უკანასკნელი პორტრეტი - კვირის პალიტრა

უკანასკნელი პორტრეტი

"აქ მას 80 წელი უსრულდება. მამამ ნახატს რომ დახედა, რაღაც უცნაური ინტონაციით თქვა - "პრედსმერტნი პარტრეტ". მართლაც, ეს პორტრეტი 2003 წლის იანვარშია დახატული, 11 მარტს მამა გარდაიცვალა"

"ჩემს თავს ვეკითხები: როგორ გაიარე ცხოვრება, რა დატოვე და რით მიდიხარ იქ - იმ ქვეყნად? საკუთარ თავს რომ ვუსაყვედურო, მართალი არ ვიქნები! რუსთაველის თეატრში თუ სხვაგან, არ დამიზოგავს არც დრო და არც თავი. არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ადამიანისთვის, არც მიჩხუბია - არასდროს!... კონფლიქტის გარეშე ვიცხოვრე - ამ მხრივ ბედნიერი კაცი ვარ", - ამბობდა ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი გოგი გეგეჭკორი. მისი შვილი, მხატვარი გიორგი გეგეჭკორი, დაუფარავი სევდით იგონებს მამას და მისი ცხოვრების ბოლო დღეებს:

- გეგეჭკორები საეკლესიო პირები იყვნენ. მამაჩემს ბაბუამისის სახელი ერქვა. ის მარტვილის მონასტრის ბოლო დეკანოზი იყო, 28 წლისა გარდაიცვალა და ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. 23 ნოემბერს დავიბადე და გიორგობის ხათრით, ეს სახელი დამარქვეს. ჩემს შვილსაც გიორგი ჰქვია - ბაბუის პატივსაცემად...

თეატრში გატარებული ბავშვობა

- მე და ჩემი და, მანანა, ლამის ყოველდღე რუსთაველის თეატრში ვიყავით. მარტო "საბრალდებო დასკვნა" მაქვს ნანახი 300-ჯერ მაინც. მამა ამ სპექტაკლში ტიგრან გულოიანის როლს ასრულებდა. ერთხელ სპექტაკლი დასავლეთ საქართველოში წაიღეს. გასტროლები ჰქონდათ და მეც გავყევი. მაშინ უკვე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი და ცნობილ მსახიობებს დიდი გატაცებით ვხატავდი. ეს პორტრეტები განსაკუთრებით მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობა ქართული თეატრის კორიფეებთან გავატარე. ჩვენთან იკრიბებოდნენ: ეროსი მანჯგალაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა, სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე, რამაზ ჩხიკვაძე, კარლო საკანდელიძე, კახი კავსაძე - უნიჭიერესი თაობა... თითოეული მათგანი კარგი თამადა იყო, მაგრამ ერთად რომ იკრიბებოდნენ, ვერ ქეიფობდნენ, რადგან ყველას თამადობა უნდოდა. თუმცა გამორჩეული თამადა მათ შორის მაინც რამაზ ჩხიკვაძე იყო...

ოჯახი

- დედაჩემს, ნათელა ურუშაძეს, და მამას, მშვიდი, წყნარი და მეგობრული ოჯახი ჰქონდათ. რომ წამოვიზარდე, დედა სულ მეუბნებოდა: ცოლს რომ შეირთავ, მთავარია, უზრდელი და უსაქმური არ იყოს, დანარჩენს ყველაფერს ეშველებაო. ჩვენს პირად საქმესა და არჩევანში არასოდეს ჩარეულან. დედაჩემი თითქოს უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო, მაგრამ ზომიერების გრძნობა არასოდეს ტოვებდა. სხვათა შორის, შვილებიც ისე გავზარდე, რომ ჩემგან ხმამაღალი სიტყვა არ ახსოვთ.

