ვინ აკონტროლებს კერძო საბავშვო ბაღებს?! - კვირის პალიტრა

ვინ აკონტროლებს კერძო საბავშვო ბაღებს?!

საჯარო საბავშვო ბაღები არაერთხელ მოქცეულა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში - კვება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, მასწავლებლების კვალიფიკაცია და კიდევ სხვა მრავალ კონტროლის მექანიზმს გულისხმობს საჯარო ბაღების მუშაობა. პარალელურად მომრავლდა კერძო ბაღები და მშობლებს არჩევანის საშუალება მიეცათ. ალბათ, ყველა მშობელს დააინტერესებს პასუხი კითხვაზე - ვინ აკონტროლებს კერძო ბაღებს?

ნინო გულბათაშვილი, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი: - კერძო ბაღები ჩვენთან არ არის დარეგისტრირებული, შესაბამისად, მონაცემები არა გვაქვს. კერძო ბაღი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი შპს, ანუ ბიზნესორგანიზაცია, ამდენად, ბაღის მართვის სააგენტოსთან ანგარიშვალდებული არ არის. სავალდებულო გახდება, როდესაც "ავტორიზაციის შესახებ" კანონი შევა ძალაში.

- ე.ი. შემიძლია დავარეგისტრირო შპს და გავხსნა კერძო ბაღი, მაგრამ თუ მაქვს, მაგალითად, ფსიქიკური პრობლემები და არ შეიძლება ჩემი მუშაობა ბავშვებთან, ასეთ დროს სახელმწიფო არ არის ვალდებული, გააკონტროლოს, ვინ იღებს თავზე ბაღის გახსნას და რა კვალიფიკაციის მასწავლებლებს ასაქმებს?

- ჩვენი კომპეტენცია არ არის გავუკონტროლოთ საქმიანობა, ან მასწავლებლების კვალიფიკაცია შევაფასოთ, მაგრამ არსებობს კანონი, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში.

საჯარო რეესტრში დავადგინეთ, დამფუძნებელს შეუძლია შპს დაარეგისტრიროს, მაგრამ ვალდებული არა არის მიუთითოს, რომ ეს ბაგა-ბაღია.

ჩვენ ერთ-ერთი კერძო ბაღის დამფუძნებელს თამუნა მიროტაძეს მივმართეთ კითხვით, თუ რა პროცედურები გაიარა ბაღის გასახსნელად: "თუ კერძო ბაღის გახსნა გინდათ, აუცილებლად უნდა გქონდეთ საამისო სახსრები. ავტორიზაცია არ არის საჭირო და არც ბაღების მართვის სააგენტოსთან ხარ ანგარიშვალდებული. ჩვენი მასწავლებლების პროფესიონალიზმის საკითხი დამფუძნებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, ბავშვების კვებასა და ჰიგიენის ნორმებს მკაცრად აკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტო. წელს სახანძრო უსაფრთხოებისთვისაც მოგვცეს საევაკუაციო გეგმა და ნორმებიც დაგვიწესეს, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ"

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის დადგენილ სახელმწიფო ნორმებსა თუ სტანდარტებს და გაარკვევთ, აკმაყოფილებს თუ არა თქვენთვის საინტერესო საბავშვო ბაღი იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჯარო ბაღებისთვის არის განკუთვნილი.

ნინო წიფურია