ნამდვილ ხელოვნებას ობის სუნი არ ასდის
"ქალბატონმა ვერიკომ ისეთი ჩამთხლიშა თავში, დარბაზში წივილ-კივილი ატყდა"


15 წლის "კვირის პალიტრა"  უამრავ გზავნილს იღებს ერთგული მკითხველებისგან. ისინი თავიანთ შეხედულებებზე, გასაჭირსა თუ სიხარულზე გვიამბობენ, სურვილებს გვიზიარებენ, - გვთხოვენ, ხელახლა დავბეჭდოთ გაზეთში გამოქვეყნებული ესა თუ ის წერილი, მართლაც გამორჩეული სტატიები გაზეთის მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი პუბლიკაციებიდან;

რუბრიკა კიდევ ერთხელ შეგვახვედრებს თვალსაჩინო მოღვაწეებთან და კოლორიტულ ადამიანებთან, რომელთაც სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეს საზოგადოებაში, რომელთა სიტყვა და ნააზრევი დღესაც გულს ხვდება, მალამოდ ედება და იმედით
აღავსებს მკითხველს; იმედით, რომ მალე გათენდება დილა მზიანი, ხალისი და რწმენა დაუბრუნდება ათასგვარი ჭირ-ვარამით დაზაფრულ და ომ(ებ)გამოვლილ საქართველოს.


ხელოვანის ცხოვრება არც ისეთი სახალისო და ნებიერია, როგორც მაყურებელმა შეიძლება იფიქროს. ის იუმორი და უდარდელობა, რაც სცენიდან გადმოგვედება ხოლმე და ხშირად სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს, დიდ შრომად და ტკივილად
უღირს მსახიობს... ამას გარდა ათასი სხვა პრობლემაც არსებობს, რომელსაც ჩვენ ვერც წარმოვიდგენთ და არც თავად არტისტი გვაგრძნობინებს რამეს, მით უმეტეს, თუ ის ისეთი თავშეკავებული გახლავთ, როგორიც ბატონი გივი ბერიკაშვილია.

- ვეღარ გაიგებ, ვის რა აინტერესებს, რანაირი ტელეგადაცემები უნდათ ან სპექტაკლი როგორი მოსწონთ... აღარც კრიტიკული წერილები იწერება. ადრე კრიტიკოსი ბესო ჟღენტი რომ თეატრში შემოვიდოდა, იცი, რა ამბავი იყო? ყველა ელოდა - აბა, რას იტყვისო.

- ის დღე თუ გახსოვთ, პირველად მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რომ გახვედით?
- იცი, რა? მარჯანიშვილის თეატრში რომ მივედი, კარგა ხანს ხელში თოფი და ხმალი მეჭირა და მასობრივ სცენებში ვიდექი უხმოდ და უსიტყვოდ. სიტყვა რომ ვთქვი, სცენა ჩემთვის უკვე ახლობელი იყო და განსაკუთრებულად აღარ მინერვიულია.

- საკმაოდ რთული ყოფილა თქვენთვის მსახიობობისკენ მიმავალი გზა. ვიდრე "თოფი და ხმალი გეჭირათ" და როლის მოლოდინში იყავით, ძალიან ნერვიულობდით?
- ვნერვიულობდი კი არა, თეატრიდან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი. რაკი მსახიობად არ გამოვდგები, წავალ, ახალ საქმეს მოვძებნი-მეთქი. მეგობრებმა არ გამიშვეს, რა გინდა, არ გშია, არ გწყურია, ჩვენ დაგეხმარებით, ოღონდ არ წახვიდე, არ შეიძლება, შენ ამ საქმეს თავი დაანებოო. 42 მანეთი და 50 კაპიკი მქონდა ხელფასი. პირველი შვილი შემეძინა, დამხმარე კი არავინ მყავდა. ოჯახს რჩენა ხომ უნდოდა? ისევ და ისევ მეგობრების წყალობით შევძელი რთული წლების გადატანა.

ამიტომ ვუფრთხილდები და უდიდეს პატივს ვცემ ჩემს მეგობრებს. ყველაზე მეტად, იცი, რას განვიცდი? იმისი საშუალება რომ არ მაქვს, დავეხმარო ვინმეს... მორალურად რაღაცნაირად შევძლებ თანადგომას, მაგრამ მატერიალური ხელის გაწვდენაც რომ საჭიროა? ამაზე ფიქრში ღამეები მაქვს გათენებული. იმდენი ვიშრომე, ვიწვალე, ვეწამე თეატრსა და კინოხელოვნებაში, რომ სხვისი დახმარების საშუალება უნდა მქონდეს...

ან კი როგორ არ ვახსენო ბიძინა ივანიშვილი?! მერწმუნეთ, ყველა თეატრის მოღვაწე ეკლესიაში რომ შედის და სანთლებს ანთებს, მისთვისაც ლოცულობს, მადლი არ იკარგება. საერთოდ, თეატრი რთული ორგანიზმია და შეიძლება ერთი შეხედვით სულ უბრალო კაპელდინერს ან სცენის მუშას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს.

- თუ გახსოვთ მარჯანიშვილის თეატრის ის ტექნიკური პერსონალი, რომელიც იქ დაგხვდათ?
- როგორ არ მახსოვს. ახლაა რომ ვეღარ ვცნობ ვერავის... შევდივარ თეატრში და ბევრი უცხო სახე მხვდება... ტექნიკური პერსონალისაც და მსახიობებისაც. 12 წელია თეატრში არაფერი გამიკეთებია. ტყუილად ვერ ვივლიდი. ერთი კაპიტონა გვყავდა კინოსტუდიაში. ჰქონდა გადაღება, არ ჰქონდა, სულერთი იყო, მაინც იქ იჯდა.

ვიხუმრე, მეც კაპიტონა ხომ არა ვარ, თეატრში ტყუილად ვიარო-მეთქი და წამოვედი... ამიტომაც აღარ ვიცნობ ახლებს. ძველები კი...  ანდერძად დაგვიტოვეს კარგი ურთიერთობა ყველასთან. გიორგი შავგულიძე თეატრში რომ შემოვიდოდა, ჯერ მკერავებს, მეწაღეებს მიაკითხავდა ხოლმე, მოეფერებოდა.

ისაკა გვყავდა ხარაზი, ჩაპუტკუნებული კაცი იყო, უიმისოდ რა უნდა მომხდარიყო თეატრში! ჭირი იყო თუ ლხინი, ერთად ვიყავით ყველგან. თუ მოხუცებული გარდაეცვლებოდა ვინმეს, ისაკა ხელებს დაიკაპიწებდა და იტყოდა: - ეხლა კი რას დავლიეფ!. ერთ მშვენიერ დღეს ისაკას გარდაეცვალა სიდედრი. წავედით სამძიმარზე. რომ შევედით, ცხონებულმა თენგიზ მაისურაძემ ჩაულაპარაკა: - ისაკ, ახლა რას დავლიეფ! აუტყდა სიცილი ისაკასაც...

- კარგი სპექტაკლი თუ ფილმი დღემდე გვახსოვს... თქვენ რას ფიქრობთ, როცა "ეზოში ავი ძაღლიას" ან "ლონდრეს" უყურებთ?

- პირველი, რაც მაწუხებს, ის არის, რომ ის ხალხი ჩემ გვერდით აღარ არის. მედეა ჯაფარიძე, ვახტანგ ნინუა, ელენე ყიფშიძე... გავიხარე, ამას წინათ ტელევიზიით "ლონდრე" რომ ვნახე... იმიტომ კი არა, რომ მე ვთამაშობ, ამ ფილმს ობის სუნი არ ასდის. აი, რას ნიშნავს ოთარ ჭილაძის და თამაზ მელიავას საერთო ნამუშევარი. მართალია, ლონდრე ჩემი პირველი როლი იყო და ახლა ზოგ სცენას სხვანაირად ვითამაშებდი, მაგრამ იქ ეროსი იყო, კოტე დაუშვილი, რამაზ ჩხიკვაძე... სასიამოვნოდ მახსენდება ყველა... განსაკუთრებით კი მაშინდელი ურთიერთობები მენატრება.

- როგორი იყო ეს ურთიერთობები თეატრის გარეთ, ეკრანს მიღმა? მოდით, ჯერ "ლონდრეს" გადაღებები გაიხსენეთ...
- "ლონდრეს" რომ ვიღებდით, ყოველ დილას გავდიოდი სავარჯიშოდ პატარა სტადიონზე. მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა სპარტაკ ბაღაშვილი. იცი, რამხელა ხელის მტევანი ჰქონდა? მეტყოდა ხოლმე - შენი, შვილო, საყელოც ჭამსო. დამიძახებდა, წინ დიდ ჯამს დამიდგამდა წვნიანით სავსეს - უნდა ჭამოო. არ მინდოდა, მაგრამ რა მექნა, უარს ვერ ვკადრებდი. თამაზ მელიავას შევჩივლე: - მიშველე რამე, ყოველ დილით ერთ ვედრო ხარჩოს ან ბორშჩს მაჭმევს-მეთქი.

ეგ საქმე მე მომანდეო. მეორე დილით ვივარჯიშე. სპარტაკ ბაღაშვილმა არ დამიძახა, შორიდან მომესალმა. ეტყობოდა, ძალიან განიცდიდა "ჩემს მდგომარეობას". თამაზს ვკითხე, ასეთი რა უთხარი-მეთქი. არაფერი, ვუთხარი, გივის ტიტველს ვიღებ, ძალიან გასუქდა, შენიშვნა მივეცი. მითხრა, - მე რა საჭმელი მაქვს, ყოველ დილით ბატონ სპარტაკთან ვჭამ წვნიანსო... აღარ აჭამო-მეთქი. ძალიან ნერვიულობდა სპარტაკი. თურმე ამბობდა: როგორ შეიძლება ახალგაზრდა ტიტველ-შიშველი დარბოდეს და საჭმელს არ აჭმევდნენო...

რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძე რუსთაველის თეატრის მსახიობები იყვნენ. რომ ჩავედით გადასაღებად, ეროსიმ თქვა: ეს ბიჭი ჩვენ მიგვყავსო და თავის ოთახში წამიყვანეს. ისე დავმეგობრდით, განუყრელები გავხდით. ერთხელ ეროსიმ ხილი იყიდა. ისეთი იყო, თვალი ზედ დაგრჩებოდა. ლამაზად დააწყო მაგიდაზე, ვიცოდი სისუფთავისადმი მისი სიყვარული და ვიფიქრე, ვეხუმრები-მეთქი.

ავიღე გუდრონი, დავამრგვალე და მოვაყარე ხილს, ვითომ თაგვის ცურცლი იყო. სახლის პატრონმა დამინახა, - რას შვრებიო? ვუთხარი: ამას ეგონება, თაგვმა გადაუარა, ხილს აღარ შეჭამს, მე შევჭამ და ნახე, როგორ იყვიროს, - რას შვრები, ნათაგვარიაო. დაბრუნდა შინ ეროსი, დახედა მაგიდას, პირკატა ეცა. მოავლო ხელი და ყველაფერი გადაყარა. ვეღარ გავამხილე, მომკლავდა... ერთი თვის შემდეგღა ვუამბე.

- ახლა თეატრს დავუბრუნდეთ...

- წეღან ვთქვი, გული მტკივა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები ბევრნი აღარ არიან ამქვეყნად-მეთქი. გახსოვთ "ეზოში ავი ძაღლია"? განუმეორებელი იყო იქ ელენე ყიფშიძე... არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა. ავად რომ იყო, არ უნდოდა გვენახა. რამდენჯერმე ავედი. კარი არ გამიღო, ტკივილს ამარიდა თითქოს. უკანასკნელად სილამაზის სალონში ვნახე, ფრჩხილებს იკეთებდა. ვუთხარი, ამ საღამოს ამოვალ, კარი აუცილებლად გამიღე-მეთქი. ვეღარ ავედი... დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის. ქალბატონი მედეა ჯაფარიძე რეზო თაბუკაშვილს ყოველდღე მოჰყავდა თეატრში.

ერთხელ ვუთხარი, - რეზო, რად გინდათ, რომ წვალობთ, მაინც მანქანით უნდა წავიდე თეატრში და გამოგივლით-მეთქი. დამთანხმდა. მივაკითხავდი ყოველ დილით და მანქანის საყვირით ვაგებინებდი, მოვედი-მეთქი. გადმომხედავდა ქალბატონი მედეა და - ამოდიო, დამიძახებდა. ჩამოდით რა, ქალბატონო მედეა! - შევეხვეწებოდი. ამოდიო, - დაიჟინებდა. ავიდოდი, გამიშლიდა სუფრას - ჩაი დალიეო. შინ დავლიე-მეთქი, ვეტყოდი. არ ვიცი, მე არ დამინახავს, ახლა დალიეო. ერთხელაც ვუთხარი: რა გინდათ, ხალხო, ჩემგან, დაგიშავეთ რამე? რატომ მასმევთ ძალად ჩაის-მეთქი. აი, ხომ გეუბნებოდი, სჯობს მე მოვიყვან-მეთქი, - მეტყოდა ბატონი რეზო.

