"სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია" - რას ამბობს განათლების მინისტრი გამოსაშვებ გამოცდებზე? - კვირის პალიტრა

"სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია" - რას ამბობს განათლების მინისტრი გამოსაშვებ გამოცდებზე?

"ძალადობის და აგრესიის არსებობა მარტო სკოლის პრობლემა არ არის. სკოლა არის იმ პრობლემების ანარეკლი, რაც საზოგადოებაშია", - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრი აცხადებს.

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო სკოლებში შექმნილი აგრესიული ფონის დაწევას, რა პასუხისმგებლობები შეიძლება დაეკისროს მშობლებს შვილების ქცევის გამო, იქნება თუ არა სკოლებში საპოლიციო კონტროლი და კონკრეტულად, რა სიახლეებს გეგმავს ახალი მინისტრი განათლების სისტემაში, "ინტერპრესნიუსი" მიხეილ ჩხენკელს ესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, დაახლოებით, 2 თვეა მინისტრი ხართ. გექნებოდათ საშუალება სკოლებში არსებულ სიტუაციას გაცნობოდით და შეგესწავლათ. თქვენი ზოგადი შეფასება როგორია, რა სიტუაციაა დღეს სკოლებში, რა გამოწვევებია და რა საკითხები საჭიროებს სასწრაფოდ გამოსწორებას?

- ყველაზე მთავარი, რაც განათლების სამინისტროს პრიორიტეტი იქნება, ეს არის სწავლების ხარისხი სკოლებში. ეს დაკავშირებულია სხვადასხვა საკითხთან. კერძოდ, ეხება სახელმძღვანელოების ხარისხს, რაზეც ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ბოლო ფაზაში ვართ. 1-ელიდან მე-6 კლასების ჩათვლით სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში გადადის. სახელმძღვანელოების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. იქნება ავტორიტეტული კომისია, რომელშიც ჩართულები არიან დარგის სპეციალისტები. ეს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რომელი სახელმძღვანელოები დაინერგება სკოლებში. იქნება საჯარო განხილვებიც. ამას მოჰყვება შემდეგი კლასების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესიც. ამ მიმართულებით ნამდვილად გაუმჯობესდება სიტუაცია.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის მასწავლებლების კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესება. ყველა მასწავლებელს დავეხმარებით იმაში, რომ მათი ხარისხი გაუმჯობესდეს და მიაღწიონ მაღალ პროფესიულ სტანდარტს. ეს მოხდება სპეციალური ტრენინგების საშუალებით. მოგეხსენებათ, რომ მასწავლებლები გადიან მთელ რიგ კურსებს, მაგრამ ახლა აქცენტი გაკეთდება ისეთ ტრენინგებზე, რომელიც ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც შემდეგ ყველა მასწავლებელმა უნდა შეძლოს და მიიტანოს საკლასო ოთახამდე. თეორიულ ცოდნას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და ამ კუთხით მასწავლებლების პროფესიული ამაღლების პროცესი განვითარდება და გაგრძელდება, მაგრამ აქცენტი გაკეთდება პედაგოგიური, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვანია ხარისხის ასამაღლებლად.

- ჩვენ გვახსოვს, რომ მასწავლებლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გარკვეული პერიოდები ჰქონდათ მიცემული. რა ცვლილებებს გეგმავთ და ისევ ხომ არ მიეცემათ მასწავლებლებს გარკვეული ვადები კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად? მასწავლებლების ცოდნის დონეს როგორ შეაფასებთ, რა დონის მასწავლებლები გვყავს დღეს სკოლებში და 10-ქულიანი სისტემით რამდენ ქულას დაუწერდით მათ?

- ასე არ გავამარტივებდი საკითხს. ძალიან ბევრი მასწავლებელი გვყავს, მათ შორის არიან უმაღლესი რანგის პროფესიონალები, ასევე არიან მასწავლებლები, რომლებსაც დავეხმარებით პროფესიული დონის ამაღლებაში. სანამ მათი შემოწმება მოხდება, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა იმ კურსებსა და ტრენინგებზე, რომლებიც დაეხმარებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში და იმ სტანდარტამდე მისვლაში, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ. გარდა ამისა, ახალგაზრდები, მომავალი თაობა უნდა წავახალისოთ, რომ აირჩიონ მასწავლებლის პროფესია და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში.

- ანუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები იგეგმება?

- კი, არის მთელი რიგი მიმართულებები სქემაში, რომლის გაუმჯობესება გვინდა. დაწყებული გვაქვს ძალიან ინტენსიური მუშაობა, რომ გახდეს უფრო მოქნილი და მთელი რიგი გაუმჯობესებები მოხდეს.

- იქნება კონკრეტული ვადები, რა ვადებშიც პედაგოგი უნდა გადამზადდეს?

- ვადები შემდეგი ეტაპი იქნება. ახლა ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ არის ის, რა ფორმით უნდა მოხდეს მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება და რაში უნდა გაიუმჯობესონ მათ უნარ-ჩვევები.

- შეიძლება ეს უცხოელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდეს?

- ეს დაფუძნებული იქნება ქართულ ეროვნულ მოდელზე, მაგრამ უცხოელი პარტნიორების მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ და ისინიც ჩართულები იქნებიან ამ ტრენინგებში. ეს აუცილებელი მომენტია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბიუროკრატიული მხარე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. გაგრძელება