"სქესობრივი განათლება არ ნიშნავს მოზარდებისთვის სექსუალური პოზების სწავლებას და გარყვნილებას" - კვირის პალიტრა

"სქესობრივი განათლება არ ნიშნავს მოზარდებისთვის სექსუალური პოზების სწავლებას და გარყვნილებას"

რატომ ვამბობთ უარს სქესობრივ განათლებაზე? რატომ გვყავს არასრულწლოვანი დედები და ინტერნეტში გავრცელებული პორნოსაიტების მსხვერპლი ბავშვები?

ამბავი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ რეალურია და ის ორ არასრულწლოვანს შეეხება. შვიდი წლის ბიჭუნამ, თანატოლ გოგონას უთხრა, რომ მასთან სექსი სურდა. თანატოლის აბსოლუტურად გაუაზრებელი თანხმობის შემდეგ, ტელეფონით, ერთ-ერთ პორნოსაიტზე შევიდა და ინსტრუქციას მიჰყვა. მიუხედავად თანხმობისა, გოგონას არ სიამოვნებდა თანატოლის ალერსი და თავის დახსნა შეძლო. თუმცა, არაერთი ვიზიტი დასჭირდა ფსიქოლოგთან ამ უსიამოვნო ფაქტის დასავიწყებლად.

ფსიქოლოგების თქმით, მოზარდებში, ბავშვებში, ინტერესი სექსუალური ცხოვრებისადმი დიდია. ამიტომაც აუცილებელია ასაკის შესაბამისად მიიღონ ის ინფორმაცია, რისი ცოდნაც მათ ასაკში მისაღებია. საჭირო ინფორმაციის შემდეგ, ისინი მეტად დაცულები ხდებიან და შეძლებენ საკუთარი ემოციების მართვას.

სპეციალისტების მტკიცებით, სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს საგანი სექსუალური აღზრდის შესახებ, რაც თავიდან უამრავ პრობლემას აგვაშორებდა. რიგ ქვეყნებში ეს საგანი სავალდებულოც კია.

რატომ ვამბობთ უარს სქესობრივ განათლებაზე? რატომ გვყავს არასრულწლოვანი დედები და ინტერნეტში გავრცელებული პორნოსაიტების მსხვერპლი ბავშვები?

ეს კითხვები არსებობს, ჩვენ კი პასუხისთვის ამ თემაზე მომუშავე ქალთა საერთაშორისო ქსელს, ფსიქოლოგს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავუკავშირდით.

"ქალთა საერთაშორისო ქსელში" მიიჩნევენ, რომ: "სექსუალური განათლება არ ნიშნავს მოზარდებისთვის სექსუალური პოზების სწავლებას და გარყვნილებას. ეს აზრი ალბათ იმიტომ არის გავრცელებული, რომ ხალხი კარგად არ ჩაძიებია საკითხს. რეალურად, ჰოლისტური სექსუალური განათლება მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებს. იგი უნდა პასუხობდეს მოსწავლეების გენდერულ საჭიროებებს და ამ პროცესში მშობლებიც აქტიურად უნდა იღებდნენ მონაწილეობას.

ხშირად გვესმის როგორც მშობლებისგან, ასევე ოფიციალური უწყებებიდანაც, რომ ბავშვებს შეუძლიათ ინტერნეტიდან მიიღონ ინფორმაცია, თუმცა ძნელად წარმოუდგენიათ რა შეიძლება იპოვოს ბავშვმა ან მოზარდმა ინტერნეტში. ბავშვის სექსუალური განათლება უნდა იწყებოდეს პატარაობიდან, არაფორმალური განათლებით, კერძოდ კი - მშობლების დახმარებით; ისინი უნდა აწვდიდნენ ბავშვებს ინფორმაციას თავიანთი სხეულის, ემოციების შესახებ, შემდეგ კი ეს განათლება უნდა გრძელდებოდეს სკოლაში.

სამწუხაროდ, დღეს სკოლა ამ როლს ვერ ასრულებს, მშობლები კი იშვიათად ელაპარაკებიან ბავშვებს ამგვარ საკითხებზე.

ჩვენი მოსაზრება ემყარება სხვადასხვა ქვეყნების წარმატებულ მაგალითებს, სადაც სექსუალური განათლების შემოღებამ შეამცირა როგორც ინფექციების გადადების პროცენტული მაჩვენებელი, ასევე აბორტები, ნაადრევი ორსულობა (იგულისხმება არასრულწლოვნების ორსულობა), ძალადობა და ა.შ.

- სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ ამ საგნის სკოლაში შეტანით მოზარდები მიიღებენ არასასურველ ინფორმაციას, ისწავლიან ათას "გარყვნილებას", რაც "ზედმეტი თავის ტკივილია."

- ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის სექსუალური განათლება დაცული, სწორი განვითარების მიზანს ემსახურება; იგი უზრუნველყოფს და აძლიერებს ახალგაზრდებს ინფორმაციით, უნარებითა და პოზიტიური ფასეულობებით. ყველა ბავშვსა და ახალგაზრდას აქვს უფლება მიიღოს საკუთარი ასაკის შესაფერისი სექსუალური განათლება, ხოლო ამაზე უარის თქმა უკვე ადამიანის უფლების დარღვევაა. ყველას უნდა მივცეთ იმის საშუალება, ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ, რომელიც უკეთესს გახდის მათ ცხოვრებას და ხელს შეუწყობს ემპათიური, სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

მოსაზრება, რომ სკოლაში სექსუალური განათლების შეტანით ბავშვები ისწავლიან ათას "გარყვნილობას" ისევ საკითხის ზედაპირული ცოდნიდან მოდის. ბავშვებს და ახალგაზრდებს უკვე აქვთ წვდომა უამრავი სახის ინფორმაციაზე, მათ შორის პორნოგრაფიაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ისეთ პოპულარულ საიტებზე, როგორებიცაა Google, Youtube, Facebook და სხვა. დღეს თითქმის ყველა ბავშვს და ახალგაზრდას აქვს ტელეფონი, რაც იმას ნიშნავს, რომ პორნოგრაფია ღილაკზე ერთი დაწკაპუნების მოშორებითაა. ჩვენ არ ვთვლით, რომ ზრდასრულ ადამიანებში პორნოგრაფიამ შეიძლება ზიანი მოიტანოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, როდესაც საქმე ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხებათ, ვინაიდან პორნოგრაფიაში არ არის ასახული რეალობა - თანამედროვე პორნოგრაფია შეიცავს ძალადობრივ ელემენტს და ეს ნორმალიზირდება ახალგაზრდებისთვის. ამიტომ, როცა ვინმე საუბრობს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქიკა ფაქიზია და შეიძლება დაზიანდეს სექსუალური განათლებით, იგი მოწყვეტილია რეალობას. ინტერნეტში და ტელევიზორში უკვე საკმარისად არსებობს ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაცია, ამიტომ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის ერთადერთი გზა სრულყოფილი, ჰოლისტური სექსუალური განათლებაა, რომელიც მათ ინფორმაციას მიაწვდის და დააკმაყოფილებს მათ ცნობისმოყვარეობას.

- როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები, სად იღებენ მოზარდები სექსულურ განათლებას?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიიჩნევენ სხვა და სხვა ქვეყანაში სექსუალურ განათლებად. ჰოლანდიაში სექსუალური განათლება ბაღიდან იწყება, სადაც ბავშვებს ურთიერთობების, საკუთარი უფლებებისა და ძალადობის სახეების შესახებ ესაუბრებიან, ისევე, როგორც შვედეთში, მაშინ, როდესაც ესპანეთში კურიკულუმი გარდატეხის ასაკიდან შემოდის და ძირითადად ბიოლოგიაზეა ორიენტირებული.

ყველა ქვეყანას სხვა და სხვა საჭიროება და პრიორიტეტი აქვს სექსუალური განათლების სფეროში - თუ აფრიკაში ძირითადად აივ ინფექციის პრევენციაზე აკეთებენ ფოკუსს, ჰოლანდიური სისტემა მიმდინარე სოციალურ-კულტურულ ცვლილებებს უწყობს ფეხს და უმცირესობათა ჯგუფების საჭიროებებზე ორიენტირებულ კურიკულუმს მიყვება. სხვა წარმატებული ქვეყნის მაგალითებად შეგვიძლია ფინეთი, შვედეთი, დანია, გერმანია, საფრანგეთი და ესტონეთი გავიხსენოთ. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ეს კურიკულუმები დროთა განმავლობაში იხვეწება, ვითარდება და თანამედროვე საჭიროებებს ერგება.

მარიამ შუკაკიძე, ფსიქოლოგი:

- ბავშვებს ხშირად აინტერესებთ და ჩემთვისაც უკითხავთ, როგორც ფსიქოლოგისთვის, როდის არის სწორი შეხება, სად შეიძლება შეეხოს სხვა ადამიანი, სად იწყება და სად მთავრდება მათი უფლებები. რა უნდა გააკეთონ თუკი არ სიამოვნებთ პარტნიორის შეხება, როგორ უნდა მოიქცნენ? ეს და სხვა მრავალი კითხვა დღეს 4-5 წლიდან უჩნდებათ ბავშვებს და მათ უნდა იცოდნენ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ სხეული მათია და ისინი წყვეტენ სად, როდის და როგორ შეიძლება სხვა ადამიანი მას მოექცეს. ამ და სხვა მრავალი დეტალის ცოდნა აუცილებელია მათთვის, ეს ბევრ პრობლემას აგვარიდებს. მათ შორის ძალადობას. არასწორი გზით პასუხების ძიებამ კი შეიძლება უმნიშვნელოვანესი დაღი დაასვას ბავშვს, შეუქმნას არასწორი მოლოდინები, გაუჩინოს შფოთვა, შიში. გაუქრეს საერთოდ ურთიერთობის სურვილი და სხვა ბევრი რამ. სქესობრივი განათლება სექსუალური ძალადობის პრევენციაც იქნება. აბორტები მოზარდებში, ნაადრევი ქორწინებები, არასწრულწლოვანი დედები - ეს ის საკითხებიაა, რომელთა არსებობაც გვაშფოთებს, ეს ყველაფერი სექსუალური აღზრდის არარსებობას უკავშირდება.

ზემოაღნიშნული ფაქტებისგან რომ დავიცვათ ბავშვები, რამდენიმე რჩევას მოგცემთ. პირველ რიგში გააკონტროლეთ ბავშვების ტექნიკა, კომპიუტერი, ტელეფონი. ბევრი არასაჭირო ინფორმაციის მოძიება და ნახვა შეუძლიათ, ამიტომ სასურველია არაა ბავშვებს ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა ინტერნეტთან და ტელეფონთან. ამიტომ არ მიაწოდოთ ტელეფონის ინტერენტი ბავშვს, ეს მათ სრულიად არ სჭირდებათ. შესაძლოა მეგობარმა გადაუგზავნოს არასასურველი ინფორმაცია. ყველაზე მთავარია ხშირი საუბარი, ურთიერთობა ბავშვთან, დაინტერესდით მათი ისტორიებით, ამბებით, მეგობრებითა და ემოციებით, გამოჰკითხეთ რაზე საუბრობენ, რა აინტერესებთ და დაუსვით კითხვები. ასე უკეთ გაიცნობთ თქვენ შვილებს. როგორც ფსიქოლოგს უამრავ ბავშვთან მიწევს ურთიერთობა, რომლებსაც აქვთ კითხვები და პასუხების ძიებაში არიან.

ჩვენ განათლების სამინისტროსაც დავუკავშირდით. საინტერესოა გეგმავს თუ არა განათლების სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობას და რა საკითხების შესწავლა ხდება სასკოლო პროგრამაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ:

- "რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებით, VIII კლასის ბიოლოგიის სასწავლო გეგმა ითვალისწინებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესწავლას და რისკების გაცნობიერებას. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, მაგალითად, მე-8 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოს მე-14 პარაგრაფი ეძღვნება ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სადაც აღწერილია სოციალური პრობლემები და რისკები, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას. აგრეთვე აღწერილია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები და დარღვევები, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც გოგონებზე, ასევე ახალშობილზე. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, საბაზო საფეხურზე კვლავ იგეგმება რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემების სწავლება. ასევე დარჩება თემები გადამდებ დაავადებებზე, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ნაადრევი ორსულობის თანმდევ შედეგებზე და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც შევა სამოქალაქო განათლების საგანშიც.

ლამუნა ირემაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)