"ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა" - "არასერიოზული კაცის" სიყვარული და დიდი ტკივილი - კვირის პალიტრა

"ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა" - "არასერიოზული კაცის" სიყვარული და დიდი ტკივილი

რუსთაველის თეატრის მსახიობმა ედმონდ მინაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია, რუსთაველის თეატრის წინ ქართველი საზოგადო მოღვაწეებისთვის გახსნილ ვარსკვლავებთან, უცნობმა ადამიანმა გია ფერაძის სახელი როგორ დაწერა და ვარსკვლავიც მიახატა.

"ენით აუხსნელი განცდა დამეუფლა, რა ბედნიერებაა როცა ასე უყვარხარ შენს მაყურებელს, როცა ასეთი გულშემატკივარი გყავს, გია ფერაძე ხომ ნამდვილად იმსახურებს ამ სიყვარულს", - დაწერა ედმონდ მინაშვილმა.

გია ფერაძე 1948 წლის 19 აპრილს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, კინოსტუდია "ლენფილმში", ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. მან დიმიტრი ბათიაშვილის ფილმში, "არასერიოზული კაცი", მთავარი გმირის, ნიკოს როლი ითამაშა. როგორც იხსენებენ, ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი ყველას უყვარდა, მოსწონდათ მისი საოცარი იუმორის გრძნობა და ლექსები, მაგრამ ერთ დღეს საშინელი ამბავი გავრცელდა...

ამბობდნენ, რომ მსახიობმა გია ფერაძემ საკუთარ სახლში მეუღლე ირინა მიქატაძე მოკლა. მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას. ბევრი ამბობდა, რომ მსახიობს "ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა".

ტრაგედიამ მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც.

funtime.ge - სთან ინტერვიუში ძმას იხსენებს ილია ფერაძე, რომელიც მკვლელობის ამბავზე და გიასა და ირინას სიყვარულზე საუბრობს:

"იყო ერთი ცოლი, მეორე, მესამე... როგორც ცხოვრებაში, ისე ოჯახშიც ვერ ჩერდებოდა დიდხანს, მაგრამ ირინა მიქატაძე მისი უდიდესი სიყვარული იყო. ირინაზე 30 წელს გადაცილებული დაქორწინდა. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ არ დასცალდათ. გიას ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: ერთია ზეიმის, გასტროლებისა და ბედნიერების პერიოდი და მეორე - ტრაგედიის შემდგომი ცხოვრება. - ტრაგედიის შემდეგ ითქვა, რომ გია მეუღლეზე ეჭვიანობდა...

გეკოს 5-მილიმეტრიანი ტყვია კაცს არ ჰკლავს, მაგრამ ირინას ისეთ ადგილას მოხვდა, რომ ვერ გადარჩა.

იმ დღეს ჩემი ძმა სახლში ძალიან გვიან, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა. ირინამ გვიან მოსვლის გამო უსაყვედურა და გია, როგორც სჩვეოდა, ჩაეხუტა, მოეფერა და გაბრაზება გაუქარწყლა. მერე ორივე სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად. ირინამ ყავა დაასხა და გიას წინ დაჯდა. ამ დროს, ჩემმა ძმამ პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. სიგარეტთან ერთად ედო ის ავბედითი იარაღი და მოხდა მოულოდნელი გასროლა. ტყვიამ აორტაში გაიარა და ცოლი ხელში ჩააკვდა...

"გია უფრო ლაღი იყო, ვიდრე მისი გმირი ნიკო, მაგრამ იმ საბედისწერო დღის მერე მასზე უბედური არავინ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. 37 წელი ბედნიერად განვლო, ბოლო 7 წელი კი ჯოჯოხეთში გაატარა. ბევრმა არ იცის, რა ტრიალებდა მის სულში, ამაზე მისი ლექსები მეტყველებს. 30-მდე სქელტანიანი რვეული დაგროვდა 7 წლის პატიმრობაში. გია ციხიდან გამოსვლის მერე ვერ მოერია თავს და 47 წლის ასაკში წავიდა. მე კი ლექსების ერთ-ერთი რვეულის ყდაზე მიმიწერა ანდერძივით:

"თუ ჩემ ცხოვრებას წიგნად აკინძავ,

დაარქვი იმას "სევდის კრებული".

გია ფერაძის მეუღლე - ირინა მიქატაძე

გია ფერაძესა და ირინა მიქატაძეს დარჩათ საერთო შვილი მარიკუნა მიქატაძე, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე ბაბუამ, ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

ქართველი მსახიობი გია ფერაძე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ 2 წელში, 1995 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე