"საიდან გაქვს ასეთი შთაგონება-მეთქი? - "კოსმოსიდანო" - მპასუხობს" - რას წერს ბრიტანული "ინდიფენდენთი" სვანეთსა და მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძეზე?
04-02-2018
"საიდან გაქვს ასეთი შთაგონება-მეთქი? - "კოსმოსიდანო" - მპასუხობს" - რას წერს ბრიტანული "ინდიფენდენთი" სვანეთსა და მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძეზე?
ბრიტანულ გამოცემა «The Independent»-ში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით, "უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში", რომლის ავტორიც ნიკ რედმეინია.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
"ამჟამად საქართველო ყველას გონებაშია, მასზე ყველა ფიქრობს. თბილისი "ცხელ მიმართულებად" იქცა იმ პირდაპირი ავიარეისის მეშვეობით, რომელიც გასულ წელს დაწესდა ლონდონიდან (ლუტონიდან) და რომელსაც კიდევ ერთი ახალი მარშრუტი - ლუტონი-ქუთაისი დაემატა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყველა საქართველოში მიდის, მაგრამ არა სვანეთში, მთიან მხარეში, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. აქ არის სოფელი უშგული,
რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარეობს.

სვანები მკაცრი და დინჯი ხალხია. ისინი არქაულ ქართულ დიალექტზე ლაპარაკობენ და ქრისტიან - მართლმადიდებლები არიან. სვანები ეთნიკურ-კულტურული სპეციფიკით დანარჩენი ქართველებისაგან განსხვავდებიან.

სვანეთი დიდი ხნის განმავლობაში (უფრო მეტად ზამთრობით) ექვსი თვით იზოლირებული რჩებოდა დანარჩენი ქვეყნისგან, აქ კანონი თითქმის არ კანონობდა.
გავრცელებული იყო ბანდიტიზმი და სისხლის აღების წესი. ეს მდგომარეობა 2000-იან წლებამდე გრძელდებოდა. საქართველოში სვანებზე ხშირად ხუმრობენ - ძალიან უეშმაკო და მიამიტები არიანო - თუმცა, რასაკვირველია, ამას ხმამაღლა არ ამბობენ.

იმის გამო, რომ საკმაოდ მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს, უშგული თანდათანობით ცარიელდებოდა, მკაცრი პირობები და არასტაბილურობა მოსახლეობას სოფლიდან წასვლას აიძულებდა, თუმცა, პოსტსაბჭოთა ქაოსიდან საქართველოს გამოსვლის კვალდაკვალ, ქვეყანაში, სვანეთის ჩათვლით, უსაფრთხოება განმტკიცდა.

ოდესღაც ყველაზე სახიფათო გზა, დღეს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრამდე - მესტიამდე უკვე კაპიტალურადაა შეკეთებული, თუმცა ქუთაისიდან სვანეთში ამოსვლას მაინც თითქმის ხუთი საათი ჭირდება. გზადაგზა საინტერესო ადგილების დათვალიერებაც შეიძლება.

უშგულის თემში ჟიბიანი საკმაოდ დიდი სვანური სოფელია. აქ ბევრია თავდაცვითი დანიშნულების კოშკი, მიხვეულ-მოხვეულ შარა-შუკებში კი პირუტყვი "დასეირნობს". ქვის საცხოვრებელი შენობები ძირითადად ორსართულიანია, დახურული ხის აივნით, მათგან ზოგი შესაკეთებელია, ზოგი კი რემონტდება.

მარეხ ნიჟარაძის სახლი კარგ მდგომარეობაშია, თუმცა მისი დეკორატიული აივანი საბჭოურ სიმბოლოებს მოგვაგონებს. მარეხი მე და ჩემს ქართველ გიდს, სახელად ალექსს, სახლში გვიწვევს. "მე აქ მეანი ქალის პროფესიით მოვედი. სოფელში მხოლოდ ერთი ექიმი ვიყავი. პაციენტებისთვის სტომატოლოგიც ვყოფილვარ და მცირე ოპერაციებიც გამიკეთებია. ხელფასს არავინ მაძლევდა, არანაირი ტრანსპორტი არ იყო, მესტიამდე ვერც მიხვიდოდი, მაგრამ მე მინდოდა ხალხისთვის დახმარება გამეწია".

