"240-დან 87 კილოგრამამდე რომ იკლებ, ხასიათი გეცვლება" - კვირის პალიტრა

"240-დან 87 კილოგრამამდე რომ იკლებ, ხასიათი გეცვლება"

"ხინკალი მენატრება, მაგრამ ორგანიზმი აღარ იღებს"

29 წლის ბუბა ჩივაძე ონლაინგამოცემა "ქუთაისი თუდეის" ჟურნალისტია. დღეს ის რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

- სამი წლის წინ დამეწყო წონასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც კუჭის ოპერაცია გავიკეთე, 240 კილოგრამს ვიწონიდი. 150 კილოგრამი წელიწად-ნახევარში დავიკელი, ცოტა კიდევ მინდა.

ამბობენ, რომ კუჭის ოპერაციის შემდეგ თავისთავად მიდის კლება, მაგრამ ასე არ არის. ურთულესი ოპერაციაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი და რეჟიმის დაცვა სჭირდება. დღის განმავლობაში, ძირითადად, ვჭამ იოგურტს, შოკოლადს, მზესუმზირას და ვსვამ ყავას, სხვა საკვებს კუჭი არ იღებს. არაფერი მაქვს აკრძალული, გარდა გაზიანი სასმლისა და ცხარე თუ მაიონეზით შენელებული კერძებისა.

ახლა 87 კილოგრამი ვარ და დადგა მეორე ეტაპი - წონის დარეგულირება. ამხელა კლების შემდეგ ჩნდება ენერგიის პრობლემა, ამიტომ რეგულარული ფიზიკური აქტივობები შეუძლებელია.

ხასიათი წონასთან ერთად იცვლება. 240 კილოგრამი რომ ხარ და შემდეგ 87 ხდები, ხასიათი გეცვლება.

როცა მსუქანი ვიყავი, ერთი ბედნიერება ის იყო, რომ არ მშიოდა, ახლა პერიოდულად დისკომფორტს ვგრძნობ, რადგან ბევრი რამ მენატრება, მაგალითად, ხინკალი, მაგრამ ვერ ვჭამ, ორგანიზმი აღარ იღებს.

"შემეძლო დღეში ორი პური მეჭამა"

28 წლის ბათუმელი სოფო აბაიშვილი ჭარბ წონასთან ბრძოლაზე გულახდილად საუბრობს. სოფომ 100 კილოგრამი დაიკლო.

- ბავშვობაში ძალიან უჭმელი ბავშვი ვიყავი, წონაში მატება 13 წლის ასაკიდან დავიწყე. გარდატეხის პერიოდში მოვიმატე და თანდათან 185 კილოგრამს მივაღწიე. ბიძა მყავდა ჭარბწონიანი და ვფიქრობ, ამიტომ შემექმნა მეც პრობლემა.

- როდის დაიწყე წონასთან ბრძოლა?

- 20-30 კილოგრამს პერიოდულად სულ ვიკლებდი, მაგრამ მერე ვიმატებდი. 24 წლისა თბილისში ჩამოვედი და ენდოკრინოლოგთან მივედი. დავიწყე სწორად კვება, ფიზიკური აქტივობები და წელიწადში 75 კილოგრამი დავიკელი, რაც წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე, შემდეგ ისევ დავიწყე მატება და 167 კილოგრამამდე ავედი. ძალიან მიყვარდა პურ-ფუნთუშეული, შემეძლო დღეში ერთი ან ორი პური მეჭამა. მას შემდეგ, რაც კუჭის რეზექცია გავიკეთე, 100 კილოგრამი დავიკელი და კიდევ განვაგრძობ კლებას. ცოტ-ცოტა ყველაფრის ჭამის უფლება მაქვს. ისევ ამ კვების რეჟიმით და აქტიური ცხოვრების წესით კიდევ ვაპირებ დაკლებას - მინდა 60 კილოგრამი ვიყო.

- რით განსხვავდება ერთმანეთისგან ძველი და ახალი სოფო?

- წონის დაკლების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი, იმიჯიც შევიცვალე. ყველას, ვინც ჭარბ წონას ებრძვის, ვურჩევდი, რომ მოთმინებით მოეკიდონ გახდომის ხანგრძლივ პროცესს.

ნინო წიფურია