"შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია... ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!" - კვირის პალიტრა

"შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია... ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!"

"მიხეილ სააკაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ დაბადების დღეზე არაჩვეულებრივი საყურეები გამომიგზავნა. არადა, ახლოდან თვალით არ მინახავს"

"პოლიტიკაში არ ვერევი, ჩემს სიცოცხლეში მიტინგზე არ ვყოფილვარ... დღევანდელი კულტურის მინისტრი ვერ მცნობს. სხვა ყურადღებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!"

"ვისაც სურს ჩემი დანახვა, მართლაც მხედავს. ვისაც არ სურს, მის თვალწინ ტრიალს ვერ ვიკადრებ! ვისთვის უნდა შემეხსენებინა, სექტემბერში რომ სცენაზე მოღვაწეობის 70 წელი შემისრულდა?!" - ამბობს ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე, რომელმაც ქართული თეატრის ისტორიაში რეკორდი მოხსნა...

- არ ახსოვთ ჩემი 70-წლიანი მოღვაწეობა და რა ვქნა?! ჩემს ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია და შემიხსენებია! მინახავს, დიდი შესაძლებლობებით გამორჩეული მსახიობები რომ არ იყვნენ, მაგრამ ყველაფერი მოიპოვეს; მსახიობები, რომელთა ნამუშევარი ისტორიას არ შემორჩება, ვერც მათ სახელს გაუძლებს დრო, მაგრამ მაქსიმუმს მიაღწიეს. ამას თურმე შნო უნდა, რაც მე არა მაქვს! მამაჩემმა რომ გაიგო, თეატრალურში ვაბარებდი, მითხრა, არასოდეს არავის წინ არ დაუდგე, უკან იდექი და თუ ვინმეს შენი დანახვა სურს, ასეც შეგამჩნევსო. როგორც დამარიგა, ისე მოვდივარ მთელი ცხოვრება. ვისაც სურს ჩემი დანახვა, მართლაც მხედავს. ვისაც არ სურს, მის თვალწინ ტრიალს ვერ ვიკადრებ. მე და ჩემი მეუღლე ერთად მოვდიოდით მთელი 70 წელი და მაინცდამაინც სექტემბერში დამტოვა... ცრემლის გარეშე მასზე საუბარი არ შემიძლია...

- კულტურის სამინისტროდან ან მთავრობის წევრებიდან არავის მოულოცავს?

- მიხეილ სააკაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ დაბადების დღეზე არაჩვეულებრივი საყურეები გამომიგზავნა. არადა, ახლოდან თვალით არ მინახავს. პოლიტიკაში არ ვერევი, ჩემს სიცოცხლეში მიტინგზე არ ვყოფილვარ... დღევანდელი კულტურის მინისტრი ვერ მცნობს. ჩემთვის სალამი არასოდეს უთქვამს, სხვა ყურადღებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!

ცოტა ხნის წინ თენგიზ არჩვაძის იუბილე იყო. ისიც ვიწრო წრეში ახლობლებმა გადაუხადეს. თენგიზი არ არის ის კაცი, ახლოს მიგიშვას, მაგრამ მე იმდენად ახლობელი ვარ, რომ გამილანძღავს, მიჩხუბია, სმა დამიშლია... ამ ყველაფერზე იუბილეზე მოვყევი, ყველას გაეცინა და თვითონ თენგიზიც სიცილით იგუდებოდა... "თამარ ქალო, ქვეყნის თვალო", ასე მეძახის.

იუბილე რომ დასრულდა, თენგიზთან მივედი და ვაკოცე. მასთან ერთად კაცი იდგა, თენგიზი ჩემზე უყვებოდა, თამარი არაყს მიღვრიდაო და იცინოდა. ეს კაცი მინისტრი ყოფილა და ვინაიდან მხედველობა ძალიან დაქვეითებული მაქვს, ვერ ვიცანი, თორემ მივესალმებოდი. კი ვარ გაბრაზებული, მაგრამ სალამს არ დავუკავებდი.

