"არ მაქვს უფლება მეუღლე ორთაბრძოლებზე წავიყვანო" - იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

"არ მაქვს უფლება მეუღლე ორთაბრძოლებზე წავიყვანო" - იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია

პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ინტერვიუ ლევან გორგაძესთან, გთავაზობთ ამონარიდს.

- სოფელ ძეგვიდან ვარ. წარსულში სამბოს მოჭიდავე პაპამ 6 წლისა ძიუდოზე შემიყვანა. 18 წლის ვიყავი, იაპონიაში რომ ჩამოვედი ჭაბუკთა შორის სუმოს მსოფლიო ჩემპიონატზე. მომდევნო წლებშიც მივიღე ჩემპიონატებში მონაწილეობა და დავრჩი იაპონიაში. 12 წელია სუმოისტი ვარ, მაგრამ ძიუდო მხიბლავს. აქ რომ ჩამოვედით, სუმოს ცნობილი მოჭიდავე ლევან ცაგურია მოვიდა და დაგვარწმუნა, იაპონიაში თუ დავრჩებოდით, წარმატებას მივაღწევდით. ასე დავრჩით ამ ქვეყანაში მე და გაგამარუ. თავდაპირველად ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი, ჩემს თვალში ყველას ერთი სახე ჰქონდა, სახელების დამახსოვრებაც კი მიჭირდა, ენა არ ვიცოდი, ცხოვრების წესიც უცხო იყო. იაპონელები ძირითადად, უმი პროდუქტით იკვებებიან. ძალიან გამიჭირდა შეგუება, თუმცა, დრო რომ გავიდა, შემიყვარდა და გავსუქდი კიდეც.

- გასასუქებლად სპეციალურ მენიუს გიდგენენ?

- არანაირი მენიუ. დღის რეჟიმს ვიცავთ, კვებით კი ჩვეულებრივად ვიკვებებით, დღეში ორჯერ.

- მაშ, რა გასუქებთ?

- ბრინჯი.

- მთელი იაპონია ბრინჯს ჭამს...

- მე ბევრ ბრინჯს ვჭამ... სუმოისტს წონა სჭირდება, თორემ მოწინააღმდეგეს ვერ გაუმკლავდება... სუმოში ასეთი წესია - კლუბში რომ ახალი წევრი შეჰყავთ, სახელს პრეზიდენტი არქმევს. მეც ასე მეწოდა ტოჩინოშინი, რაც გულს ნიშნავს. აქ სულ 50 კლუბია და თითოში მხოლოდ ერთი უცხოელია.

- სტანდარტი თუ არსებობს, რა წონა ან სიმაღლე უნდა ჰქონდეს სუმოისტს?

- სიმაღლეში 165 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მე 192 სმ ვარ. წონის სტანდარტი არ არსებობს. აქ რომ ჩამოვედი, 115 კილოგრამი ვიყავი. ახლა 170 კგ-ს ვიწონი. მიხარია, რომ ქართველმა სუმოისტებმა ბევრ იაპონელს გავაცანით საქართველო. შარშანდლამდე მეც და გაგამარუსაც გვაცხადებდნენ - "გრუზია". ახლა "გრუზია" "ჯორჯიათი" ჩაანაცვლეს...

- რას ნიშნავს იაპონელებისთვის სუმო?

- სუმო იაპონელისთვის უფრო ტრადიციაა, ვიდრე სპორტი. მას თავისი წესები აქვს. მაგალითად, ტრადიციული სამოსითა და ვარცხნილობით გავდივართ. არ გვაქვს უფლება, გვყავდეს საკუთარი ავტომანქანა. წესებს მკაცრად ვიცავთ. წელიწადში ექვსი ოფიციალური შეჯიბრება გვაქვს, მათგან სამი - ტოკიოში, სამიც - სხვადასხვა ქალაქში. ასე რომ, ტოკიოში კი ვცხოვრობთ, მაგრამ წლის განმავლობაში 5 თვეს თუ ვატარებთ ამ ქალაქში. ახლაც ფუკოკაში ვარ შეჯიბრებაზე.

- მეუღლე თან დაგყვებათ?

- არა, მეუღლე ტოკიოშია. სუმოს ტრადიციებიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, ორთაბრძოლებზე წავიყვანო. სანამ ელიტაში არ ხარ, სულ კლუბში ცხოვრობ და არც დაოჯახების უფლება გაქვს. გაგრძელება