"ჯო-ჯია" ანუ "ცისფერთვალება სამურაი" - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

"ჯო-ჯია" ანუ "ცისფერთვალება სამურაი" - ექსკლუზივი

"პირველად შევეხე "იმპერატორის თასს" და გავიფიქრე, კარიერაში ერთხელ მაინც ვერ უნდა აღვმართო-მეთქი?! მადლობა უფალს, ეს ნატვრა 2018 წლის პირველ ბაშოზე ავისრულე. სხვათა შორის, ეს თასი არა მხოლოდ დიდია, საკმაოდ მძიმეც არის. თასის ქვედა ნაწილზე ყველას სახელია ამოტვიფრული, ვინც ჩემპიონი გამხდარა"

27 იანვრამდე სუმოს მოყვარულებისა და ჟურნალისტების გარდა, ბევრი არავინ იცნობდა, ახლა კი მთელი საქართველო ტოჩინოშინზე - ლევან გორგაძეზე ლაპარაკობს. 30 წლის სუმოისტმა იანვრის ბაშოზე (სუმოს სუპერტურნირი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება. - რ. შ.) იოკოძუნასა და ოძეკებს მესამე მაეგაშირას სტატუსით ააცალა "იმპერატორის თასი". ტოჩინოშინი გახდა პირველი ქართველი და მესამე ევროპელი, ვინც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიგო. "ცისფერთვალება სამურაიმ" (ლევანის ერთ-ერთი მეტსახელია), რომელსაც ნიკოლას ქეიჯსაც ხშირად ამსგავსებენ, მთელი იაპონია "ჯო-ჯიაზე", ანუ საქართველოზე აალაპარაკა, ჩემპიონის რანგში პირველი ვრცელი ინტერვიუ კი "კვირის პალიტრას" მისცა:

- ლევან, "იმპერატორის თასი" ვეებერთელა კია, მაგრამ... მთლიანად დაიტია გამარჯვებით გამოწვეული ემოცია?

- შეუძლებელია იმ გრძნობის დატევა და გადმოცემა, რაც ყველა სუმოისტისთვის საოცნებო თასის აწევისას დამეუფლა... სხვათა შორის, არა მხოლოდ დიდი, საკმაოდ მძიმეც არის. თასის ქვედა ნაწილზე ყველას სახელია ამოტვიფრული, ვინც ჩემპიონი გამხდარა.

- ამიერიდან შენი სახელიც იქნება! გიფიქრია, რომ ოდესმე აღმართავდი "იმპერატორის თასს"?

- ოძეკი გოეიდო ჩემი კლუბის განაყარი, "სანათესავო" კლუბის წევრია. გაჩემპიონების შემდეგ, გასახდელში ასწია თასი და ყველამ მივულოცეთ. მაშინ პირველად შევეხე "იმპერატორის თასს" და გავიფიქრე, კარიერაში ერთხელ მაინც ვერ უნდა აღვმართო-მეთქი?! მადლობა უფალს, ეს ნატვრა 2018 წლის პირველ ბაშოზე ავისრულე. 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ჩემს მეუღლე ნინოს დღესასწაული ჩემპიონობით მივულოცე.

- რამდენი წელიწადია, რაც მაეგაშირას ჩემპიონობა არ მოუპოვებია?

- როგორც მახსოვს, უკანასკნელად ბაშო 6-7 წლის წინ მოიგო მონღოლმა მაეგაშირა კიოკუტენჰომ. მონღოლების ჰეგემონია დიდი ხანია გრძელდება. ჩემი კლუბის პრეზიდენტმა შარშან მითხრა, ამდენი პრიზი სულ მონღოლეთში რომ მიდის, აღარ დადგა დრო, საქართველოში გავუშვათო? როგორც ხედავთ, თხოვნა შევუსრულე...

- ჟურნალისტებთან ერთად, ქართულდროშებიანი ფანებიც ყველგან დაგყვებიან.

- ჰო, მთელი ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ საქართველო მთელ იაპონიას გავაცანით! რაკი "გრუზიას" გვიწოდებდნენ, აქაურებს რუსები ვეგონეთ და იძულებული ვიყავი, ყველასთვის ამეხსნა, რომ ქართველები ვართ. ორიოდე წლის წინ, იაპონიაში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ, "გრუზია" "ჯორჯიათი" შეცვალეს. მას მერე ბევრი ამერიკელებად მიგვიჩნევდა, მაგრამ

ამ გამარჯვების შემდეგ ყველამ გაიცნო საქართველო. გაიგეს, რომ ვართ პატარა, ლამაზი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ჰქვია (ამათებურად "ჯო-ჯია" გამოითქმის) და რომლის ნახვის სურვილიც უკვე უამრავ იაპონელს აქვს!

