"მარიამს თავი არ მოუკლავს..." - რას ჰყვებიან 15 წლის გოგონას გარდაცვალებაზე თანასოფლელები? - კვირის პალიტრა

"მარიამს თავი არ მოუკლავს..." - რას ჰყვებიან 15 წლის გოგონას გარდაცვალებაზე თანასოფლელები?

ბაღდადის სოფელ როხში წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა, - სამხარაძეების ოჯახში მამას 15 წლის მარიამ სამხარაძე დილის 6 საათზე ჩააკვდა ხელში.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა, სოფელი, რომელიც მარიამის სიკვდილმა შოკში ჩააგდო, გოგონას თვითმკვლელობას გამორიცხავს. თანასოფლელების თქმით, ის ყველასთვის გამორჩეული და სანიმუშო ბავშვი იყო. სოფელ როხის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა სულისშემძვრელ ტრაგედიაზე მწუხარებით საუბრობს:

- მარიამს თავი არ მოუკლავს... ამქვეყნად ბევრი როდია მასავით სათნო და ჭკვიანი გოგონა. ამ ოჯახს და ამ ბავშვს ისედაც ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი, ნუთუ კიდევ ეს უბედურება უნდა დატრიალებულიყო?!

წლების წინ, ოჯახში პირველი შვილიც გარდაეცვალათ, 2-3 წლის იქნებოდა. ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ დედამ მარიამი და მისი ძმა დატოვა და გაუჩინარდა. ალბათ 7-8 წელი იქნება აღარ გამოჩენილა. მარიამი და მისი უფროსი ძმა, რომელიც 18 წლის არის, მამამ გაზარდა.

რაც შეეძლო შვილებს არაფერს აკლებდა, დღედაღამ შრომობდა, მაგრამ მაინც ვერ დადგა ფეხზე. სოციალურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ მარიამი არაფერს იმჩნევდა, სახლს, ძმასა და მამას უვლიდა. ეს პატარა გოგო იმდენ რამეს ასწრებდა, თან ისეთი ბედნიერი ღიმილით მოგესალმებოდა, სიცოცხლე შენც გიხაროდა ადამიანს. ის მთელი ოჯახის სიცოცხლის აზრი იყო. ახლა კი არავინ იცის, მის თავს რა დატრიალდა, დილით გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს, - მუცელი მტკივა ძალიანო, მამამისს ნოშპა მიუცია, მაგრამ ტკივილი მაინც არ გაჩერებია და სულ რამდენიმე წუთში მამას ჩაკვდომია ხელში.

ახლა მამამისი ისეთ დღეშია, არ ვიცით, ამას გადაიტანს თუ არა... კაცი ტირის და ვერავინ აჩერებს. მარიამი კი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ვნახოთ, რას იტყვიან... თუმცა ეს გოგონას აღარ გააცოცხლებს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)