როგორ ახერხებდნენ ჩემი მშობლები ჰარმონიის შენარჩუნებას? - ამის საილუსტრაციოდ ერთ ამბავს მოგიყვებით: მე და ვანო იანტბელიძე (თელავის თეატრის მსახიობი) ერთხელ სუფრას გვიანობამდე შემოვრჩით. ძალიან ხმამაღლა ვკამათობდით ისე, რომ ჩვენს კამათს ბოლო არ უჩანდა. გამოვიდა დედაჩემი და გვითხრა: თქვენ კამათს დიდხანს ვერ დაასრულებთ, ამიტომ ერთ რჩევას მოგცემთ - თუ გინდათ თქვენი პაექრობა მშვიდობიანად დასრულდეს, რომელიც მართალი ხართ, იმან დათმეთო... ეს ნათქვამი გონებაში ჩამებეჭდა, ხშირად ვიყენებ და ამართლებს ხოლმე.

ერთხელ დედაჩემი ეუბნება მამას: რა ხდება ამ თეატრებში? - ზოგს 3 ცოლი ჰყავს, ზოგს - 4 ქმარი, ჩვენი შვილები უკვე დიდები არიან და მოდი, რაღაც ჩვენც შევცვალოთ, ერთმანეთს გავეყაროთ, მე გავთხოვდები, შენ კი მეორე ცოლს მოიყვანო. ამ ლაპარაკს ყური მოვკარი და ინტერესით ველოდი, მამა რას უპასუხებდა. მამაჩემის პასუხი მოკლე და კატეგორიული იყო: გიჟი ხომ არა ხარ, ახლა მე მეორე ცოლის ნათესავების გაცნობის თავი მაქვსო?

უფასო "ნატურა"

- 5-6 წლისა მიმიყვანეს ელენე ახვლედიანთან. ეს დიდი მხატვარი ჩემი პირველი პედაგოგი იყო. 15-16 წლისა ვიყავი, როცა გამოფენა გავმართე და ჩარჩოში ჩასმული მისი ავტოგრაფი ახლაც სახლში მაქვს შენახული: "ბიჭო, გოგია, მალე ამომიდექი მხარში". სულ თეატრის სამსახურში ვიყავი, რამდენიმე სპექტაკლი მაქვს გაფორმებული. მამაც ძალიან ბევრ როლში მყავს დახატული. შეიძლება ითქვას, რომ სახლში უფასო ნატურა მყავდა. როდესაც მისი აღნაგობის კაცის დახატვას ვაპირებდი, მაშინაც ის მეჯდა ნატურის ნაცვლად და ვხატავდი. ბოლო პორტრეტიც ასე დავხატე: აქ მას უკვე 80 წელი უსრულდება. მამამ რომ დახედა, რაღაც უცნაური ინტონაციით თქვა - "პრედსმერტნი პარტრეტ". მართლაც, ეს პორტრეტი 2003 წლის იანვარშია დახატული, 23 თებერვალს რუსთაველის თეატრში მისი საიუბილეო საღამო ჩატარდა, სადაც მასზე გადაღებული ფილმის ("ხელოვნების ქურუმი") პრეზენტაცია გაიმართა, რამდენიმე დღის შემდეგ - 11 მარტს, მამა გარდაიცვალა.

უკანასკნელი დღეები

- მისი სიცოცხლის ბოლო დღეები მძიმედ მახსენდება, ძალიან ავად იყო, გამაყუჩებლებს იკეთებდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ფეხზე იდგა. ჩემი ვაჟიშვილი მაშინ 15 წლისა იყო, საავადმყოფოში ის უვლიდა. პრაქტიკულად ხელში ჩააკვდა ბაბუა, რომელიც ძალიან უყვარდა. ალბათ მამაჩემი ძალიან ცოდო იქნებოდა, დედა რომ პირველი წასულიყო, ის უფრო რბილი კაცი იყო, დედა კი ძლიერი პიროვნება გახლდათ, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი და ტანჯვა გამოიარა: მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს. ალბათ ამიტომაც, დედამ ღირსეულად გადაიტანა მეუღლის სიკვდილი და 10 წლის შემდეგ ისიც იმქვეყნიურ საუფლოს შეუერთდა.

ხათუნა ჩიგოგიძე