- ჩემპიონობა მხოლოდ კარგი ფიზიკური კონდიციის დამსახურება იყო, თუ ნაწილობრივ გამართლებისაც?

- ყველაფრის ერთად... ტრავმის შემდეგ, ამდენ ხანს პირველად ვივარჯიშე უწყვეტად! მუხლის ტრავმას არ შევუწუხებივარ ჯერ კიდევ ნოემბრის ბაშოდან მოყოლებული, ვარჯიში არ შემიწყვეტია... დიდი ძალა შემმატა ოჯახის წევრებისა და ქართველი ქომაგების მხარდაჭერამაც. სამწუხაროდ, ჯერაც ვერ მოვახერხე ჩემი ორი თვის შვილის ნახვა. საქართველოში ჩამოსვლას თებერვალში ვგეგმავდი, მაგრამ, სანამ სუმოს ფედერაციაში არეულობა არ დალაგდება, ქვეყნის გარეთ ჯერ არავის უშვებენ.

- ოთხი წლის წინ მითხარი, იაპონელები მარწმუნებენ, სუმოისტებს საუკეთესო წლები 27-30 წლის ასაკში აქვთო.

- დიახ, კლუბის პრეზიდენტიც მიმეორებს, 30 წელს რომ გადასცდება, კაცი მერე ძლიერდებაო.

- კლუბ "კასუგანოს" პირველი უცხოელი სუმოისტი ხარ და ბოლო 46 წლის განმავლობაში პირველი ჩემპიონიც! თანაკლუბელებმა როგორი დახვედრა მოგიწყვეს?

- 46 წელია, "კასუგანოდან" არავის მოუგია "იმპერატორის თასი". ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ძალიან მკაცრი კაცია, თUუმცა მისი ატირებაც კი მოვახერხე. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი!

- ბაშოს რომელი ეპიზოდი გახსენდება ყველაზე ხშირად?

- ბოლოსწინა ტურში შოჰოზანის დამარცხებამ კი გამახარა, მაგრამ მაინც ვერ გავაცნობიერე, რომ ჩემპიონი გავხდი. აი, ენდოს დამარცხებისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ კი მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. დაჯილდოების შემდეგ ავტომანქანაზე რომ ვიდექი და უამრავი გულშემატკივარი ზეიმით მაცილებდა, ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა.

- შოთა ენდოსთან შეხვედრას ჩემპიონის რანგში შეხვდი. სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბრძოლა აღარაფერს წყვეტდა, მაგრამ "იმპერატორის თასის" მფლობელს წაგების უფლება არ გქონდა!

- ყველაზე მეტად ამ ორთაბრძოლის წაგება არ მსურდა, რომ არავის ეთქვა, ჩემპიონი გახდა და კონცენტრაცია დაკარგაო. "შოთას" რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იაპონიაში ამ სახელს დიდი ხნის ისტორია აქვს და შოთა ჩოჩიშვილის გამარჯვებამდეც ბევრს ერქვა. ისე, აქ სხვა "ქართული" სახელებიც ხშირია - მაიკო, მარი და ა.შ.

- ქართველები იაპონიაშიც ცხოვრობენ და, ალბათ, ბაშოსაც ესწრებიან, გაგამარუც მანდ არის. ძნელი არ არის, როცა გვერდით ერთი შენიანიც არ გყავს, ვისაც ასეთი გამარჯვების შემდეგ აცრემლებული გადაეხვევი?

- ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას ოჯახის წევრები და მეგობრებიც ესწრებიან ხოლმე, მაგრამ მანძილი და ვიზა არც ისე იოლად დასაძლევია, თანაც, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი და ოჯახის წევრების იაპონიაში ჩამოყვანა ვეღარ მოვასწარი. ბუნებრივია, გული დამწყდა, ჩემ გვერდით მეუღლე და მშობლები რომ არ იყვნენ.

- გამარჯვების შემდეგ, სუმოისტს შეუძლია რაიმე ფორმით გამოხატოს თავისი წარმომავლობა?

