"მის გვერდით უბედნიერესი ვიყავი... ოთარი რომ გარდაიცვალა, მეც მოვკვდი" - კვირის პალიტრა

"მის გვერდით უბედნიერესი ვიყავი... ოთარი რომ გარდაიცვალა, მეც მოვკვდი"

"ზემელზე ერთ მხატვარს თავისი გაკეთებული თოჯინები გამოჰქონდა და ვყიდულობდი... მაგალითად, მაქვს ლუარსაბ თათქარიძე, კეკე... 22 წლის ვიყავი, თოჯინების შეგროვება რომ დავიწყე და 70 წელია ვაგროვებ", - ამბობს მიკრობიოლოგი, პროფესორი ირინე ჭირაქაძე ჩვენს საარქივო მასალაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- როდესაც გავთხოვდი, პატარა კარადა ვიყიდე წიგნებისთვის, რომელიც ერთხანს ცარიელი იდგა. იმ დღეებში ოთარმა (ქალბატონი ირინეს მეუღლე კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი) თოჯინები ჩამომიტანა ჰოლანდიიდან. ერთი საოცრად ლამაზი თოჯინა, რომელიც თავს იქნევდა, კარადის თავზე შემოვდე და... ამის შემდეგ თოჯინები სიგიჟემდე შემიყვარდა - შეგროვება დავიწყე. ღამე რომ ვინმეს ეთქვა, სადღაც ლამაზი თოჯინა იყიდებაო, საყიდლად გავიქცეოდი. თოჯინები უმეტესად ოთარსა და ჩემს ძმას ჩამოჰქონდათ უცხოეთიდან.

ჩემი მეუღლე 30 წლის განმავლობაში საქართველოს კულტურის მინისტრი იყო და ჩვენს სახლში უამრავი კულტურის დამსახურებული მოღვაწე მოდიოდა სტუმრად. კოლექციის ნახვით ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა და მეორედ რომ მოდიოდნენ, საჩუქრად თოჯინა მოჰქონდათ. მახსოვს, ირაკლი აბაშიძე როგორ შესცქეროდა თოჯინებს და ამბობდა, რა ვქნა, თვალს ვერ ვწყვეტო.

- რომელი ცნობილი ადამიანების ნაჩუქარი თოჯინა გაქვთ კოლექციაში?

- ირაკლი აბაშიძის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ლიანა ისაკაძის, ელისო ვირსალაძის, მარინა მდივანის და სხვების... დღეს კოლექციაში ათასზე მეტი თოჯინაა... შეიძლებოდა გამოფენა მომეწყო - მსოფლიოში ცნობილი ხელოვანების ნაჩუქარი თოჯინები... სუხიშვილების ანსამბლის ერთ-ერთმა წევრმა დიდი ესპანური თოჯინა მაჩუქა. ძვირფასი თოჯინა ჩანდა, მაგრამ მეზობელს ვაჩუქე, რადგან ძალიან დიდი იყო.

ახლა ჩემი თოჯინები ძალიან მოწყენილები არიან. ხუთი წელიწადია ხელი არ მიხლია. უკვე 90 წლის ვარ და ძალა აღარ მაქვს.

თოჯინებს ყოველთვის ეროვნულს ვარჩევდი. რასაკვირველია, ბევრია ქართული. ზემელზე ერთ მხატვარს თავისი გაკეთებული თოჯინები გამოჰქონდა და ვყიდულობდი. მაგალითად, მაქვს ამ მხატვრის ლუარსაბ თათქარიძე, კეკე... საჩუქრადაც უმეტესად ქართული თოჯინები მოჰქონდათ. 22 წლის ვიყავი, თოჯინების შეგროვება რომ დავიწყე და დაახლოებით 70 წელია ვაგროვებ. თუმცა, ოთარი რომ გარდაიცვალა, მეც მოვკვდი და თოჯინებიც. ისე მქონდა გული გატეხილი, აღარაფერი მინდოდა... ირინა ჭირაქაძე არიან კარგი ცოლები, რომლებიც ქმრების მოღვაწეობაზე ყველა მასალას აგროვებენ და წიგნებს წერენ, მე კი ამდენი წლის შემდეგაც მის სახელს რომ ვახსენებ, ტირილს ვიწყებ. მთელ საქართველოს უყვარდა, მის გვერდით უბედნიერესი ვიყავი, საოცარი ადამიანი იყო... იცოდა, თოჯინები რომ მიყვარდა და ყოველთვის მოჰქონდა. მექსიკიდან ორი თოჯინა ჩამომიტანა, თურმე მთელი გზა ხელში ეჭირა, რომ არ დაზიანებულიყვნენ.

- საკმაოდ მცირეწლოვნებს გაგიცნიათ ერთმანეთი...

- 15 წლისები ვიყავით, ოთარი ჩემზე სამი თვით უფროსი გახლდათ (იღიმის). 20 წლის ვიყავით, ოჯახი რომ შევქმენით და დედამ ოთარს უთხრა, იქნებ ჯერ ჩემთან იცხოვროთო. სწორედ იმ პერიოდში დაწერა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი, შემდეგ მარჯანიშვილზე მოგვცეს ბინა და იქ გადავედით. ორი ოთახი გვქონდა. ძალიან, ძალიან ბედნიერი გახლდით. 50 წელი ვიყავით ერთად. შვებულებაში ერთად გავდიოდით, სახლშიც ერთად ვიყავით. თანაცხოვრების მანძილზე ერთხელაც არ მოგვსვლია უსიამოვნება.

- როგორი იყო მუშაობის პროცესში?

- პრეტენზიული არ იყო. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა დევი ხეჩინაშვილი. ბავშვობაში ის ხშირად შემოდიოდა ჩვენთან და ამბობდა, ბატონ ოთარს ვეხმარებიო. არც ის და არც სხვები ხელს არ უშლიდნენ. წყნეთში, ბავშვები თავზე "ასხდნენ" და ისე მუშაობდა. ვეუბნებოდი, - წარმოიდგინე, რომ მე ვარ მსმენელი-მეთქი და როცა ნაწარმოებს დაასრულებდა, რჩევებს ვაძლევდი, ზოგს ითვალისწინებდა კიდეც...

კულტურის მინისტრობა რომ შესთავაზეს, პირობა წამოაყენა: თუ მინისტრად დამნიშნავთ, კონსერვატორიის ფართობი უნდა გაიზარდოსო და ასეც მოხდა. დღეს, კონსერვატორია ორჯერ დიდია იმასთან შედარებით, ვიდრე წლების წინ იყო. ოთარი თავისი საქმისა და ქვეყნის დიდი პატრიოტი გახლდათ.

მანანა გაბრიჭიძე