დღეს მარეხი პატარა პანსიონის მფლობელია. ყველგან, სადაც კი ამის საშუალებაა, საწოლები დგას, თუმცა გაფართოების პროცესიც სრული სვლით მიდის. ძველ საძინებელ ოთახის კედლებზე ორი დიდი ბზარი ჩანს - ეს 1987 წლის ზვავის კვალია. იმ ზვავის შემდეგ ჯიბიანის მოსახლეობის ნახევარი სხვა ადგილზე გადასახლდა. "სულ 50-მდე მცხოვრები დავრჩით, მაგრამ ტურიზმმა წასულები უკან დააბრუნა", - ამბობს მარეხი.

თავისი მიუდგომელი მდებარეობისა და მკაცრი ბუნების წყალობით, სვანეთი მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართული კულტურის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტი იყო, მართლმადიდებელი ტაძრების ჩათვლით. ჟიბიანთან ახლოს, ბორცვზე, შხარის მთის (5000 მ.) ფონზე, ლამარიას მონასტერი მოჩანს, რომელიც ზემო სვანეთის ეპისკოპოსის ადგილ-სამყოფელია. ეკლესიის შესასვლელს პონისხელა ძაღლი დარაჯობს. ამ დროს შავად ჩაცმული წვერიანი ხუცესი გამოდის და ზარს რეკავს. იგი მე-10 საუკუნის სამლოცველოში გვიწვევს, სანთელს ანთებს და გვეუბნება, რომ იგი აქ ერთი თვით დარჩება.

უშგულის სოფლებში სხვადასხვანაირი ადამიანები ცხოვრობენ: აქ არის, მაგალითად, სიურეალისტური მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, იგი განდეგილს ჰგავს და როგორც ამბობენ, ბევრი ლასპარაკი არ უყვარს, თუმცა ალექსი მისი ნათესავია და მპირდება, გაჩვენებო.

მივდივართ სოფლის მიხვეულ-მოხვეულ ვიწრო ქუჩებში. მოჩანს რუსული სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ძველი და გაძარცულია. იქვე ახლოს ძროხები წვანან და იცოხნებიან. ვუახლოვდებით ნახევრად ქვით და ხით აგებულ შენობას. კიბესთან კაცი დგას და საეჭვოდ გვიმზერს, რომელიც ფრიდონი აღმოჩნდა. "მითხარი, როგორი იყო იოსებ სტალინისა და ფრანკლინ რუზველტის პოზიცია თეირანის კონფერენციის დროს?", - ეკითხება იგი ალექსს და პასუხით კმაყოფილი, სახლში გვიწვევს, რათა საკუთარ ბიოგრაფიაზე გვესაუბროს.

"1970-იან წლებში მე თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ჩემთვის არაფერი მოუციათ. რისი დახატვაც მინდოდა, იმის უფლებას არ მაძლევდნენ. მე საპროტესტო გამოსვლებშიც ვმონაწილეობდი, როცა ქართული ენის აკრძალვა გადაწყვიტეს. დამიჭირეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამამწყვდიეს, რაღაც ნარკოტიკებს მიკეთებდნენ. ჯანმრთელობა სწორედ იმ დროიდან შემერყა", - გვიყვება ფრიდონი.

მხატვარმა დიდი კარი გააღო და თავის სტუდია-სახელოსნოში მიგვიპატიჟა. "აი, ეს, - მიგვითითებს ნახატზე, რომელზეც დიდი სვანური კოშკია გამოსახული, - ბაბილონის გოდოლია... ეს კი, - გვაჩვენებს ქალის გადაჯვარედინებულ ფეხებს - მაკრატელი". ფრიდონის ნახატები მართლაც პროვოკაციულია, სიურეალისტური. ვეკითხები, საიდან გაქვს ასეთი შთაგონება-მეთქი. "კოსმოსიდან", - მპასუხობს ფრიდონი უყოყმანოდ.

უკან დაბრუნებისას ფრიდონი უშგულის აღორძინებაზე მესაუბრება. მაჩვენებს ერთ-ერთ ნახატს და მეუბნება: "ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 1999 წელს დავხატე და თუ გაიყიდება, მთელ ფულს უშგულს მოვახმარ, იმ ადამიანებს, რომლებიც ზამთარში რჩებიან".

დარწმუნებული ვარ, რომ ფრიდონი სურათს კარგ ფასში გაჰყიდის". (წყარო)

იხილეთ ასევე: "ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი მხატვრის საოცარი ნახატები

მოამზადა სიმონ კილაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით