"აჰა, შენ, ვარდი!" - კვირის პალიტრა

"აჰა, შენ, ვარდი!"

მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა კახა მიქაიამ, რომელიც იდეების ნაკლებობას არ უჩივის, მიხეილ სააკაშვილს ჯერ ვარდი მიართვა, შემდეგ ზუგდიდის ცენტრში, ხეებს შორის ჰამაკი გააბა და შიმშილობა გამოაცხადა.

- ბატონო კახა, რატომ ახვედით ხეზე საშიმშილოდ?

- ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლისგან, რომლებსაც ადამიანობა არ დაუკარგავთ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება აპირებს, დარგოს "ჩუპა-ჩუპსის" მსგავსი ხეები, რომელთაც ზუგდიდში პორნოგრაფიულ ხეებს ვეძახით, ხოლო მოჭრას ასწლოვანი, დადიანისეული უშველებელი ხეები. ისე, რომ ვერც გავიგეთ, ერთ დღეში, გამგეობის წინ მდგარი ასწლოვანი 7 კედარი მოჭრეს. ამტკიცებენ, კედარი ჯანმრთელობისთვის მავნებელი ხეაო. ზუგდიდის ცენტრში მოჭრეს უშველებელი მუხები და ჭადრები, სწორედ ამ ჭადრების ხეივნის გამო შეადარა კონსტანტინე გამსახურდიამ ზუგდიდი გოეთეს ვაიმარს. ესენი კი ამ ხეივანსაც ანადგურებენ.

სინოპტიკოსების თქმით, თუ ეს ხეები მოიჭრება, ზუგდიდში 12 გრადუსით მოიმატებს ტემპერატურა. მათთვის მთავარი ჯიბის გასქელებაა. იცით, რა ღირს ეს "ჩუპა-ჩუპსის" ხეები? თითო ნერგი 700 დოლარი. სწორედ ამიტომ გავჭიმე ხეებს შორის ჰამაკი და ერთი დღე-ღამის განმავლობაში ვიშიმშილე. არც წვიმას შევუშინდი და არც ქარს. გარდა ამისა, ეს ნაძირალა ხელისუფლება დადიანების სასახლეს და ბოტანიკურ ბაღს რუს ინვესტორებზე ასხვისებს. ეს ინფორმაციაც ნაციონალური კლანის წარმომადგენლებისგან მივიღე. ამას არ დავუშვებთ და სისხლის ბოლო წვეთამდე შევეწინააღმდეგებით.

- ვიცი, რომ მაისში ზუგდიდში, რესტორანში მყოფ მიხეილ სააკაშვილს წითელი ვარდი მიართვით.

- როდესაც სააკაშვილი ზუგდიდში ჩამოდის, ძმებ კოდუების რესტორან "მენძელში" მიირთმევს ხოლმე მეგრულ კერძებს. ერთხელაც ანაკლიიდან ზუგდიდში ჩამოვიდა და მთელი ამალით "მენძელში" შევიდა დასანაყრებლად. ეს ამბავი შემთხვევით შევიტყვე. რესტორნის გვერდით ყვავილების მაღაზიაა. შევედი, ვიყიდე უშველებელი წითელი ვარდი და მივადექი რესტორანში.

რა თქმა უნდა, დაცვამ არ შემიშვა, მაგრამ ხმამაღლა ვთქვი, რა გჭირთ, ჩვენს პრეზიდენტს ვარდი უნდა ვაჩუქო საქართველოს "დაჩმორებისთვის"-მეთქი. თბილისელ პოლიციელებს გაეცინათ, ხოლო ზუგდიდელებს შეეშინდათ. ამასობაში სააკაშვილიც გამოვიდა რესტორნიდან დაცვის თანხლებით და იგივე გავიმეორე, - მიშა, აჰა, შენ ვარდი, იმსახურებ საქართველოს "დაჩმორებისთვის"-მეთქი.

ამის თქმაზე დამესივნენ ცნობილი ზუგდიდელი პოლიციელის, თორიას ზონდერჯგუფის წევრები და ჩამტენეს მანქანაში. გადამიყვანეს მეორე ქუჩაზე და გამიშვეს. მივტრიალდი რესტორანთან და პარლამენტის წევრი ლაშა დამენია ვნახე. მივეცი ვარდი და ვთხოვე, სააკაშვილს გადაეცი-მეთქი. დამპირდა, გადავცემო.

ნინო მაისურაძე