"უმცროსმა შვილმა მითხრა, კარგი ამბები მაქვსო" - კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაული ცოცხალია? - კვირის პალიტრა

"უმცროსმა შვილმა მითხრა, კარგი ამბები მაქვსო" - კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაული ცოცხალია?

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია და ის ძმას ელაპარაკა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოსო ოსორაულის დედამ კატო ოსორაულმა განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ ორი კვირის წინ მის მოსაძებნად კონგოში მისი კიდევ ერთი შვილი გაემგზავრა.

"ორი კვირაა, რაც ჩემი უმცროსი ბიჭი სოსოს მოსაძებნად წავიდა, რადგან სახელმწიფოსგან ვერაფერს ვიგებდით. მეც სოციალური ქსელით გავიგე, რომ გიორგის ულაპარაკია სოსოსთან. სხვა არაფერი ვიცი. ერთი კვირის წინ, გიორგის ბოლოს რომ ველაპარაკე, მითხრა, კარგი ამბები მაქვსო, თუმცა კონკრეტულად არაფერი მოუყოლია. შესაბამისად, პირადად ესაუბრა თუ არა სოსოს, ჯერ არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ასე იყოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სოსო ოსორაულის დედა კატო ოსორაულმა.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ოსორაული ცოცხალია და ის ტელეფონით ძმას ელაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვეობაში გასული წლის 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

იხილეთ ასევე: "ჩემი ძმა ცოცხალია!"