”პირდაპირ არ ვიცი, რა უნდა მეკეთებინა, იმ თუთიყუშს რომ არ დაეჩხავლა, - პიასტერები, პიასტერებიო”
28-06-2010
ჯერ ერთი, ვერ გაიგებ, სად არის: აქ, თბილისში, თუ სადმე სხვაგან, - ევროპაში ან აზიაში. წერს კი და!.. მარტო მოთხრობებსა და რომანებს კი არა, წერილებსაც, რომლებსაც "ათიანსა" და "ათიანში" ყოველთვიურად ბეჭდავენ. და რომ გგონია, აგერ, აქვე ყოფილა, დაუწერია და დაუბეჭდავსო, ძალიანაც გეშლება... სულაც არ არის "აგერ აქვე", ლისაბონშია ამ დროს, მაგალითად...

მერე, მეორე: ისე წერს ამ ძველ ამბებს, ისე შინაურულად გიყვება, გაიფიქრებ, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის "ყურთმაჯებიანი კაბა, ფართე ქართული შარვალი და
ძველებური თავადური წუღები" სულ ახლახან სოლოლაკში სეირნობისას თვალში მოხვდაო... იქ იყო, აბა რა, არც მისი გამოხედვა გამორჩენია და არც სიარულის მანერა. არადა, ამბავი თითქოს შენც იცოდი, ისიც არაერთხელ მოგესმინა, როგორ ჩასძახა შვილიშვილმა საფლავში რუსებზე: "ბედნიერო, წავიდნენო", მაგრამ რამდენჯერაც ამ ამბავს გაიხსენებ, იმდენჯერ ზუსტად ისე გაგახსენდება,
როგორც ამან გიამბო - აკა მორჩილაძემ.

და რადგანაც თბილისში გგონია და აქ არ არის, ან ლონდონში გეგულება და აქაა, რადგანაც გასულ საუკუნეში ისე ლაღად "შეცურდება" ხოლმე, როგორც თევზი წყალში, მაგრამ რეალურად სულაც არ არის იქ... და დროს რაც შეეხება, მგონი, არც ამ ჩვენს და ჩვენებურ დროშია მაინცდამაინც - "მოუხელთებელი" დავარქვი.
ინტერვიუსთვის რომ ვერ მოიხელთებ, ეგ ხომ ძველი და ნაცნობი ამბავია. საბედნიეროდ, ელექტრონული ფოსტა არსებობს და შეგიძლია მისწერო. დღე არ გავა, წერილები არ ნახოს, პასუხსაც აუცილებლად მოგწერს, სულ ღიმილაკებით სავსეს, აი ასე:)))

ამ დროს, ალბათ, თვითონაც ეღიმება, თან ბედნიერია, რომ წინ არ გიზის და შენ დიქტოფონით ხელში საშინელ კითხვებს არ უსვამ, ისეთს, ყველაზე ხშირად რომ ეკითხებიან ხოლმე სხვებს: წერა როდის დაიწყეთ? ყველაზე საყვარელი ნაწარმოები რომელი გაქვთ? რაზე ოცნებობთ?

მოდი და აუხსენი ახლა ამას, რომ მანამდეც წერდი, ვიდრე წერდი, და საყვარელი ნაწარმოები ხომ საერთოდაც - "უჰ"! რაზე ოცნებობ და - "ვაჰ"... ჰოდა, ასე სჯობია, მოუხელთებელი იყო და შენი დროის ამ დალოცვილი მონაპოვრით - ელექტრონული ფოსტით (სხვა მონაპოვარი, მაგალითად, მობილური ტელეფონი, სულაც არ სჭირდება), გაიღიმო და გაიღიმო.

"გამარჯობა, გიო!
მომავალ კვირაში ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოდის თქვენი წიგნი, ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრაში" წერილი გვინდა გამოვაქვეყნოთ, შეიძლება ორიოდე კითხვაზე მიპასუხოთ?
პატივისცემით, ლელა ჯიყაშვილი" - გავაშანშალე ელექტრონული წერილი.
პასუხს მთელი დღე ველოდი. საღამოს მოვიდა!
"სალამი ლელა!
ხო, ვიცი, მაგ წიგნის ამბავი. საქმე იმაშია, რომ რაც მაგ წიგნზე შემიძლია ვთქვა ინფორმაციული თვალსაზრისით, მაგ წიგნშივე წერია))) იქ, სადაც ბოლო ნაწილი, "სიზმრის ახსნა" იწყება. დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ იქ უკეთ წერია, ვიდრე მე ახლა გამახსენდება 11 წლის წინ დაწერილი. ))) ("შენი თავგადასავალი") ჩემი იდეაა, იქიდან მცირე ფრაზები გამოიყენოთ სარეკლამო ამბავში.))) რომ არ მოგატყუო, საკუთარ წიგნებს არ ვკითხულობ და შეძლებისდაგვარად ვივიწყებ, ამიტომ მართლა იქ ჯობია.))) იხარე. გიო."
ისევ ვწერ წერილს, ახლა უფრო ვრცელს და ისევ ველოდები პასუხს...

მაგრამ რადგან ჩემსავით ალბათ ბევრი სწერს, ზოგი გამომცემელი, ზოგი - მთარგმნელი ან რედაქტორი, ზოგიც - მეგობარი, ცხადია, სასწრაფოდ ვერ მიპასუხებს. ეგეც არ იყოს, ახლა ფეხბურთის დროა. მორის ფოცხიშვილის ამბავი გამახსენდა, ფეხბურთის ყურებისას მის ქალიშვილს - ბასას რომ დაურეკა ვიღაცამ და უთხრა შვილს: - ფეხბურთის მატჩისას რომ კაცი დაგირეკავს, ის არ არის კარგი კაციო!

მეც ამ გაგანია "ფეხბურთობაში" მოვინდომე ფეხბურთზე შეყვარებული კაცისაგან რაღაც პასუხების მიღება.

"ათიანის" რედაქტორმა გიორგი გორგოძემ, რომელიც ყოველთვიურად ახერხებს აკა მორჩილაძისაგან ერთი კი არა, რამდენიმე წერილის "ამოღებას" და რომელსაც თურმე გიო "გაუმაძღარ" რედაქტორს ეძახის იმიტომ, რომ სულ ახალ-ახალ წერილებს სთხოვს, დაზუსტებით მითხრა: ორი რამ უყვარს ამქვეყნად ყველაზე მეტად წიგნი და ფეხბურთი. ჰოდა, ამ ჩემპიონატისას და ემოციური ღამისთევებისას მოდი და ნუ გაუგებ, რომ შენთვის არა სცხელა!

წინ მთელი დღეა - მოლოდინის მთელი 14 საათი მაინც (დანარჩენი - ძილს მიაქვს) და ვიწყებ ფიქრს, რას დავწერდი აკა მორჩილაძეზე ისე, ჩემთვის რომ დამეწერა.
ჯერ იმას დავწერდი ალბათ, ერთხელ ჭილაძეების ოჯახში რომ ვიყავი სტუმრად და ბატონი ოთარი მელაპარაკებოდა თანამედროვე ქართველ მწერლებზე. მაშინ დაასახელა რამდენიმე საინტერესო მწერალი, მათ შორის აკა მორჩილაძეც. მახსოვს, გავიხარე. მეც ძალიან მომწონდა მისი რამდენიმე რომანი.

მერე სტუდენტობა გამახსენდა. ყველაზე ბნელ და მშიერ წლებში, როცა ერთმანეთთან ფეხით გვიწევდა მისვლა, იმიტომ რომ ტრანსპორტი თითქმის არ დადიოდა, ჩემს უახლოეს მეგობართან რომ მივსულიყავი, უნდა გამევლო კორპუსი, სადაც გიო ახვლედიანი ცხოვრობდა. ეს სახლი მეგობარმა "გამაცნო", როგორც აკას სახლი და მერე მეგობრის ფანჯრიდან დიდხანს ვუყურებდით ხოლმე მზით განათებულ აივანს, ჩვენი აზრითა და გამოთვლით, მისი რომ უნდა ყოფილიყო. ზამთარი იყო, თუ გვიანი შემოდგომა, არ მახსოვს, ვიცი, ბნელოდა ოთახებში, იმიტომ, რომ შუქი არ იყო, ხელებიც გაყინული გვქონდა ყველას, გიოს სახლის თეთრი კედელი კი მზიანი დამამახსოვრდა.

დავწერდი იმასაც, რომ ერთ დღეს "ათიანის" რედაქციაში, ახალი ნომრის აწყობისას, როცა არავის არავისთვის არა სცალია, თავზე დავადექი საქმეში ჩართულ რედაქტორს.

- ბატონო გია, ერთი რამ მინდა გკითხოთ, სულ ორი წუთი დამითმეთ, რა!

ის სულითა და ლამის სხეულითაც კომპიუტერის მონიტორშია გადასული, სადაც ჟურნალის გვერდებია გაშლილი. მეკითხება, რა მოხდაო და ისევ იქით გაურბის თვალი - საქმისკენ.

- გიო როგორია ცხოვრებაში?
- ძალიან კარგი მათთვის, ვისაც ახლობლად მიიჩნევს.
- და ვისაც ახლობლად არ მიიჩნევს?
- მათთვის ისეთი კარგია, როგორიც არის! - მიყურებს და აინტერესებს, რამ გამახსენა ახლა ეს გამოკითხვა, მერე ისევ ჟურნალს უბრუნდება და თითქოს სხვათა შორის ამატებს: - რამეს რომ გიყვება, ნახევარი წინადადებით უნდა გესმოდეს მისი. ორ სიტყვას რომ იტყვის, მესამე და მეოთხე თვითონ უნდა იცოდე.
ჯადოსნური სიტყვაც უნდა იცოდე ალბათ, ღიმილაკი მიჩნდება გულში - :))

ჯადოსნური სიტყვა ბევრია და თან შეუმჩნეველი. აბა, როგორ წარმოიდგენ, რომ აკა მორჩილაძის ჯადოსნური სიტყვა "პიასტერია". აზრადაც არ მოგივიდოდა, არა?
"პიასტერი კი იმიტომ არის ჯადოსნური სიტყვა ჩემთვის, რომ ამ სიტყვამ ძალიან ბევრი რამ შემიცვალა და გადამაწყვეტინა კიდეც. ბევრს ეხსომება, როგორ მთავრდება სტივენსონის "განძის კუნძული.

გამდიდრებულ ჯიმ ჰოკინსს მძინარეს ჩაესმის ხოლმე ცალფეხა მეზღვაურის თუთიყუშის, კაპიტან ფლინტის მჭახე ხმა:
- Piece of eight, piece of eight! (სხვანაირად, რვიანის ნატეხი, კიდევ სხვანაირად ესპანური ვერცხლის დოლარიანი).
ყოველთვის, როცა ეს ხმა ჩამესმისო, ამბობს ჩვენთან გამოთხოვების წინ ჰოკინსი, შეშლილივით წამოვჯდები ხოლმე ლოგინშიო.

თქმა არ უნდა, ეს ჯადოსნური სიტყვაა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. რადგან ოდესღაც ამ შეძახილმა წერის სურვილი გამიჩინა. პირდაპირ არ ვიცი, რა უნდა მეკეთებინა, იმ თუთიყუშს რომ არ დაეჩხავლა, - პიასტერები, პიასტერებიო. ალბათ, ფეხბურთის ყურების მეტს ვერაფერს გავაკეთებდი. თუ ეს რაიმეს გაკეთებად ჩაითვლება, რა თქმა უნდა"...

ისევ ფეხბურთი!
ცოტა რომ მაინც მესმოდეს რამე ამ ფეხბურთისა, იმასაც უკეთ გავიგებდი, რას სწერს ხოლმე "ათიანის" რედაქტორს ელექტრონული ფოსტით, მერე ის, რომ ღიმილ-ღიმილ კითხულობს და ალბათ ნახევარი წინადადებითაც იგებს ნათქვამს. გიორგი გორგოძემ - აი, ნახეო - წამაკითხა:

"სალამი ჩემო გია,
იხარე და იდღეგრძელე!
შევეცდები, ყოველივეს დროით.)) მოთხრობისა არ ვიცი. აღარც მახსოვს, მოთხრობა ბოლოს როდის დავწერე. ვერ ვიტყვი, რომ ამ კვირაში მოვასწრებ.))) ასეა თუ ისე, იმ ორ მასალას "ტკბილად მოგართმევ" დათქმულ დროს.
თბილისში კი ჩამოვალ მალე და იმედი მაქვს, მოგინახულებ.

რუნიმ თუ გაძლო ივნისამდე, დედას უტირებს. ერთი განახა, რას სჩადის. თუმცა, ნანახი გაქვს.))) ოღონდ სიტისთან ის ორი თამაში მართლა რაღაცა ძველი დროის საოცრება იყო. მართლა. "არსენალზე" კი ბედმა გამიღიმა და მოვხვდი.)))) ასე რომ.... ეგ რუნი კარგად ვიცი უკვე)))) ეგ არის, რომ ამბობენ, ახლა ფერგი გამოსწოვს და მერე მიუგდებს კაპელოსაო.))))
აბა, იხარე. გიო"

ან კიდევ:
"სალამი ჩემო გია,
კი მოვიფიქრებ რამეს "ათიანისთვის" უსიკვდილოდ, "ათიანშისთვის" სავარაუდოდ))))
ხოოოო, არდილესმა თქვა, მესი მარადონაზე მაგარიაო, მე ჯერ მაინც არ დავიჯერე.)))
თანაც, აბა, დიეგო როგორი გასაცვლელია. იხარე, ჩემო გია. გიო"

ამეებისა მართლა არაფერი მესმის, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი არმია ხომ გაიგებს... "არაფეხბურთული" კი "შენი თავგადასავალია":
"სულელი არ ვიყავი, თბილისში მწერლობა რომ გადავწყვიტე?" - მგონი, ამ გამონათქვამს ბევრი დაეთანხმება. თუ რა თქმა უნდა, არ ფიქრობს, რომ შედევრებს ქმნის. ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა.

ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. საქმე ისეა, რომ თუ აღიარებ, მწერალი ვარო, ისეთი რაღაცების დაჯერებას დაიწყებ და იმგვარი მიხრა-მოხრით დაეჩვევი სიარულს, მთელი ცხოვრება რომ დასცინოდი. ჩემი მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო. მწერლად ყოფნა კი ნამდვილად არ მინდა, რადგან ეს წერაში შემიშლის ხელს".

P.S. ერთი დღის ლოდინი არ დასჭირდა, ნახევარ დღეში მიპასუხა: "ბიოგრაფია  რამხელა უნდა იყოს?  რა ვიცი, შეგიძლია მოკლედ  დაწერო, რომ 30-მდე წიგნი მაქვს დაწერილი და  ზოგი უარესია, ზოგი უკეთესი და გაზეთებში ვმუშაობდი - ბოლო ათ  წელიწადს "სარბიელში". რომანებში ხანდახან "საბას" მაძლევდნენ ხოლმე. ახლა  ერთი ორი წელიწადია აღარაფერი დამიწერია. სხვა რა ვიცი, წერა მსიამოვნებს, მაგრამ  წერაზე უფრო გამოგონება მსიამოვნებს. შეიძლება  წიგნი ვერ გამომომივიდეს ისეთი, როგორიც მინდოდა, ან მივაფუჩეჩო, მაგრამ  გამონაგონი უკეთესია, მაინც ივარგებს. 

ეგ ჩემთვის  ყოველთვის სიამოვნება იყო, გამოგონება და წერა და არა შემოქმედებითი ამოცანების დასახვა და ასრულება და რაღაც ასეთი. ისე, წერა იოლად  გამომდის, რაღაცა გულახდილობა უნდა დაიჭირო და მერე წავა წყალივით. რავი, თუ ბიოგრაფიაა, ეს არი.)))) ინტერვიუ რამე-რუმე, თავიდან ვაძლევდი, ვისაც არ დაეზარებოდა, მერე კიდევ, მგონი, კაი ათი წელიწადია, აღარ მიმიცია, არც მანამდე მქონდა  რამე დიდად სათქმელი, და მერე კიდევ საერთოდ.))) ამიტომ, არ მინდა ხოლმე. )))
შენ არ იჯავრო, როგორც  დაგეწერინება, ისე დაწერე.)))".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები