"ჯერ ვერ ვნახე ჩემი "პრინცი" - კვირის პალიტრა

"ჯერ ვერ ვნახე ჩემი "პრინცი"

"პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ყოველი წამი ძვირფასი იყო და მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა წარმატებისთვის"

ნანა ნებიერიძე საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებით" გაიცნო და თავი დაამახსოვრა საუცხოო პლასტიკით. თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორი იყო გზა პოპულარობამდე. საქართველოს 13-გზის ჩემპიონი წყალში ხტომაში, სპორტსმენი, მსახიობი და უკვე ბებია თავისი ცხოვრების უცნობ დეტალებზე გიამბობთ.

"დილა უნდა გვქონდეს პოზიტიური"

- სპორტულ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ მე მუსიკა უფრო მიყვარდა, ბოლოს კი მაინც სპორტი ვარჩიე. 5 წლიდან ტანვარჯიშზე დავდიოდი, 10 წლიდან გადამიყვანეს წყალში ხტომაზე. ევროპის ჩემპიონი ვარ, 13-გზის საქართველოს ჩემპიონი, მეხუთე გრან-პრის მფლობელი და 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე.

პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ყოველი წამი ძვირფასი იყო და მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა წარმატებისთვის. ეს რეჟიმი იმდენად გავითავისე, რომ დღემდე ამ ტემპით ვცხოვრობ. ჩემი შვილი და შვილიშვილი ხალისიანად ვხვდებით ყოველ ახალ დღეს, ტრადიცია გვაქვს ასეთი -დილა უნდა გვქონდეს პოზიტიური. ცხოვრება ისედაც რთულია, ამიტომ ზოგჯერ პრობლემებზე თვალს ვხუჭავთ.

"თუ შემომთავაზებენ, უჰონორაროდაც ვიმუშავებ"

- ცეკვა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იყო. მანამდე არასდროს მიცეკვია და ძალიან მორიდებული ვიყავი. პროექტის მსვლელობისას იმდენად შემიყვარდა ცეკვა, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავები" დასრულდა, მაგრამ მე განვაგრძე ცეკვა. გამოწვევებს არ ვუშინდები, ასე იყო სპექტაკლის შემთხვევაშიც, იმდენად ვისიამოვნე, რომ თუ შემომთავაზებენ, უჰონორაროდაც ვიმუშავებ.

ბებიობაც ერთ-ერთი გამოწვევაა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სტატუსია, სხვა არაფერი იცვლება, პირიქით, ორმაგად ენერგიული ვარ. უფრო მეტი სტიმული მომეცა.

სილამაზის ფორმულა

ქალებისგან ძალიან ხშირად გამიგონია, გახდომა მინდაო. თუ გინდათ, უნდა გააკეთოთ. ყველას აქვს ინდივიდუალური მიდგომა საკუთარ თავთან, როგორ იყოს ფორმაში. ჩემთვის უპირველესია ჯანსაღი კვება. ვჭამ დღეში ხუთჯერ, უარს ვამბობ ცომეულზე, მაქსიმალურად ვერიდები შაქარსა და მარილს, სხვა დანარჩენს ჩვეულებრივად მივირთმევ, მეტსაც გეტყვით, ჩემი უსაყვარლესი კერძი ხინკალია.

ზამთარში დიდ დროს ვატარებ სავარჯიშო დარბაზში, გაზაფხულიდან ვიწყებ საცურაოდ სიარულს.

- რომელ კოსმეტიკურ პროცედურებს იყენებთ?

- იშვიათად დავდივარ კოსმეტოლოგთან, არ ვიტარებ არც მეზოთერაპიას და არც ბიორევიტალიზაციას. თავის მოვლის პროცედურებს შინ საოჯახო რეცეპტებით ვიკეთებ. უნიღბოდ იშვიათად მნახავთ. დილაობით ყავას რომ დავლევ, ნალექს სახეზე ვისვამ, 15 წუთი ვიჩერებ, თან ვსაქმიანობ. ყავის ნალექი არაჩვეულებრივი პილინგია სახის კანისთვის. ერთ-ერთი წესი, რომელსაც ყოველთვის ვიცავ, არის მაკიაჟის მოშორება ძილის წინ. შემდეგ კრემს ვისვამ და ვიძინებ.

- პირად ცხოვრებაში თუ გაქვთ სიახლეები?

- არაფერი განსაკუთრებული. ჯერ ვერ ვნახე ჩემი "პრინცი" ან კარმული პარტნიორი, მაგრამ იმედია, შემხვდება ადამიანი, რომელიც იქნება ღირსეული და შემიყვარდება.

ამჟამად ტანვარჯიშის სტუდიაში ბავშვებს ვამეცადინებ. ძალიან მიხარია, როდესაც მშობლები ბავშვებს ჯანსაღი ცხოვებისკენ მოუწოდებენ.

ნინო წიფურია