- ბანქო თუ გითამაშიათ ქალბატონ ვერიკოსთან?
- ძალიან უყვარდა კარტის თამაში, მაგრამ ნარდის გაგებაში არ იყო. რომ დავსხდებოდით სცენაზე ნარდის სათამაშოდ, ვეტყოდი: - შავი ქვები ჩემია, ხელი არ მოჰკიდო რა, შავ ქვას-მეთქი. ვინ გიგდებდა ყურს. გააგორებდა კამათელს და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველა ქვას გადააწყობდა ხოლმე აქეთ-იქით. რა არის, რას აბოდიალებ ხელებს, ხალხი ხედავს-მეთქი... არც მისმენდა. სამაგიეროდ, ბედნიერი კაცი ვარ, რომ ვერიკოს არც ერთი იუბილე არ გადაუხდია ჩემ გარეშე. "ბიჭი უნდა იყოს"! - იტყოდა ჩემზე. სწორედ ის ნარდის თამაში მოსწონდა!

75 წლის იუბილე აქვს ქალბატონ ვერიკოს. ვთამაშობთ ნარდს. "შთამომავალში" სცენაა ასეთია, მოგებული ვარ და ვეკითხები: - ქალბატონო ფატი, ასეთი რა განძი დაგიტოვეს წინაპრებმა-მეთქი. იუბილეზე კი უცებ ვუთხარი: - ქალბატონო ვერიკო, ხომ მოვიგე და მოვიგე, მაგრამ არაფერი მინდა თქვენი. მარტო ის მითხარით, მართლა 75 წლის ხართ, თუ იპარავთ-მეთქი. ისეთი ჩამთხლიშა თავში, დარბაზში წივილ-კივილი ატყდა. არ არის ეგ შენი უტვინო თავის საქმეო, - მომახალა.

- ამბობენ, ვასო გოძიაშვილის მძღოლიც ყოფილხართ...
- ვასო გოძიაშვილი პატარა ბავშვივით იყო... მანქანა იყიდა, მაგრამ მძღოლი ვერ აიყვანა, ფული არ ჰქონდა. იხტიბარს არ იტეხდა, ამბობდა: მძღოლი არ მინდა, ხალტურაზე ივლის, დამინგრევს მანქანასო. მე მითხრა: შენ წამიყვან და მამიყვან, რა... კი, ბატონო-მეთქი. მისი მანქანით კი დავდიოდი, მაგრამ სახლში მივიყვანდი თუ არა, იმავე წამს გარაჟში დარეკავდა, - მოვიდა თუ არა ჩემი მანქანაო.

ერთხელ, ვასოს ცოლმა, ევგენია აგაბეკოვამ მითხრა, მეტი აღარ შემიძლია, ტვინი წაიღო ამისმა შემოწმებამო. ვიფიქრე, კარგად გავეხუმრები-მეთქი. შინ მივიყვანე ვასო. გამოვედი, მანქანის კარი მივაჯახუნე, ვითომ წავედი... სამი წუთიც არ იყო გასული, ტელეფონს ეცა, გარაჟია? - იკითხა, - მოვიდა ჩემი მანქანა? გამოვედი სამალავიდან: აბა, აქეთ გამოიხედე, ჯერ არ გავსულვარ და შენ ყოველდღე ეგრე შვრები-მეთქი.

გასაღები დავუტოვე, - აღარ დავჯდები, წავედი-მეთქი. გამომეკიდა, - მოდი აქ, შე ლაწირაკოო... უკანასკნელად ზურგზე მოკიდებული ავიყვანე შინ... "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" ვიღებდით. ბოლო დღეს ძალიან ცუდად იყო. სახლში ლიფტი არ ჰქონდა. მე ავიყვანე, მომეფერა...

- დაბოლოს, რას განიცდით ყველაზე მეტად დღეს?
- ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის ბედზე ვნერვიულობ. ღმერთმა ქნას, კალაპოტში ჩავდგეთ, სახელმწიფოს დავემსგავსოთ...

2003 წელი
მკითხველის კომენტარი (1)
mzia
23 ივნისი 2010 23:49
თუ ვინმეზე "სახალხო არტისტი" ითქმის, ეს გივი ბერიკაშვილია.
უბრალო, ალალი, კეთილი და იუმორიანი
ძალიან მიყვარს
და ალბათ, არამარტო მე...........

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?