კინჩხა - უცნობი სამოთხე
05-02-2018
კინჩხა - უცნობი სამოთხე
ასხის მთის ძირში, მღვიმეებს შორის, ცხრა მიწისქვეშა მდინარე გადის, რომელთა გუგუნს მაშინვე გაიგონებ, როგორც კი ასხის მთაზე შედგები, საიდანაც ულამაზესი ჩანჩქერი მოჩქეფს

უცნობი სამოთხე შეიძლება უწოდო ხონის რაიონის მივიწყებულ პატარა სოფელ კინჩხას, რომლის მსგავსი ადგილი, ალბათ, იშვიათად მოიპოვება. ყველაფერი მოწმობს, რომ ათასწლეულების წინ აქ უმნიშვნელოვანესი გზები გადიოდა. სოფლის გულშემატკივარი და სკოლის დირექტორი, ბატონი მურთაზ კუხალაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ისტორიაში ხშირად შეხვდებით სოფლის სახელს. აქ მოპოვებული სპილენძის ნადნობი და ანტიკური ოქროს
ფულიც მეტყველებს, რომ აქ ცხოვრება დუღდა, თუმცა, სხვაგვარად ვერც იქნებოდა - ამ ადგილებს ხომ კაცი ვერ შეელეოდა. სოფელი სასწაულია თავისი მრავალკასკადიანი ჩანჩქერებითა და მიწისქვეშა მდინარით, რომელთა გუგუნს უსათუოდ გაიგონებთ 2400-მეტრიან ასხის მთაზე ასვლისას. ალბათ, დადგება დრო და ეს სილამაზე აქედან წასულ კინჩხელებსაც უკან დააბრუნებს.

მურთაზ
კუხალაშვილი:
"ჩვენი სოფელი სამოთხეა, რომელსაც სათანადოდ ვერ ვაფასებთ. რამდენიმე წლის წინ სოფელში ჩამოსულ არქეოლოგიურ ექსპედიციას ვახლდი მეგზურად. მათ სოფელში უძველესი სპილენძის ნადნობი და წვის ნაშთი აღმოაჩინეს. სპილენძის დნობა კაცობრიობამ ქრისტეს შობამ­დე თითქმის სამი ათასი წლით ადრე დაიწყო და არ გამიკვირდება, ჩვენი სოფელიც ამ სპილენძივით უძველესი იყოს. ჩვენს მიწაზე უძველესი ანტიკური ქალაქიც იყო და ანტიკური ფულიც არის ნაპოვნი, რომელიც კარგა ხანია, მუზეუმის საკუთრებაა. მოყვრისა თუ ბუნების ძალების წყალობით აქაურობა მტრისგან მუდამ დაცული იყო. აქაურობას სამი მხრით კლდეები იცავდა, მეოთხე მხარეს კი - კინჩხელების ხელით აშენებული კედელი, რომელიც დღემდე დგას და სტუმრები გაკვირვებული ათვალიერებენ. სწორედ ამ სტუმრების იმედი მაქვს, რომელთა რიცხვმა ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა - ისე არ გაივლის ზაფხული, ასობით ტურისტი არ მოვიდეს იმ საოცრების სანახავად, რომელსაც კინჩხა ჰქვია, არადა, იცლებოდა სოფელი - ოდესღაც თითქმის 300-ბავშვიან სკოლაში 10 ბავშვიღა სწავლობს! საბედნიეროდ, ამ ბოლო დროს ხალხმა მიწა იყიდა და შემოღობა - იქ ახლა სახლებიც ჩაიდგმება.

დადგა დრო, როცა ამ სილამაზით შემოსავლის მიღება შეიძლება, თორემ ადრე ამას ვინ მოიფიქრებდა! იყო დიდი მეცნიერი, არსენ ოქროჯანაშვილი, რომელიც ქართულ კარსტულ გამოქვაბულებს სწავლობდა. ის, ჯგუფთან ერთად, სამეგრელოში ტობას მთის მღვიმეებში რომ ჩავიდა, მიწის ქვეშ 20 კილომეტრი იარა და კინჩხას მღვიმეებში ამოვიდა. მას შემდეგ კინჩხას მღვიმეები არავის შეუსწავლია. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ მღვიმეში სოფლის ახალგაზრდები ჩავიდნენ და უკან გაოგნებულები ამოვიდნენ - იქაურობა ისეთი ლამაზია, თავი ზღაპარში გეგონება, მაგრამ ბოლომდე ვერ მივყევით, შეგვეშინდაო.

ასხის მთის ძირში, მღვიმეებს შორის ცხრა მიწისქვეშა მდინარე გადის, რომელთა გუგუნს მაშინვე გაიგონებ, როგორც კი ასხის მთაზე შედგები. იმედი მაქვს, მღვიმეებს ოდესმე მიეხედება და ხალხი სანახავადაც ჩავა, მაგრამ მანამდე სანახავი ჩანჩქერებია, რომლებიც ამ მღვიმეებიდან გადმოჩქეფს. ეს ისეთი სილამაზეა, რაც უნდა მოვინდომო, ვერ აღვწერ. განა მარტო სიმაღლით (ყველაზე მაღალი 100 მეტრამდეა), ფორმითაც. ეს ჩანჩქერები იმედს გვაძლევს, რომ სტუმრის მომრავლება მასპინძელსაც მოამრავლებს და სოფელიც აღორძინდება."

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა