"ილტოს ხეობა შველას ითხოვს" - კვირის პალიტრა

"ილტოს ხეობა შველას ითხოვს"

მიხეილ ღანიშაშვილი: "თუ ხეობაში ელემენტარული პირობები არ გვექნება, ეს გადარჩენილი, მფეთქავი ექვსი სოფელიც დაუსახლებელთა

სიას შეუერთდება"

ეს ის შემთხვევაა, როდესაც შორიდან მაყურებელი იმდენს ვერ ხედავს, რამდენსაც უშუალოდ მონაწილეები. მონაწილეები კი ილტოს ხეობის ყველაზე მაღალ, ჯერ კიდევ დასახლებულ სოფელ ჭართალაში ცხოვრობენ, მთელი სიცოცხლე უყურებენ ერთსა და იმავე სურათს, რომლის დასახასიათებლადაც ერთი სევდიანი სიტყვა - "უიმედო" შეგვიძლია გამოვიყენოთ. ღვთისგან წალკოტად შექმნილი სოფელ ჭართალის მკვიდრ მიხეილ ღანიშაშვილს ვესაუბრები, პოეტს, რომელსაც ილტოსპირელად იცნობს საზოგადოება. სოფელი ახლა თოვლშია ჩაფლული. ირგვლივ სულის შემძვრელი სილამაზეა, ჩვენ კი ერთი პატარა ქვეყნის პაწაწინა მონაკვეთის, ილტოს ხეობის უიმედობაზე მოგითხრობთ.

- მიშა, საიდან წამოვიდა ეს სიტყვა, "უიმედობა"?

- ჩემს მშობლებს, ბეჟან ღანიშაშვილსა და ანა წოწკოლაურს, ექვსი შვილი ვყავდით. მრავალშვილიანობა ამ მხარეში ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. მაშინ ჭართალაცა და სხვა, ილტოს ხეობის 13 სოფელიც, საიდანაც ახლა მხოლოდ 6 სოფელია დასახლებული, ენერგიული რიტმით ცხოვრობდა. დიდებული ბუნება, მადლიანი, უხვმოსავლიანი მიწა, გაშლილი საძოვრები, მშრომელი მოსახლეობა, ფშაური ეთნოკულტურა და ნიჭიერება, რომელიც ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა თუ სიმღერაში ამოფეთქავდა და ცხოვრებას გვიიოლებდა. თუმცა მაშინაც იყო პრობლემები, რომლებმაც ახლა უფრო მახინჯი სახე მიიღო... არა გვაქვს გზა, შუქი, წყალი, გაზი არც არასდროს გვქონია... ანუ ჩვენ განვითარებაზე კი არ ვზრუნავთ, არამედ თავის გადარჩენაზე. ეს პრობლემები, თავის მხრივ, უფრო დიდ პრობლემებს შობს - მიგრაციას. ხეობაში დარჩენილი 170 კაციდან 80% 70 წელსაა მიღწეული ან გადაცილებული. ჩვენი ხეობა დაბერდა და შველას ითხოვს.

- 170 კაცი იმ 6 სოფელში ცხოვრობს?

- ასეა და მათი 80% ხანდაზმულია. შვილები ამოდიან მოსანახულებლად, სანოვაგე, წამალი ამოაქვთ. მიეფერებიან და უკან გარბიან, აბა, რა ქნან, აქ რა აკეთონ?

7 წლის ვიყავი, როდესაც ხეობაში შუქი გამოიყვანეს. კარგად მახსოვს, როგორ ასობდნენ ბოძებს და ქსელავდნენ მსხვილი მავთულებით. მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა. ახლა აქ დარჩენილებს გამუდმებით ცაში უწევთ ყურება, რადგან საკმარისია მოთოვოს, იწვიმოს ან ქარმა წამოუბეროს, რომ ეს ადამის დროინდელი მავთულები ვერც ერთ სტიქიას ვერ უძლებს.

წარმოიდგინეთ სურათი: მაღალმთიან სოფელში, რომელსაც მაღალმთიანის სტატუსი არა და არ მიენიჭა (ეს კიდევ ცალკე თემაა, სამაგიეროდ, ნონსენსია, რომ ეს სტატუსი მიანიჭეს ორ დაუსახლებელ სოფელს, ბუხრევსა და ჯაბუსრს), მარტოხელა მოხუცი გაჭირვებით ანთებულ შეშის ღუმელთან ზის და დღეობით ელოდება დენის მოსვლას. სანამ მობილური ტელეფონი უძლებს, კიდევ რა უჭირს, შვილები ურეკავენ, მაგრამ თუ დიდხანს არ მოვიდა, ეს შესაძლებლობაც იკარგება. უიმედობაო, ვთქვით, აბა, მითხარით, რა ნათელი აზრები შეიძლება გაგიღვიძოს ასეთმა ყოფამ?

- ახმეტიდან აქამდე ამოსასვლელი გზა 15-კილომეტრიანია.

- ჩაჩხრიალის, საბუის, ვეძების, ნადუქნარის, შახვეტილისა და ჭართალის დამაკავშირებელ გზას ახმეტამდე თითქმის ყოველ ზაფხულს ხრეშს აყრიან. ვისაც ხმა მიგვიწვდება "მაღლა მდგომებთან", გამუდმებით ვამბობთ, რომ ხრეშის დაყრა ამ გზის პრობლემას არ გადაჭრის, ეს სახელმწიფო სახსრების უაზრო ფლანგვაა, რადგან პირველივე წვიმა, პირველივე თოვლი ამ მიყრილ-მოყრილ ხრეშსა და ქვას გზიდან თავდაღმართში მიაქანებს. მოკლედ, ორმო ორმოდ რჩება და პრობლემა პრობლემად.

- თოვლის დროს ხეობა იკეტება?

- დიახ, იკეტება და ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, რომ აქ დიდთოვლობისას ან მარილი დაყარონ, ან კიდევ გზა გაწმინდონ. მაინც გზას ვამბობ, თორემ რა გზაა...

- როგორ ახერხებთ აქედან გაღწევას? ან ექიმი რომ დასჭირდეს ხალხს, რას იზამთ?

- ილტოს ხეობა განთქმულია ტყით. აქ ფართოფოთლოვანი ხეების მასივია.

2012 წლამდე მორატორიუმი იყო გამოცხადებული და ხეები აღარ იჭრებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ისევ გასცეს ლიცენზიები და ახლა ჩვენს ტყეებში 40 სანტიმეტრიანი დიამეტრის ხესაც ვეღარ ნახავთ. ერთადერთი, რასაც ეს მანქანები უნებლიეთ გვიკეთებენ სასიკეთოს, ის არის, რომ გზას გვიკვალავენ, მაგრამ რის ფასად?

- მოდი, პრობლემებს მივყვეთ.

- 2012 წლის ბოლოს წყალი პლასტმასის შლანგით შემოგვიყვანეს, მაგრამ ძალიან პატარა ნაკადით მოდის.

ჯერ კიდევ კომუნისტებს დროს რუსეთიდან გაზის მილები ჩვენი ხეობის გავლით გამოიყვანეს. ასე რომ, მხოლოდ 10-12 კილომეტრის დაქსელვაა საჭირო, რომ ხეობას გაზი მიეწოდოს. არც ამას აკეთებს ვინმე.

- 2016 წელს გვამცნეს, რომ კომუნისტების დროს დაწყებული ჰესის მშენებლობაც განახლდებოდა.

- ეს ერთადერთი უმოქმედობაა, რომელიც მახარებს, რადგან თუ ჰესის მშენებლობა დაიწყება, ჩვენი ხეობა პირისაგან მიწისა აღიგვება. გამუდმებით გავყვირი, დიდი ჰესი დაგვღუპავს, მაგრამ ორი მცირე ჰესი გადაგვარჩენს-მეთქი. დაწერეთ, ეგებ გაიგონოს ვინმემ!

თუ ხეობაში ელემენტარული პირობები არ გვექნება, ეს გადარჩენილი, მფეთქავი ექვსი სოფელიც დაუსახლებელთა სიას შეუერთდება. თუკი წასულებს იმედი მიეცემათ, საკუთარ კერას აუცილებლად დაუბრუნდებიან. ილტოს ხეობა ღვთისგან კურთხეული მიწაა. აქ გამრჯე ხელსა და გონიერ ინვესტიციას სასწაულების მოხდენა შეუძლია. სოფლის მეურნეობის ნებისმიერი დარგის განვითარება შეიძლება.

ჩვენს მხარეში ტურიზმიც შეიძლება განვითარდეს. ძეგლთა დაცვის სამინისტროს მონაცემებით, აქ 25 ისტორიული ძეგლია. ამას ემატება ბუნება და ფშაური ეთნოკულტურა, თავისი სამზარეულოს მარგალიტებით. სამი წლის წინ აქ ლექსობა-კაფიაობის ფესტივალს ჩავუყარე საფუძველი. ამისი მიზანი ისიც იყო, რომ ვინმე დაგვეინტერესებინა და ყურადღება მოექციათ. ჩამოდიან, გვიყურებენ, მოსწონთ, მაგრამ ინტერესი ჯერ არავის გამოუხატავს.

- მეტი რა შეუძლია, გააკეთოს ერთმა პოეტმა?

- ეგ რიტორიკაა, ვიცი, მაგრამ გიპასუხებთ: ღვთისგან შექმნილ ამ წალკოტში არც ექიმია და არც სამედიცინო პუნქტი, ასე რომ, დედის მოვლა შემიძლია, რასაც ვაკეთებ კიდეც სხვა ჩემნაირების მსგავსად.

დეა ცუცქირიძე