთ კომპანია, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და ქვეყანას უზარმაზარ ქონებას უქმნის. მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა პირველად გაიგო პოლონეთის შესახებ, რადგან საკულტოდ ქცეულ თამაშების სერიას, The Witcher-ს თამაშობს, რომლის იდეა პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ნაწარმოებებიდან გაჩნდა. ესეც კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ "ვეფხისტყაოსანზე" დაყრდნობით დიდებული თამაშის შექმნა შეიძლება, რაც, ვფიქრობ, დასავლეთში გააოგნებთ. წარმოიდგინეთ, ამერიკელი ხედავს ქართულ მონასტრებს. ის არც ევროპას ჰგავს, არც ახლო აღმოსავლეთს, უცხოა, მანამდე არნახული...

- საომარი სტრატეგიების გარდა, კიდევ რა ჟანრი მოერგებოდა საქართველოს?

- მაგალითად, თამაშობ დასავლელ ჯვაროსანს, რომელიც იერუსალიმში ქართველ დიდებულს დაუმეგობრდება და საქართველოში ჩამოდის. იწყება ახალი, ფსევდოისტორიული თავგადასავალი.

- ეს პერსონაჟი ფაქტობრივად შუა საუკუნეების ტურისტია - ამით დააინტერესებდი ევროპელებს...

- კი, რადგან ისინი თამაშობენ პერსონაჟს, რომელსაც შეეჩვივნენ. და მე არ მინახავს ტურისტი, რომელიც საქართველოს არ აღეფრთოვანებინოს.

- არგონავტებზე უკვე იყო წარმატებული თამაში...

- მედეას მითი მაგარი იქნებოდა, მაგრამ ქართული და არა ბერძნული ვერსია. ბერძნებმა უამრავი რამ მიითვისეს - თუნდაც მთაზე მიჯაჭვული პრომეთე. ზოგი მიმტკიცებს, ბერძნები უფრო ძველი ხალხია, ვიდრე ქართველებიო, მაგრამ იქ, სადაც პრომეთე ღმერთებმა გაამწესეს, ბერძნებზე ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. პირველი ქართული სამეფოების შექმნისას ბერძნები ჯერ კიდევ ტომებად იყვნენ დაყოფილი. საქართველო მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია, ენა კიდევ, ქართულის პროტოვარიანტი, ალბათ უფრო ძველი. საქართველოს სრული უფლება აქვს, მსოფლიოს ამ მითის საკუთარი ვერსია უამბოს!

ვაჟა თავბერიძე