- დოჰიოზე არათუ დაყვირება, ემოციის გამოხატვაც კი აკრძალულია. მახსოვს, როცა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუ ისევ გახდა ჩემპიონი, სიხარული ხელების აწევით გამოხატა. ამის გამო დიდი ამბავი ატყდა - სუმოისტს ემოციების გამოხატვის უფლება არა აქვსო. დროშის აფრიალებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!

- სამაგიეროდ, იაპონელები აფრიალებდნენ ქართულ დროშებს!

- ქართველებიც იყვნენ, მათ შორის, იაპონიაში საქართველოს ელჩიც. დოჰიოდან აქეთ-იქით ცქერას ვერ დაიწყებ, მაგრამ ორთაბრძოლაზე გასვლის წინ ვხედავ ხოლმე საქართველოს დროშებს, ტრაფარეტებზე დაწერილ ჩემს სახელს და გული სითბოთი მევსება!

- ისე, ბაშოზე მოხვედრა იოლი არ არის, არა?

- დოჰიოს გარშემო ადგილები, საიდანაც ორთაბრძოლა კარგად ჩანს, ძვირია - ოთხადგილიანი დასაჯდომის ფასი 1000 დოლარიდან იწყება. ამის მიუხედავად, ბაშოს ბილეთები რამდენიმე თვით ადრე იყიდება.

- თასების გარდა, იმდენი პრიზით დაგაჯილდოეს, ყველას ვერც ჩამოვთვლით: ძვირად ღირებული ავტომანქანა და საათი, მთელი წლის სამყოფი საწვავი, ბრინჯი, ლუდი, ბოსტნეული... კიდევ?

- ყველა საჩუქარი არც მე ვიცი. ავტომანქანა კი, რომელზეც გამარჯვების შემდეგ ვიდექი, სუმოს ფედერაციის არის და მსგავს ღონისძიებებზე იყენებენ. მთელი წლის სამყოფი ბრინჯით, ლუდით, ხორცით, საწვავით და სხვ. მართლაც დამაჯილდოეს, მაგრამ მე ამდენი საჭმელ-სასმელი რად მინდა? კლუბში გამოგზავნიან და მოვიხმართ. "კასუგანოში" 22 სუმოისტი ვართ. ჩვენთან ცხოვრობს კლუბის პრეზიდენტი და მისი ოჯახიც, ასევე მენეჯერი, მსაჯები, ორი პარიკმახერი და სხვ. სულ 45 კაცი.

- ავტომანქანა რომც ეჩუქებინათ, მისი მართვის უფლება არა გაქვთ. სუმოისტი რითი გადაადგილდება?

- მძღოლი უნდა გყავდეს ან ტაქსით იმგზავრო. ჩემი სახლიდან კლუბამდე ფეხით 10 წუთის გზაა და დილის ექვსის ნახევარზე კლუბში სავარჯიშოდ ველოსიპედით მივდივარ. აქ დიდი ველოსიპედებია, რომელსაც გაგამარუც ხშირად იყენებს.

- ყველაზე მეტად ბაშოზე სწორედ გაგა გიქომაგებდა, რადგან სხვებზე უკეთ იცის, რამხელა შრომაა ამ გამარჯვების უკან!

- მე და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) 12 წლიდან ერთად მოვდივართ, ძიუდოშიც ერთად ვვარჯიშობდით და იაპონიაში გადმობარგების შემდეგ ხომ სულ ერთად ვართ. ეჭვი არ მეპარება, გაგაც მალე დაუბრუნდება ელიტურ დივიზიონს. იაპონიაში ყოფილ სამბისტს იმიტომ მიწოდებენ, რომ სამბოსაც ვჭიდაობდი და 2005 წელს ევროპის ჩემპიონიც გავხდი.

- რისი სიმბოლოა უზარმაზარი თევზი, რომელიც ერთ-ერთ ფოტოზე გიჭირავს?

- იაპონურად ამ თევზს "თაი" ეწოდება, მზეს - "თაიო". ასე რომ, ეს სახეობა მზისფერი, ანუ "ოქროს თევზის" ერთგვარი გამოხატულებაა და მისი გადაცემა გამარჯვებასთან, მილოცვასთან ასოცირდება.

- ერთხელ მითხარი, კლუბის პრეზიდენტს დღეში ათჯერ რომ შეხვდე, ათჯერვე უნდა მიესალმოო. ახლა შენ დღეში რამდენჯერ გიწევს სალამსა და მილოცვაზე პასუხის გაცემა?

