"შემომთავაზეს ფონოგრამას აჰყოლოდა ორკესტრი და დავთანხმდი" - კვირის პალიტრა

"შემომთავაზეს ფონოგრამას აჰყოლოდა ორკესტრი და დავთანხმდი"

"ზურაბ ჟვანია ჩემი მამობილი იყო"

"ბოლო წუთს სააკაშვილმა განაცხადა, სიმღერა არ მეხერხებაო"

ის რაც ჯერ კიდევ წლების წინ მითხრა, დღემდე შემომრჩა მეხსიერებაში: "ვიცი, რომ ძალიან დიდხანს ვიცოცხლებ. ვიქნები გამხდარი და ჭაღარა. გარს დამეხვევა ბევრი შვილიშვილი, რომელთაგან ერთი აუცილებლად მუსიკოსი იქნება"... ჭაღარა სულაც არ არის, არც შვილიშვილები ახვევია გარს. ბევრჯერ დასიზმრებული და ნაოცნებარი სიგამხდრე კი რეალობად ექცა.

მანამდე... უკვე 140 კილოგრამს რომ გადააჭარბა, თავი თანდათან ცუდად იგრძნო და ექიმთან მივიდა. მან უთხრა:, წონაში თუ არ დაიკლებ, შესაძლოა, ვეღარ იარო, ვეღარც დაუკრა და ვეღარც იდირიჟოროო. უმუსიკოდ? მომაკვდინებელია! ვერ გაძლებს!..

კუჭის ოპერაციაო? არა, ეს მარტივი და გავრცელებული მეთოდია. მან გაცილებით რთული ალტერნატივა არჩია - ე.წ. ოქროს ოპერაცია. ჰო, ოქროსი - 12 საათს გრძელდება, არის უმძიმესი და შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე ქართველმა გარისკა ამ ოპერაციის გაკეთება. ოქროს შედეგი კი ის არის, რომ 12-მეტრიანი ნაწლავის რეზექციის შემდეგ ორგანიზმი ვეღარ ახერხებს საკვების ბოლომდე ათვისებას, წონაში არ იმატებს და რაც მთავარია, - მტანჯველო დიეტებო, მშვიდობიიიით!

ახლა შეიცვალა - არა მხოლოდ გარეგნულად. კომპლექსებისგან გათავისუფლდა, სიცოცხლე უფრო მეტად უხარია თითქოს. ის კი არა, ლამის ნარცისიზმით დაავადდა - გამხდარსა და თმაშეუჭაღარავებულ ნიკას ძალიან მოეწონა საკუთარი თავი...

საინტერესო დეტალი - ოპერაცია 13 მარტს გაიკეთა. 13 მისთვის ყველაზე იღბლიანი რიცხვია და...

ჩემი დრო

ცხოვრება მძიმე დროსთან ერთად განვვლე. კომუნიზმი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, პირველი პრეზიდენტი და მისი ეპოქა, სამოქალაქო ომი... აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები, ტერიტორიების დაკარგვა, შევარდნაძის დაბრუნება, ბრძოლა მასთან... მერე კი "ვარდების რევოლუცია" და შემდეგ განვითარებული მოვლენები... ასე რომ, ჩემ გარშემო პოლიტიკური ცხოვრება დუღდა. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი ეროვნული მოძრაობა იყო - ერთადერთი, რის გამოც არასდროს ვინანებ, რომ ამ ეპოქაში მომიხდა ცხოვრება. მართალია, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მთელი არსებით მიყვარდა იმდროინდელი გმირები.

პირველი მუსიკალური ნაწარმოები, რაც დავწერე, სწორედ მერაბ კოსტავას ხსოვნას მივუძღვენი, ჩემი პირველი შემფასებელი კი ზვიად გამსახურდია იყო. სწორედ მაშინ მივხვდი, რა არის სამშობლოს სიყვარული. ასე ერთ მუშტად შეკრული საქართველო არც მანამდე და არც მას შემდეგ აღარ მინახავს.

9 აპრილს მეც ვიყავი მიტინგზე. როდესაც პატრიარქმა ხალხს დაშლისკენ მოუწოდა, დედა, როგორც ღრმად მორწმუნე ადამიანი, დამორჩილდა და მეც შინ წამიყვანა.

ყველა ის პრობლემა, რაც დღემდე გვაქვს, ყველაფერი, რაც პარლამენტის შენობის წინ მომხდარა, სასჯელია იმის გამო, რომ 9 აპრილს ქართველი ერი არ დაემორჩილა პატრიარქს. უფრო მეტიც, ხალხს თავხედობა ეყო და ირაკლი წერეთლის წაკითხულ "მამაო ჩვენოს" იმეორებდა.

ამით ადამიანები თითქოს ერთგვარ რწმენას გამოხატავდნენ მაშინ, როდესაც ათიოდე წუთის წინ არაფრად ჩააგდეს ის, ვისი სიტყვაც განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო. იმ მოედანზე დატრიალებული ყველა უბედურება ღვთისგან მოვლენილი სასჯელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ვფიქრობ, იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ უნდა იყოს ეს დაწესებულება. ასევე ფიქრობს პატრიარქიც. პრეზიდენტიც იზიარებს ჩვენს მოსაზრებას. ერთ დღეს, როდესაც პარლამენტი ქუთაისში გადაინაცვლებს, ეს დაწესებულება, შესაძლოა, სახელოვნებო გახდეს.

მოგეხსენებათ, იქ, დატრიალებული ცოდვების გარდა, იუნკრების სასაფლაო და დანგრეული ეკლესიაცაა, ასე რომ... გერმანელებმა ჰიტლერის ცოდვილი რეზიდენცია კონსერვატორიად აქციეს, მუსიკით გაწმინდეს უარყოფითი აურა...

ჩემი პრივილეგია

პრივილეგიური ხელისუფლების მიერ? ვარ! ეს შემორჩენილ საბჭოურ მენტალიტეტს უკავშირდება. ჩვენს ქვეყანაში ხელოვნება ხელისუფლების პირდაპირპროპორციულია,

თეატრის რეჟისორებსა თუ ორკესტრის დირიჟორებს ჯერ კიდევ სამინისტროები ნიშნავენ, რაც არ ხდება საზღვარგარეთ.

იმ დროს, როდესაც ჩემი კანდიდატურა სახელმწიფო ორკესტრის დირიჟორისა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინეს, ჯერ კიდევ ვენაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. ამის ინიციატორი ზურაბ ჟვანია გახლდათ. ის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მძიმე დრო იყო, ჩემს ოჯახსაც უჭირდა. დედა რეკომენდაციებითა და წერილებით სხვადასხვა ინსტანციაში დადიოდა.

ერთადერთი, ვინც გამოგვეხმაურა, ზურაბ ჟვანია იყო. მან ჩემზე მეურვეობა აიღო, მამობრივი დამოკიდებულება ჰქონდა. თითქოს თავისი კაპიტალი ჩემს განათლებაში დააბანდა იმისთვის, რომ ისევ და ისევ საქართველოსთვის გამომეყენებინა. "ვარდების რევოლუციისა" და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იმდროინდელი კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილის მეშვეობით ვენაში მიპოვა და ეს თანამდებობა შემომთავაზა.

სიხარულით დავთანხმდი და საქართველოში დავბრუნდი. ზურაბ ჟვანიასთან ვმეგობრობდი. ჩვენი ოჯახები დღემდე ძალიან ახლოს ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბრუნების დროს ის უკვე პრემიერ-მინისტრი გახლდათ, იმდენად მრავალწახნაგოვანი პიროვნება იყო, არც ერთი დეტალი არც ერთ სფეროში უყურადღებოდ არ დარჩებოდა.

ზურას გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მასთან შინ მივედი. ფურცელზე ინიშნავდა, რომელი ინსტრუმენტები გვჭირდებოდა.

