"მე მხარში ვუდგავარ ჩემს დას, მაგრამ... გიორგის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ" - რას ამბობს რეზო ჩხიკვიშვილი დაკავებულ დისშვილზე? - კვირის პალიტრა

"მე მხარში ვუდგავარ ჩემს დას, მაგრამ... გიორგის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ" - რას ამბობს რეზო ჩხიკვიშვილი დაკავებულ დისშვილზე?

ცნობილმა მსახიობმა, რეზო ჩხიკვიშვილმა ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ფილმზე, ოჯახზე, უდიდეს გულისტკივილსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა... მან ასევე, გულახდილად ილაპარაკა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილზე, იგივე ბახალაზე, რომელიც ბატონი რეზოს დისშვილი გახლავთ. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"როცა ჩემი შვილები გერმანიაში ჩამოვიდნენ, ძალიან პატარები - 7 და 3 წლისანი იყვნენ. ვერ წარმოიდგენთ, ოჯახი კარიერაში როგორ მიშლიდა ხელს. ურთულესია, არ ჩამორჩე შენს კოლეგებს და გაამართლო იმ ადამიანების იმედი, რომლებმაც ნდობა გამოგიცხადეს და ამავდროულად, ოჯახზე იფიქრო. თუმცა, მეუღლე ყველაფერში მხარში მედგა. ოჯახი კარიერაში მაფერხებდა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის უდიდესი დასაყრდენი იყო..."

"გიორგი ("ბახალა"- ავტ.) ახლა 38 წლისაა. მე 37 წლის ჩამოვედი აქ, თავიდან დავიწყე ცხოვრება და ზუსტად ის ათი წელი იყო გარდამტეხი. მერე ძალიან გვიანი იქნება და ამაზე უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო! ადამიანი თავის თავს აყენებს ზიანს და მიეხმარე, რომ თუ ნარკომანია, გამოჯანმრთელდეს, იმკურნალოს. თუმცა, გიორგის სამკურნალო არაფერი სჭირს, ჩემი აზრით..."

"მეტი ყურადღება მივაქციოთ ადამიანის უფლებებს და ჩვენს ახალგაზრდობას! დღეს ხომ მათი უმეტესობა უსაქმურად არის. ისინი აუცილებლად უნდა დაასაქმონ... იცით, გიორგი სულ ელოდებოდა, რომ როლს მისცემდნენ. სმენადაქვეითებული ძმა ჰყავს, გიორგია ოჯახის ერთადერთი იმედი და მე არ ვიცი, ახლა რა ეშველებათ. მე მხარში ვუდგავარ ჩემს დას და ვეხმარები, მაგრამ როდემდე შევძლებ ამას? გიორგის გარეშე ოჯახს ძალიან გაუჭირდება..."

სტატია ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ "გზის" პირველი თებერვლის ნომერში

მანანა გაბრიჭიძე