"მე და მარკ ცუკერბერგი ერთ ოფისში ვისხდებით" - კვირის პალიტრა

"მე და მარკ ცუკერბერგი ერთ ოფისში ვისხდებით"

"ფეისბუკს" რამდენიმე ოფისი აქვს ამერიკაში. მე სილიკონის ველზე, "ფეისბუკის" მთავარ ოფისში ვიმუშავებ... ცუკერბერგზე ამბობენ, თავმდაბალი ადამიანიაო, იმედია, შევხვდებით"

20 წლის ლუკა ლომთაძე ერთია იმ სამასიდან, რომელიც მალე Facebook-ის მთავარ ოფისში გაივლის სტაჟირებას.

- ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისში, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში გავაგრძელე. ამერიკაში გასული წლის აგვისტოში ჩამოვედი, გაცვლითი პროგრამით, სან-დიეგოს უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში.

- Facebook -ში როგორ მოხვდით?

- როგორც ამ უნივერსიტეტის სტუდენტს, შემეხმიანენ და მითხრეს, რომ დაინტერესდნენ ჩემი რეზიუმეთი. ეძებდნენ ადამიანს, რომელსაც მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს და ადვილად გაართმევს თავს დიდ პროექტებზე მუშაობას. ორი გასაუბრება გავიარე და ორივეჯერ მოცემულზე მოკლე დროში გავართვი დავალებას თავი.

- ბევრი კონკურენტი გყავდათ?

- 250 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო. იქ ინტერვიუზე მოხვედრაც კი იმაზე რთულია, ვიდრე ჰარვარდში მოხვედრა.

- რატომ დაინტერესდნენ თქვენით?

- ვფიქრობ, საქართველოში მიღებულმა გამოცდილებამ აქაურ სტუდენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად გამომაჩინა. თავიდან თბილისში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, შემდეგ განათლების ეროვნულ ცენტრში აპლიკაციების დეველოპერად, ბოლოს კერძო კომპანიებისთვის სხვადასხვა ტექნიკურ პროექტს ვქმნიდი. ძირითადად, მონაცემთა ბაზებზე, სისტემების ორგანიზებაზე ვმუშაობდი.

- სტაჟირება მაისში გეწყებათ, არის პერსპექტივა, რომ Facebook -ის მუდმივი თანამშრომელი გახდეთ?

- როგორც ამიხსნეს, სტაჟიორთა 50% სრულ განაკვეთზე დასაქმდება. მე სისტემური უზრუნველყოფის დეპარტამენტში გავივლი 3-თვიან სტაჟირებას.

- მარკ ცუკერბერგს შეხვდებით?

- "ფეისბუკს" რამდენიმე ოფისი აქვს ამერიკაში. მე სილიკონის ველზე, Facebook -ის მთავარ ოფისში ვიმუშავებ. ცუკერბერგიც იმავე ოფისში ზის. ამბობენ, თავმდაბალი ადამიანიაო, იმედია, შევხვდებით.

- სხვა ქართველებიც არიან იქ დასაქმებული?

- ვიცნობ ქართველს, რომელიც უკვე სრულ განაკვეთზე მუშაობს.

- თქვენს ოჯახს გაახარებდა ეს სიახლე.

- ძალიან გაუხარდათ. მყავს 4 წლით უმცროსი და, რომელიც ჩემზე გაცილებით მეტს მიაღწევს, რადგან ძალიან ნიჭიერია. ახლა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობს.

- როგორ შეეგუეთ ამერიკულ ყოფას?

- ხალხი იმაზე განსხვავებულია, ვიდრე წარმომედგინა. ნებისმიერი გეკითხება: "როგორ ხარ?" თითქოს ძალიან აინტერესებთ, იმავე კითხვას ელიან შენგანაც და მეტი არაფერი. ყველაზე უკეთ უფროს თაობასთან ვპოულობ საერთო ენას, იმიტომ, რომ ჩემს თანატოლებს უფრო გართობისკენ უჭირავთ თვალი. აქაურ კომპანიებში თანამშრომლები არ იწუხებენ თავს იმის კეთებით, რაც არ ევალებათ. აქ გამყიდველსაც კი იმაზე მეტი კითხვა რომ დაუსვა, რაზეც პასუხის გაცემა არ ევალება, არ გიპასუხებს. სამაგიეროდ, სტრუქტურა კარგად მუშაობს, ყველას თავისი საქმე აქვს და თუ წესებს მიჰყვები, შედეგი საუკეთესოა.

ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი ბიზნესი. ამიტომ ვცადე სტარტაპერების ინდუსტრიაში ბედი. მაქვს ჩემი სტარტაპები. ერთ-ერთია "ჰიროუ" - გმირი. აპლიკაცია, რომელიც ეხმარება ხალხს, იპოვოს გმირი, ან თავად გახდეს. კერძოდ, სისხლის დონორის ჯგუფის ადამიანს პოულობ მობაილაპლიკაციაში. როცა გინდა, ვინმეს დაეხმარო, რეგისტრირდები როგორც გმირი, როცა გინდა, დაგეხმარონ, პირიქით, წერ, რომ გჭირდება გმირი.

- რა მიზანი გაქვს?

- ყოველთვის უფრო რთულ რაღაცას ვუმიზნებ, ვიდრე ვფიქრობ, რომ შემიძლია. ამ ეტაპზე Facebook -ში მოხვედრა იყო გამოწვევა. ახლა სრულ განაკვეთზე მუშაობა გახდა. მერე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. სამთვიანი სტაჟირების განმავლობაში ბევრ ისეთ რამეს შევიტყობ, რაზეც ჯერ არ მიფიქრია. ისეთ გზებს დავინახავ, აქამდე ჰორიზონტზეც რომ არ ჩანდა.

ეკა სალაღაია