უცხოეთში ვიზიტს აპირებდა და იქაური პარტნიორებისთვის დახმარება უნდა ეთხოვა. არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება მის მიმართ არა სიტყვით, არამედ - საქმით! ძალიან მინდა, აღვადგინო მის მიერ დაწესებული "წინანდლის" პრემია ახალგაზრდა ხელოვანთათვის. მე და ჩემი თაობა ამ პრემიის პირველი ლაურეატები ვართ.

ხშირად ვმონაწილეობ სახელმწიფო ღონისძიებებში. სიამოვნებით ვთანხმდები, ვინაიდან სახელმწიფო გვაფინანსებს და ეს ჩვენი ვალდებულებაცაა - ის დამკვეთია, ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ.

შესაძლოა, ჩემი მონაწილეობა სახელმწიფოს ღონისძიებებში ჩემს პოლიტიკურ ანგაჟირებას უსვამს ხაზს, მაგრამ ისეც ხდება, რომ სხვა, არაპოლიტიკურ ღონისძიებებზეც მე და ჩემს ორკესტრს გვიწვევენ. რაც უნდა პრივილეგიური ვიყო, თუ, მაგალითად, ნანი ბრეგვაძეს არ მოსწონს ჩემი გაორკესტრებული სიმღერა, ჩემი დაკრული ან ნადირიჟორები, არასდროს მიმიწვევს.

რატომ არ არიან სათანადოდ დაფასებული სხვა დირიჟორები, მაგალითად, გოგი ჭიჭინაძე ან ზაზა აზმაიფარაშვილი? მათ პროფესიონალიზმს ხაზგასმა არ სჭირდება. ესენი იმ რანგის მუსიკოსები არიან, რომელთაც ზედმეტი რეგალიები არ სჭირდებათ. იმას, დააფასებს თუ არა  მათ რომელიმე პერიოდის მმართველი ძალა, ალბათ, არც მათთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არც ჩვენთვის მათი პროფესიონალიზმის შეფასებისას. ის, რომ ზაზა ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ჩემთვის წარმოუდგენელი თემაა.

KvirisPalitra.Ge"პროფესიული ფარსი"

პარლამენტის წინ გამართულ "ვარდების რევოლუციის" წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დიდი რეზონანსი მოჰყვა.

სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჩემი დირიჟორობით რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა. ბოლო, ერთადერთი მუსიკალური ნომერი კი ფონოგრამით გაჟღერდა - ეს შესრულების იმიტაცია იყო.

რატომ დავთანხმდი ან რატომ მოხდა ასე? სიმართლე გითხრათ, არასდროს არავისთვის ამიხსნია ნამდვილი მიზეზი. ხელისუფლებამ საფრანგეთში მოცეკვავე შადრევნები შეუკვეთა. კონცერტის დასკვნით ნომერში შადრევნებს სწორედ იმ ფონოგრამაზე უნდა "ეცეკვა", რომლის მიხედვითაც დამონტაჟებული იყო. უბედურება ის იყო, რომ ამხელა ორკესტრი ვერ ასწრებდა სცენიდან გასვლას, არც ჩვენი უმოძრაოდ ყოფნა იქნებოდა ლამაზი. ამიტომ შემომთავაზეს, ფონოგრამას აჰყოლოდა ორკესტრიც და დავთანხმდი.

პირველი, ვინც ტელეეთერით ეს ამბავი გაახმოვანა და ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენა, გიორგი შენგელაია იყო. მასთან ვმეგობრობდი, ფილმისთვის მუსიკაც დავუწერე. მერე ახალი პროექტის თაობაზე შეხვედრა მთხოვა და ვერ მივედი. ამაზე განაწყენდა და... ბატონი გიორგი, ჩანს,  იმაზე  იყო აღრენილი, რატომ დგამს მასშტაბურ ღონისძიებებს დათო დოიაშვილი და რატომ არ სთავაზობენ გიორგი შენგელაიას. როგორც მერე განაცხადა: მე არ დავუშვებდი, ნიკა მემანიშვილს ორკესტრთან ერთად ფონოგრამაზე ექნია ხელებიო. ეს იყო და ეს...

ჩემი პრეზიდენტები

პრეზიდენტი... ჩემი პირველი ასოციაცია ამ სიტყვასთან იყო ზვიად გამსახურდია. დღემდე დაუვიწყარია ის შეგრძნება, როცა ჩემი ნაწარმოების შესრულების შემდეგ ის კულისებში შემოვიდა, ხელში ამიყვანა და მეფერებოდა.

შემდეგ იყო ედუარდ შევარდნაძე. მაშინ პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი, მოგვიანებით კი ამ სტიპენდიის ჟიურის წევრი. ბატონი ედუარდი ახალგაზრდა ხელოვანებს პერიოდულად თავს გვიყრიდა და გვესაუბრებოდა. მახსოვს, მაშინ დავახლოვდით, როდესაც პანკისის ხეობაში შოუ გავმართეთ. ეს მხოლოდ შევარდნაძის დონეზე გადასაწყვეტი საკითხი იყო, ამიტომ შევხვდით და დაგვეხმარა. მერე იყო მისი დაბადების დღე, წვეულება კრწანისის რეზიდენციაში, სადაც ჩემი აკომპანემენტით ლიზა ბაგრატიონმა პრეზიდენტს იუბილე მიულოცა.

მალე "ვარდების რევოლუცია" მოხდა. მოვიდა ახალი მთავრობა და ახალი პრეზიდენტი...

მიხეილ სააკაშვილი გაცილებით ადრე გავიცანი. მაშინ 15 წლის ვიყავი და ერთ-ერთ კლუბ-რესტორანში ვუკრავდი. ერთხელ მიმტანმა ერთი მაგიდისკენ მიმითითა, სტუმრებს შენი გაცნობა უნდათო. მივედი. სამი კაცი დამხვდა. არც ერთს არ ვიცნობდი. ჩემი დაკრულით აღფრთოვანდნენ და პატარა ფურცლებზე თავიანთი შეფასებები და სურვილები დამიწერეს.

"იმედია, შენგან დიდი მუსიკოსი დადგება. მე ამას ვგრძნობ. წარმატებებს გისურვებ! ზურაბ ჟვანია"

იმავე შინაარსის ტექსტი დამიწერა მეორე სტუმარმაც, ოღონდ ინგლისურად. "მიშა სააკაშვილი" - ეწერა ბოლოს. იმ პერიოდში იგი ჯერ კიდევ საზღვარგარეთ სწავლობდა.

მაგიდის მესამე წევრი უცხოელი სტუმარი იყო, რომელმაც ასევე აღტაცება გამოხატა. ის ფურცლები ახლაც შენახული მაქვს.

ერთხელ, შევარდნაძის მმართველობის უკანასკნელ წელს, ღია ცის ქვეშ პირველი საახალწლო კონცერტი იმართებოდა. ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილს დაებადათ იდეა, იმდროინდელ ოპოზიციას სპეციალურად მათთვის დაწერილი სიმღერა - "ახლა ჩვენი დროა" - ერთობლივად შეესრულებინა. იმ დროს, როდესაც შევარდნაძე პირველი არხის ეთერში თავის გრძელ და მოსაწყენ მიმართვას წაიკითხავდა, ოპოზიციის ლიდერები "რუსთავი 2"-ზე სიმღერით მიულოცავდნენ მოსახლეობას ახალ წელს.

ბოლო მომენტში სააკაშვილმა კუთვნილი ფრაზის შესრულებაზე უარი განაცხადა, სიმღერა არ მეხერხებაო. ამიტომ მთელი სიმღერის კონცეფციის შეცვლა მოგვიხდა. საბოლოოდ ის მომღერლებმა და ცნობილმა მოღვაწეებმა შეასრულეს.

მიშა სააკაშვილთან დაკავშირებული ძალიან სახალისო ამბავი მაგონდება. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა და მის პატივსაცემად თბილისსა და მცხეთაში ორი გრანდიოზული ღონისძიება დაიგეგმა. თბილისში ორგანიზატორი დათო დოიაშვილი იყო, მცხეთაში - მე. თავი გადავდე და მთელი ჩემი შემოქმედებითი რესურსი ამ ღონისძიებას მივუძღვენი. თბილისიდან მცხეთისკენ დაძრულ დელეგაციას ჩემს საგულშემატკივროდ დოიც გამოჰყვა.