ჩემს ცხოვრებაში თეატრში კონფლიქტი არ მქონია. ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ძალიან ბევრი ცუდი გამიკეთა და მხოლოდ მას არ ველაპარაკები... 70 წლის განმავლობაში რეპეტიციაც კი არ გამიცდენია და არც დამიგვიანია. სიცხიანი დამიტოვებია შვილი და მაინც მივსულვარ.

ჩემი შვილი რომ ცუდად გახდა, ჩემი მეუღლე დარდისგან ლოგინად ჩავარდა... მე მაინც დავდიოდი თეატრში. შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია, მაგრამ ადამიანმა რა ტრაგედიაც უნდა გადაიტანოს, ცხოვრებას მაინც აგრძელებს... ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!"

მე ვარ ახლა იმ საგრიმიოროში, სადაც იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სოფიკო ჭიაურელი... ყველას ვეხვეწები, აქ დასაძინებლად, სიგარეტის მოსაწევად და წამოსაწოლად ნუ შეხვალთ-მეთქი... ფარდები, გადასაფარებლები ვიყიდე, სურათები დავკიდე და რომ შედიხარ, სულ სხვა ოთახია. 70 წელი ორი დღე არ არის და ამ 70 წლის განმავლობაში არ მინახავს, იმ ოთახში მამაკაცს შარვალი ჩაეცვას, გაეხადოს, სკამზე დამჯდარიყოს და მერე ვერიკო დამჯდარიყოს იმ სკამზე ან სოფიკო!

სოფიკო სულ მირეკავდა და ორი დღის წინაც რომ ვყოფილიყავი მასთან სახლში, მეჩხუბებოდა, საუკუნეა არ მოსულხარო... ვერავის გავაგებინე, ჩემთვის კი არა, ასეთი ხალხის გამო რომ მსურს ამ ოთახის შენახვა! მთელ მსოფლიოში უფრთხილდებიან ასეთი ხალხის ოთახებს!

- როგორც ვიცი, მხოლოდ თქვენ ახერხებთ ხანდაზმული ქართველი მსახიობის, ნინო ჩხეიძის მონახულებას.

- ცოტა ხნის წინაც ვიყავი, მერიდება ხშირად მისვლა, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. დასანანია, რომ ნინო ჩხეიძე და დოდო ჭიჭინაძე ბოლო 30 წლის განმავლობაში სცენაზე არ გასულან. ნინო ჩხეიძესთან ყოველთვის ვმეგობრობდი. მის ხელში გაიზარდა ჩემი შვილი. თეატრთან ახლოს ცხოვრობდა და ბავშვს ხშირად ვუტოვებდი. ნინოს სულ ვეუბნებოდი, შენი კარგი ქალობის დამსახურებაა, ბავშვს რომ ყოველთვის უხარია აქ დარჩენა-მეთქი... არ შემიძლია, არ ვნახო ხოლმე, თუ ძალა მაქვს, მაგრამ ახლა თავადაც ისე ვარ, აქეთ გავხდი მოსანახულებელი.

რაც მე გადავიტანე, მიკვირს, ცოცხალი როგორ ვარ! თეატრში ვარ, ქუჩაში თუ სხვაგან, ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობ! მე თუ დღემდე რამემ მომიყვანა, დალოცვილმა მაყურებელმა!

თეატრში რომ მივედი, ტიტანები დამხვდნენ. კედელზე ვიყავით აკრული და ისე ვუსმენდით ამ ხალხს. შუაში მათ ვერასოდეს გავუვლიდი, მე დღემდე ასეთად დავრჩი და სამწუხაროა, რომ ახალ თაობას სულაც არ აინტერესებს არც თეატრის ისტორია და არც უფროსი მსახიობის მორიდება აქვთ!

მანანა გაბრიჭიძე