დიდუბის პანთეონიდან "სტაიანკამდე" - კვირის პალიტრა

დიდუბის პანთეონიდან "სტაიანკამდე"

"როგორც კი სასახლეს თავი ახადეს, მიცვალებულის ჰალსტუხის ბრილიანტის სამაგრი მზეზე აკაშკაშდა. სწორედ ამ ბრილიანტმა დაკრძალა ხელმეორედ

მილიონერი სარაჯიშვილი. ეს ამბავი დიდუბის სასაფლაოს მეთვალყურემაც მიამბო, - კუბოს რომ ავხადეთ, მზიანი ამინდი იყო და სხივი ბრილიანტს ისე დაეცა, თვალი მოგვჭრაო"

დღეს სარაჯიშვილის საფლავის თავზე საეკლესიო მაღაზიაა, საფლავის ტერიტორია კი მანქანების სადგომად არის ქცეული...

გასული საუკუნის დასაწყისში თითქმის ყოველ ქართულ საქმეს და განათლების მოსურნე ქართველს დავით სარაჯიშვილი პატრონობდა, მაგრამ 1939 წელს, როცა საფლავში აღარ დააყენეს, მისმა ნაპატრონებმა ქვეყანამ გროში ვერ გამოძებნა მისი დიდუბის პანთეონიდან ვაკის სასაფლაოზე გადასასვენებლად. ბოლოს, ნათესავებმა სამარეში ჩაყოლებული ბრილიანტი გაიხსენეს, ნეშტს შეხსნეს და გადასვენების ხარჯებში გაცვალეს... ბევრი ამ ამბავს მძიმე დროს აბრალებს, თუმცა, სარაჯიშვილისთვის არც მერე დაგვიყრია ხეირი - ორიოდ წლის წინ მისი და მისი მეუღლის ნეშტები კინაღამ მესამე საფლავიდან, ქაშვეთის ეკლესიის ეზოდანაც გადაასვენეს! ბატონი გოგი სარაჯიშვილი, დავით სარაჯიშვილის ნათესავი და ცხოვრების მკვლევარი, რომელიც დავითის დის, მარიამის შვილთაშვილთან, ნიკა ტარსაიძესთან მეგობრობდა, გვესაუბრება ერთ დროს ამიერკავკასიაში ყველაზე მდიდარი კაცის შესახებ.

- რახან დავით სარაჯიშვილს მემკვიდრე არ ჰყოლია, მისი გარდაცვალების შემდეგ მისივე საქმის გაძღოლა და მერე კი, ბერიას ბრძანებით მისი ნეშტის გადასვენება დიდუბიდან სწორედ ნიკა ტარსაიძემ და სარაჯიშვილის ცოლისძმამ, ადამ ფორაქიშვილმა ითავეს. ტარსაიძე თვალსაჩინო მამულიშვილი გახლდათ, ის ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია ახალგახსნილი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შესაქმნელად, რომელშიც ტარსაიძემ სარაჯიშვილის მდიდარი ბიბლიოთეკა კარადებითურთ საკუთარი ხელით გადაზიდა. არა მარტო ეს, სარაჯიშვილის ნაანდერძევი 3 მილიონი მანეთიც ჩანთებით მიუტანა სხვადასხვა ქართულ საზოგადოებას ადამ ფორაქიშვილთან ერთად.

ბოლშევიკებმა დავითის სახელის ხსენებაც კი აკრძალეს. ამიტომ მის ამბავს ნიკა ტარსაიძე ფარულად, კარფანჯრებჩაკეტილ სახლში მიყვებოდა. ბევრი რამ არც არის გამოქვეყნებული, თუნდაც დავითის მამის ამბავი, რომელიც ასევე ქველმოქმედი ყოფილა. ნიკა ჰყვებოდა, ზაქარიას თუ გაჭირვებული თანასოფლელი კარზე არ მიადგებოდა, თავად მიაკითხავდაო. აი, ასეთი ოჯახიდან იყო დავითი, რომელმაც 63 წელი იცოცხლა; აქედან 31 წელი განათლების მიღებას, 32 კი საქართველოს და ქართველებს მიუძღვნა. ააშენა სპირტის ქარხნები: ტარუმოვკაში, თერგის ოლქში, ელიზავეტპოლში, ყიზლარში, მოლდავეთში, ერევანსა და აზერბაიჯანში; კონიაკისა და ლიქიორის ქარხნები თბილისში; საწყობები: მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ვარშავაში, ბაქოში, რიგაში, ვლადიკავკაზში, ოდესაში, ფეოდოსიაში, ჩარჯოუსა და რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში.

- ჩანს, მეწარმის ნიჭთან ერთად, იღბალიც ჰქონდა.

- არა მგონია - მიუხედავად იმისა, რომ კონიაკის საქმე უცხოეთში ბრწყინვალედ შეისწავლა და დიდი ფულითაც დაიწყო (თავადაც მდიდარი იყო მამის წყალობით, ცოლად მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი ჰყავდა, თბილისის თავმა, უშვილო ბიძამ, ალექსანდრე სარაჯიშვილმაც დაუტოვა დიდი ქონება), გაკოტრდა - მერე თვითონაც უკვირდა, ნეტა, ფეხზე როგორ დავდექიო. მაგრამ წამოდგა. საქმე ის იყო, რომ გაჭირვებული საზოგადოება ძვირად ღირებულ კონიაკს ვერ ყიდულობდა, შეძლებულები კი ფრანგულ კონიაკს არჩევდნენ, რომელიც ბაზარზე ბატონობდა... დავითმა კონიაკის რეცეპტი ისე შეცვალა, რომ ფრანგული კონიაკისთვის ომი მოეგო - ის ხომ ქიმიის დოქტორი იყო! ქართული კონიაკი უცხოეთის ბაზარზე გაიტანა და უამრავი მედალიც მიაღებინა! ის ევროპული ტიპის მრეწველი გახლდათ, ვერ იტანდა ქართულ გულარხეინობას. მასთან სტუმრად მყოფი ილია ჭავჭავაძეც კი ბევრჯერ წამოვარდნილა გასაქცევად - ახლა ჭკუის დარიგება დაიწყო დათიკომ და ყველაფერს არევსო! ერთი მისი თანამედროვე იგონებდა: დათიკოს ხშირად კაბინეტი ღია ჰქონდა. შევიჭყიტებოდი ხოლმე. ერთხელ ვიღაცასთან ერთად "ჩოთქს ყრიდა" და სომხურად ითვლიდა: მექ, ირექ, ჩორს... თან ბუზღუნებდა, - ამ ოხერმა ქართული არ იცისო!

საქართველოში კაცი ვერ იტყოდა, დავითს ფული დაენანაო. მაშინდელი საბავშვო ჟურნალის, "ჯეჯილის" რედაქტორი მარიამ ერისთავი წერდა, - თუკი ვინმე გაჭირვებული მთხოვდა შემწეობას, ჩავუსაფრდებოდი სოლოლაკში ფეხით მიმავალ დათიკო ბიძიას - ამა და ამ კაცს უშველე-მეთქი. არ მახსოვს, ფული არ მოეცაო! არ იყო მამულიშვილური საქმე, რისთვისაც მას დიდი ფული არ გაეღოს. დააარსა ფონდი ქართველი ახალგაზრდების უცხოეთში განათლებისთვის, სადაც ყოველთვიურად 30 000 მანეთს დებდა; ეს ამ დროისთვის უსაზღვროდ დიდი თანხა გახლდათ. ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ერთს კი ვიტყვი, - XX საუკუნის I ნახევრის საქართველოს ინტელექტუალურ თაობაში თითქმის ვერ დავასახელებთ სახელოვნებო თუ სამეცნიერო სივრცეს, სადაც მისი სტიპენდიანტები არ მოღვაწეობდნენ. ხოლო იმ ანდერძში, რომელიც უკვე მძიმე ავადმყოფმა როსტოვში დაწერა და ცოლსაც კი დაუმალა, 3 მილიონი მთლიანად საქართველოს დაუტოვა. ეს ეკატერინეს ძალიან ეწყინა, - რად დამიმალა, მე ხომ არ დავუშლიდიო! ეკატერინე თავადაც ქველმოქმედი იყო, მაგრამ დავითი, მძიმე ავადმყოფიც კი, უფრო ქვეყანამ გადასწონა. დავითს სწორი ნაწლავის კიბო ჰქონდა. ბოლოს, ტკივილით განაწამები სიმწრით კედლებს გლეჯდა...

- თურმე ეკატერინე ულამაზესი ქალი იყო და ქმარს თავდავიწყებით უყვარდა.

- დიახ. ის დავითზე 12 წლით უმცროსი გახლდათ. ქმრის გარდაცვალებამ თავზარი დასცა. იაკობ ნიკოლაძეს ბრწყინვალე ესკიზი ჰქონდა შექმნილი - საფლავს ზემოდან არწივი დასცქეროდა. აკაკის მის დანახვაზე წამოუძახია: "ვნახე შენი ქანდაკება, აღარ უნდა ამას ქება!" მაგრამ ეკატერინემ არ მოისურვა ასეთი ქანდაკების დადგმა ქმრის საფლავზე - დათიკოს ამხელა ლოდს ვერ დავადებ გულზე, როცა მოვკვდები, მაშინ დაგვადეთ და მის სიმძიმეს ორივე გავინაწილებთო.

ნიკა ტარსაიძე მეუბნებოდა, დავითი ძალიან დარდობდა უშვილობას, მაგრამ ცოლს სულ ამშვიდებდა, - განა ყველა ჩვენი შვილი არ არის, ვისზეც ვზრუნავთო! იაკობ ნიკოლაძეს დავითის რამდენიმე ბიუსტი მის სიცოცხლეშიც ჰქონდა შექმნილი. ერთ-ერთი ვახტანგ კოტეტიშვილს ხალათში გახვეული მიუტანია ლიტერატურის მუზეუმისთვის. უკანვე გამოუტანებიათ - ისე წაიღე, არავინ გაიგოს, თორემ ყველას დაგვხვრეტენო. ამ ბიუსტს დიდხანს დავეძებდი, მათ შორის ვახუშტი კოტეტიშვილთანაც. ვერ ვნახე. ბოლოს, იაკობ ნიკოლაძის შვილთაშვილთან მივედი. მითხრა, - შეუძლებელია, ბიუსტი ჩვენთან იყოს, რადგან ბებიაჩემის ოთახის გარდა, ყველაფერი მაქვს გადაჩხრეკილი, მსგავსი არაფერი მინახავსო. ბებიამისი 90 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლეში ოთახში არავის უშვებდა. გარდაცვალების შემდეგ გახსნეს მისი სკივრი. სწორედ იქ იდო დავით სარაჯიშვილის ბიუსტი, იმავე ხალათში გახვეული, რომლითაც ვახტანგმა მუზეუმში მიიტანა. თურმე ამას მალავდა... ახლა ეს ბიუსტი უნივერსიტეტის ეზოშია.

- აბა, დავითს გულზე რა ედგა?

- დიდუბის პანთეონში - აკლდამა. როცა ბერიამ ბრძანა, - ეს კაცი დიდუბეს მოაშორეთო, მაშინ მოხსნეს.

ბერია 30 წლის მკვდარს რაღას ერჩოდა, მაგრამ ვერ აიტანა ის, რომ ნოე ჟორდანიას ჰქონდა სარაჯიშვილზე დაწერილი - თუ მისი (ზოგადად კომერსანტები იგულისხმა) გამოცდილება არ გამოვიყენეთ, საქართველოს არაფერი ეშველებაო. მთავრობამ ნათესავებს ათი დღე მისცა დიდუბიდან სარაჯიშვილის საფლავის გასაქრობად.

ამ დროს ადამ ფორაქიშვილს გროშიც არ გააჩნდა და მილიონერი სიძისთვის ჩატანებული ბრილიანტი რომ არ გახსენებოდა, ყველაზე დიდი ქართველი უსაფლავოდ რჩებოდა... ის და ნიკა ტარსაიძე ნაცნობ იუველირთან წავიდნენ ფულის სასესხებლად... შემდეგ საფლავს აკლდამა მოხსნეს და გათხარეს. როგორც კი სასახლეს თავი ახადეს, მიცვალებულის ჰალსტუხის ბრილიანტის სამაგრი მზეზე აკაშკაშდა. სწორედ ამ ბრილიანტმა დაკრძალა ხელმეორედ მილიონერი სარაჯიშვილი.

- აკი, ბეჭედმაო?

- არა, ბატონო, ეს ჰალსტუხის სამაგრი ბრილიანტი გახლდათ, რომელსაც დავითი გამუდმებით ატარებდა. ეს ამბავი ნიკა ტარსაიძის გარდა, დიდუბის სასაფლაოს მეთვალყურემ, მიხა მანაგაძემაც მიამბო, - კუბოს რომ ავხადეთ, მზიანი ამინდი იყო და სხივი ბრილიანტს ისე დაეცა, თვალი მოგვჭრაო. სარაჯიშვილი ვაკის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ფორაქიშვილმა და ტარსაიძემ იუველირს ბრილიანტი მიუტანეს - ფულს ვერ გიბრუნებთ, მაგრამ აი, ეს ინებეთო. იუველირმა Dშეიცხადა - მე ამის საღირალი მეასედიც არ მომიციაო, მაგრამ მათ ბრილიანტი მაგიდაზე დაუდეს და წამოვიდნენ. რაც შეეხება ჰალსტუხს, ისიც იმდენად ძვირფასი იყო, როცა 1995 წელს სარაჯიშვილი ვაკიდან ქაშვეთში გადმოასვენეს, მაშინაც კი ფერშეუცვლელი აღმოჩნდა.

- სარაჯიშვილმა ნახევარ საქართველოს მილიონები აჩუქა, ხალხმა კი გროშიც ვერ გაიმეტა მის გადასასვენებლად.

- მე არ განვსჯიდი. ამ თანხის გაღებისთვის შეიძლება ვინმეს ლუკმაც დაეკარგა და თავიც!

- სარაჯიშვილის მესამე საფლავიც კინაღამ მოიშორეს ქაშვეთის ეკლესიის ეზოდან - საფლავის თავთან, თაღში, საეკლესიო მაღაზია გაიხსნა და ეს ადგილი "სტაიანკად" იქცა. არადა, ქაშვეთი სარაჯიშვილის აშენებულია.

- დავითი ვაკის სასაფლაოდან ქაშვეთში ბიზნესმენმა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა და მაშინდელმა თბილისის ხელისუფლებამ გადაასვენა.

არადა, ის დიდუბის მიწას ნატრობდა. ამისთვის დავითს 4.200 მანეთი წინასწარ ჰონდა გადახდილი, რისი დოკუმენტიც მე მაქვს... ამ დროისთვის სარაჯიშვილის დიდუბეში დაბრუნება შეიძლებოდა; იმ ადგილის შენახვას, სადაც ის იყო დაკრძალული, დიდუბის პანთეონში სასწაულით ვახერხებდი, მაგრამ ხელისუფლების ნება არ იყო...

დღეს სარაჯიშვილის საფლავის თავზე საეკლესიო მაღაზიაა, საფლავის ტერიტორია კი "სტაიანკად" არის ქცეული... რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება... მხოლოდ ერთს ვისურვებდი - ქართველებს მადლიერებისა და პატიოსნების განცდა გვქონოდეს! ყველა სარაჯიშვილივით მილიონერი ვერ იქნება, მაგრამ სახელოვანი წინაპრის ხსოვნას მაინც მოექცეს პატივისცემით! თავად დავითი ამბობდა, - ყველგან და ყველაფერში უნდა იყო პატიოსანი, ეს უფრო მეტია, ვიდრე მილიონებიო...

ეთერ ერაძე