ომის შემდეგ გალის კულტურის ცენტრში ქართველმა პირველად იმღერა - კვირის პალიტრა

ომის შემდეგ გალის კულტურის ცენტრში ქართველმა პირველად იმღერა

"შარშან მათი მოთხოვნა იყო, აფიშაზე "აფხაზეთის რესპუბლიკა" დაგვეწერა და უარი ვთქვი... "

პეტერბურგის მარიას ოპერის თეატრის ქართველი მომღერალი, აფხაზეთიდან დევნილი გიორგი თოდუა გალში კონცერტის ჩატარებას ჯერ კიდევ შარშან აპირებდა, თუმცა, მისთვის მიუღებელი პირობების გამო კონცერტი არ გამართულა. ფარ-ხმალი არ დაუყრია - 25-წლიანი პაუზის შემდეგ, 24 იანვარს, გალის კულტურის სახლში ქართველმა იმღერა...

"25-წლიანი უძრაობის, გახუნებული ყოველდღიურობის შემდეგ, რომელსაც ხანდახან ქორწილის ან ქელეხის სუფრები "გაამრავალფეროვნებდა", ჩავიცვი ჩემი გახუნებული შინდისფერი პალტო, ამავე ფერის ბერეტი დავიხურე და... კონცერტზე წავედი... არა პენსიის ასაღებად, ან პროდუქტების საყიდლად... თითქოს არაფერია უჩვეულო ან საზეიმო სხვა რეგიონებში მცხოვრებთათვის, მაგრამ ეს არის ჩვენი, გალელების ცხოვრება-დრამა, დრამა, რომელიც არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, ან ოდესმე დასრულდება თუ არა", - ასეთი იყო გალის კულტურის სახლში კლასიკური მუსიკის კონცერტზე მიმავალი რიგითი გალელის შეგრძნება, რომელსაც იმ დღეს მაყურებელიც იზიარებდა:

"90-იანი წლების შემდეგ ასეთი ბედნიერები არ ვყოფილვართ. ვიღას ახსოვდა კონცერტი და გართობა... ყოველდღიური საზრუნავის გარდა, სხვა საფიქრალი არ გვაქვს... დარბაზში ვიჯექი და ვხვდებოდი, რა უკუნეთში გადაგვისროლა ამ 25-მა წელმა. მერე ჩემს თავს ვუთხარი, თვითგვემის დრო არ გაქვს, ახლა ამით დატკბი-მეთქი", - ამბობს გალელი, 53 წლის ქეთი ძანძავა.

კონცერტზე გალის რაიონისა და მეზობელი სოფლების გარდა, აფხაზეთის სხვა ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. "კვირის პალიტრა" გიორგი თოდუას ესაუბრა:

- არასდროს ისე არ მიღელვია, როგორც იმ დღეს გალის სცენაზე... როდესაც მსმენელთა ბედნიერი სახეები დავინახე, ყველაფერი დამავიწყდა. ერთდროულად ამდენი თვალებგაბრწყინებული ადამიანი გალში ბავშვობის შემდეგ არ მინახავს... არ ვიცოდი, როგორ მივფერებოდი ამ მონატრებულ ხალხს... მამაჩემი მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნებაზე ოცნებობდა. ვერ შეძლო - 2010 წელს გარდაიცვალა. მისივე ანდერძით, გალში დავკრძალეთ... კონცერტზე ერთბაშად გამიცოცხლდა ბავშვობა... მხოლოდ იმის თქმა შევძელი - გამარჯობა, მამა, მე დავბრუნდი-მეთქი... მე და მსმენელი ცრემლებს ვერ ვიკავებდით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საპასუხისმგებლო და ბედნიერი დღე, რადგან მამაჩემის ოცნება ახდა - ნატრობდა, რომ მის შვილებს მშობლიური აფხაზეთის სცენაზე გვემღერა. ჩემი დაც მუსიკოსია, მაგრამ ვერ შემოგვიერთდა. ვერც ძმამ მოახერხა ჩამოსვლა, ვერც დედამ... 2015 წელს აქ კონცერტის გამართვაზე უარი ვთქვი, რადგან არ მინდოდა, აფიშაზე დაეწერათ "აფხაზეთის რესპუბლიკა". ახლა აფიშაზე "გიორგი თოდუა და კონცერტმაისტერი ალექსანდრე ტიხომიროვი" ეწერა, თუმცა რუსულად... რაც მთავარია, არანაირი მინიშნება "რესპუბლიკაზე" არ ყოფილა...

მუდმივი დაძაბულობით, ტკივილით დაღლილ ადამიანებს კულტურული ღონისძიებები ენატრებათ... იქ 90-იანი წლების შემდეგ საოპერო არია არავის შეუსრულებია, მით უფრო ქართველს...

- თქვენს კონცერტს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა თუ გამოეხმაურა?

- ჩემთან შეხვედრა უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი... გალში, ჩვენს სახლში ახლა მხოლოდ ბებია ცხოვრობს, რომელმაც სახლი და მამაჩემის საფლავი არ მიატოვა...

გალში იმ იმედით ცხოვრობენ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება... კონცერტის ხარჯები მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე, დასწრება თავისუფალი იყო. ეს იყო პირველი ნაბიჯი. ქართულ სკოლაშიც ვიყავი, იქაურ ბავშვებს შევხვდი. გული მტკივა, რომ ასე ცოტა ახალგაზრდა ცხოვრობს ჩემს ქალაქში, თუმცა, მესმის მათი - მე და ჩემი და-ძმაც წამოვედით იქიდან და, იმედია, დროებით. ჩემს ხალხთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ მომდევნო ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია...

ლალი პაპასკირი