- ძალიან ბევრჯერ. თავის დახრაც აუცილებელია და დღის ბოლოს კისერი მტკივა ხოლმე. გამარჯვების შემდეგ იმდენგან დავდივარ, ნორმალურად ოჯახის წევრებსაც ვერ დაველაპარაკე. მცირე ვიდეოკომენტარს თუ არ ჩავთვლით, არც ქართულ მედიასთან მილაპარაკია. "კვირის პალიტრა" პირველია.

- მარტის ბაშოს სეკივაკეს წოდებით შეხვდები? (სეკივაკე სუმოს იერარქიის მესამე წოდებაა იოკოძუნასა და ოძეკის შემდეგ. - რ.შ.).

- ვნახოთ, ასე ამბობენ...

- მთელი ბაშო მუხლის სახვევით იჭიდავე. ოპერაცია ხომ აღარ დაგჭირდება?

- შარშან იანვრის ბაშოზე ისევ გამიწყდა 2013 წელს ნაოპერაციები ჯვარედინი მყესები და მას შემდეგ გაწყვეტილი მყესებით ვჭიდაობ. ქირურგიული ჩარევა ისევ საჭიროა, მაგრამ ახლა რომ ოპერაცია გავიკეთო, რამდენიმე ტურნირის გამოტოვება, დაბალ დივიზიონში დაქვეითება და ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს. პატარა აღარ ვარ და ელიტაში დაბრუნება გამიჭირდება. ასე რომ, სანამ მუხლი გამიძლებს, ვიჭიდავებ... 5 თებერვლიდან ოსაკას ბაშოსთვის მზადებას დავიწყებთ.

- ტრავმის შემდეგ კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდი და... ამხელა გამარჯვების გარეშე დარჩებოდი!

- ნაოპერაციებმა ორი თვე კლინიკაში გავატარე, ვერც ვჭიდაობდი და "მაკუშიტაშიც" (სუმოს რანგით მესამე დივიზიონი) დავქვეითდი. მაშინ მართლა ვიფიქრე კარიერის დასრულებაზე, მაგრამ ვარჯიშის განახლებამ განწყობაც შემიცვალა. ელიტის წევრს თეთრი მავაში (ქამარი) უკეთია, დაბალი დივიზიონისას - შავი. როცა დავქვეითდი და შავი მავაში გავიკეთე, ყველა მეუბნებოდა, შავი ქამარი არ გიხდება, ელიტა და თეთრი მავაში დაიბრუნეო! დაბრუნების ძალა თანაკლუბელების, ოჯახის წევრების მხარდაჭერამ მომცა!

- იოკოძუნა ჰაკუჰოს "იმპერატორის თასი" ორმოცჯერ (!) აქვს მოგებული. როგორ ფიქრობ, მონღოლი ტრავმის შემდეგაც ძველებურად ძლიერი დაბრუნდება?

- მისი ერა არ დასრულებულა, მაგრამ ათი წელიწადია, იოკოძუნაა და ბუნებრივია, დაიღალა... ისე კი, ამბობს, 2020 წლის ოლიმპიადამდე ვიჭიდავებო.

- მკითხველს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რას ნიშნავს შიკონა ტოჩინოშინ ცუიოში?

- ჩემი კლუბის დამაარსებელი წარმოშობით ქალაქ ტოჩიგიდან არის და მშობლიური ქალაქის პატივსაცემად კლუბის სუმოისტების სახელი "ტოჩით" იწყება. "შინ" იგივე იეროგლიფებით იწერება, როგორც სიტყვა "გული", "ცუიოში" მაგარს ნიშნავს. ასე რომ, სიტყვასიტყვით ჩემი შიკონა იშიფრება როგორც "მაგარი გული".

- დაამტკიცე კიდეც, რომ გულიც მაგარი გაქვს და მკლავიც! ინტერვიუს ბოლოს, რას ეტყვის ლევან გორგაძე ქართველ ქომაგს, რომელიც ძალიან გაახარა მისმა ჩემპიონობამ?

- დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ყველა ქართველს, ვინც არა მხოლოდ ახლა, ტრავმისა და დაბალ დივიზიონში ყოფნის დროსაც მქომაგობდა და მამხნევებდა. ვეცდები, კიდევ ბევრჯერ გავახარო ჩემი ახლობლები და სამშობლო!

რატი შელეგია