პრეზიდენტი სცენის წინ, ცენტრში დაჯდა და კონცერტიც დაიწყო. მე სცენის უკან, სადაც სამზარეულოც იყო, დავრბოდი, ვდუღდი, დოიც იქვე იდგა. ამ დროს პრეზიდენტს ტელეფონზე დაურეკეს. წამოდგა, სცენას გვერდი აუარა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი. დოიაშვილი დაინახა თუ არა, სხარტად შეასხა ხოტბა, ეს რა ჩინებული ღონისძიება მოგიწყვიაო. დათო დაიბნა, ის იყო, უნდა აეხსნა, რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის ორგანიზატორი, სააკაშვილი მომიბრუნდა და ასევე სხარტად მითხრა, უგემრიელესი საჭმელია, დროა, დესერტიც შემოიტანოო. მოკლედ, იმ საღამოს შეფ-პოვარ-ორგანიზატორი აღმოვჩნდი.

ჩემი პატრიარქი

მას ბავშვობიდან ვიცნობ. ბედნიერებაა - რომ გამიჭირდეს, შემიძლია გაუფრთხილებლად ვეახლო და რჩევა ვკითხო. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ამ თანამდებობაზე დამნიშნეს.

პატრიარქმა დამიბარა. ბევრი საჩუქარი დამახვედრა, მათ შორის ხატი და შანდალი და მითხრა, გქონდეს იქ, სადაც იმუშავებ და ყველა დაბრკოლებას გადალახავო. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. მისი მადლის მადლს გამუდმებით ვგრძნობ.

მისთვის არაფერი მიმიძღვნია. ალბათ, სხვა რანგში უნდა ვიყო, რომ თავს ამის უფლება მივცე...

15 სექტემბერს ფილარმონიაში ფონდ "იავნანასთან" ერთად უწმინდესის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მისი ორგანიზატორობა ჩემთვის უდიდესი პატივია. ყველა ის დიდი სასწაული, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა და რაც პატრიარქს უკავშირდება, აუხსნელია. ან რად უნდა ახსნა?! ეს უნდა ირწმუნო მხოლოდ.

ჩემი სიყვარული

ყველა ის ჭორი, ბოლო დროს ჩემზე რომ გავრცელდა, ძალიან მახალისებს. ჩანს, ჩემს გულშემატკივრებს უნდათ, მალე დავოჯახდე. არადა, შეყვარებული არა ვარ. უკვე ხუთი წელია, მარტო ვარ, მარტოსული...

რატომ? არ ვიცი. გამორიცხული არ არის, ისევ ის მიყვარს, ვინც ადრე, მაშინ... ვნანობ, რომ ერთად აღარ ვართ, გული მწყდება. ჩვენ შორის მაშინ დაიწყო გაუცხოება, როცა მე ვენაში ვსწავლობდი. ჩამოვედი და აღარაფერი დამხვდა... ურთიერთობა გაქრა.

როცა შეყვარებული ვიყავი და ვწერდი, ნოტებს მის სახელს არასდროს ვაწერდი, თუმცა იმ პერიოდში ის ჩემი ერთადერთი შთაგონების წყარო იყო, ემოციას აღძრავდა და ჰარმონიას ქმნიდა ჩემს სულში, ამ ჰარმონიას მუსიკაში ბგერებით გამოვსახავდი.

P.S. ერთხელ ნიკამ ისიც მითხრა, ასე როგორ გადავგვარდები, რომ მუსიკას თავი ვერ დავაღწიო და ოჯახის შექმნაზე დროულად არ ვიფიქროო. დრო... მართალია, მას შემდეგ ცოტა დრო გავიდა, მაგრამ... ის ახლაც მხოლოდ ბგერებში ცხოვრობს, ჯერ კიდევ... CARPE DIEM! (არ გაუშვა მომენტი!), ნიკა!